GE

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2023 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ზუსტად 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტებმა 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს, გამოცდა კი ორ სესიად წარიმართა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი და დააგვიანა 5-მა აპლიკანტმა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები თავიანთ საკითხებსა და შეფასებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ:

პირველი სესია

ანანო ქირია – 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: რედაქტირებაში მშვიდობის ხიდის დაარსებაზე იყო საუბარი. ძირითადად, ვიპოვე სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული შეცდომები. კავშირის წინ არ ეწერა მძიმე. გამოტოვებული იყო ჩამონათვალთან ორი წერტილი. ასევე, რაღაც არქაული სიტყვა იყო შეცდომით და გავასწორე.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, კონკრეტულად ვწერე ეპიზოდი ავთანდილის და ასმათის შეყრის სცენა, იწყებოდა ავთანდილის დახასიათებით, როგორ გამოიყურებოდა იმ ეპიზოდში. მარტივი კითხვები იყო, თეზისი შეეხებოდა ადამიანის გრძნობებსა და საქციელს, რომელი უფრო გამოხატავს მის რაობას და რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ ავირჩიე, ამ თემაზე მომიხდა წერა. საკმაოდ მარტივი დავალება იყო.

ანამარია მეტრეველი – გორის მესამე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: არაპროგრამულიდან იყო კითხვები აკაკი წერეთლის ნაწარმოებ „როსტომ ერისთავზე”. წერითი დავალების შესრულება არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პარალელები გავავლე. ამპარტავნობაზე მოვიყვანე „დიდოსტატიდან“ ფარსმან სპარსის მაგალითი, რადგან ზუსტად პასუხობდა დავალების არსსა და შინაარსს. ჩვენ გვახსოვს, რომ ხალხი აკეთებდა იმდენს, რომ დაპირისპირება გასჩენოდათ როსტომ ერისთავსა და ჯაფარ ჯაფარიძეს, ფარსმანსაც ჰქონდა მცდელობა, მეფე გიორგისა და არსაკიძეს შორის ბზარი გაჩენილიყო.

გიორგი ცუცქირიძე – 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: რედაქტირების შეცდომებს გავიხსენებ. “ცალ ცალკე” ასე ეწერე. შეცდომით იყო სიტყვა „განევითარებიათ“, შევცვალე სიტყვით განევითარებინა. რომ კავშირთან იყო გამოტოვებული მძიმე და ჩამონათვალთან ორი წერტილი უნდა დაგვესვა.

„ვეფხისტყაოსნიდან“ წაკითხულის გააზრებაც მარტივი იყო. ძირითადად, ავთანდილისა და ასმათის ემოციებზე იყო მოცემული შეკითხვები. რაც შეეხება თხზულებას, დავწერე, რომ გრძნობები და საქციელი მტკიცდება ქცევით და მოვიყვანე 2 არგუმენტი. ერთი ლეონიძის „მარიტადან“, მეორე ბერძნული მითოლოგიიდან, ტროას ომიდან.

მაია სტურუა – ქუთაისის 23-ე საგამოცდო ცენტრი: რთული არ იყო, ყველაფერი დავწერე. რედაქტირებაც მარტივი იყო. აკაკი წერეთლის მოთხრობა იყო მოცემული – „როსტომ რაჭის ერისთავი“ – და „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო მონაკვეთი, ავთანდილი ტარიელს რომ ეძებს. თავისუფალ თემაში არაპროგრამული საკითხი ვარჩიე, თეზისი უფრო მომეწონა, ამპარტავნობაზე იყო, დღევანდელობას შეესაბამებოდა. სხვა საკითხებიც არ გამიჭირდა.

თაკო ნონიკაშვილი – გორის მესამე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა, ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა გამოქვაბულში. თემა იყო დასაწერი, რამდენად აქტუალურია თანაგრძნობა. მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მონაკვეთიდან, რადგან დღეს ძალიან აქტუალურია ეს საკითხი და ძალიან ბევრი პარალელის მოყვანა შევძელი. დღევანდელობასთან კარგი პარალელია როგორც „იგი“ – იმიტომ, რომ ადამიანები განსჯიან ერთმანეთს იმის გამო, რომ არ აქვთ ერთნაირი ინტერესები. იგის არ იღებდნენ იმის გამო, რომ განსხვავებული იყო – ეს ერთი პარალელი იყო და მეორე, ფრაზა მიწერია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორის იოსებ, სოსო ალიმბარაშვილის, ის სულ ამბობდა ხოლმე: „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაამძიმებ ამ წუთისოფელს, მთავარია, როგორ იცხოვრებო“ და მართლაც, იმისთვის, რომ გახდე ადამიანი და იცხოვრო, უნდა ისწავლო ჯერ მოსმენა, თანაგრძნობა და შემდეგ განსჯა. 

ნიკა ილურიძე – გორის მესამე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: მთელი სერიოზულებით ვაცხადებ, რომ გამოცდა იყო უადვილესი. ასეთი ადვილი არასოდეს არაფერი დამიწერია. მასწავლებელმაც კი გამაფრთხილა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მოვიდოდა და განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით მქონდა გამახვილებული. რედაქტირებაც ადვილი იყო, 16 შეცდომა უნდა გვეპოვა და 14 ვიპოვე. ძირითადად სასვენი ნიშნები აკლდა. გააზრებაც ადვილი იყო, რადგან იქ გადმოცემული იყო, რა საკითხზე საუბრობდა პერსონაჟი და რა სიტყვებს იყენებდა. იყო ეპითეტები, მეტაფორები და ასეთები.

ნანა მუჯირი – ქუთაისის 23-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: „ვეფხისტყაოსნიდან” იყო ავთანდილის შეხვედრა ტარიელთან, მაგრამ ეს არ დამიწერია, არაპროგრამული დავწერე. ამპარტავანი ადამიანი თავისი თავისთვისაც ცუდია და სხვისთვისაც. მეორე იყო თეზისი იყო – გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია ადამიანთა ურთიერთობაში თუ საქციელის განსჯაო. არც რედაქტირება გამიჭირდა, სიგრილეც იყო და კმაყოფილი ვარ.

ანა კაკაჩია – 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: თხზულება ავირჩიე პროგრამულიდან. თანაგრძნობა, ქცევები და გრძნობები – ეს სამი საკვანძო საკითხი იყო მოქცეული ერთ თემაში. გამოვყავი ავთანდილის ყველა ის თვისება, რომელიც ხაზს უსვამდა მის თანამგრძნობ ხასიათს. შემდეგ უკვე ვისაუბრე, რატომ არის საჭირო ქცევით გავამყაროთ სიტყვები. სიტყვების მნიშვნელობის საჩვენებლად არგუმენტად მოვიყვანე ო ჰენრის მოთხრობის პერსონაჟი და ციტატა: „არასოდეს დაკარგო შანსი კეთილი სიტყვის თქმის“. მარტივი იყო ეს დავალებაც. არაპროგრამული არ ავირჩიე, რადგან პროგრამულში უკეთ ვიყავი მომზადებული. ყველა კარგად დაწერდა. მე კმაყოფილი ვარ და მაღალ შედეგს ველოდები.

მეორე სესია

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 94%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.

ელენე ინჯიბაძე, აბიტურიენტი გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: თხზულებად მოვიდა შუშანიკის წამება და  ბესიკ ხარანაულის ლექსი “კარტოფილების ამოღება”. თემა დედა-შვილობაზე უნდა გვეწერა. მე შუშანიკის წამება დავწერე, რადგან თემა კარგად ვიცოდი. ტექსტის გააზრება არ გამჭირვებია, რადგან ნაცნობი საკითხი იყო. ესე შემხვდა – “ღირსეული ადამიანები ხშირად მარტო რჩებიანო”. გავავლე პარალელები მაცხოვართან და თვითონ შუშანიკიც ჩავურთე ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გამოცდის სირთულეს, გეტყვით, რომ არ ვემზადებოდი და არც მერთულა. ჩემთვის უცხო გარემო იყო, მაგრამ ჩემი გონებით დავწერე ყველაფერი.

თამარ არაბული 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: მე შუშანიკის წამება ვწერე. ესეს კითხვა კი შეეხებოდა იმას, რჩება თუ არა მარტო ღირსეული ადამიანი. ჩემი აზრით, ძალიან მარტივი თემა იყო. მე კონტრარგუმენტები მოვიყვანე და დავწერე, რომ ადამიანი მარტო რეალურად არასდროს რჩება, მას ყოველთვის ჰყავს ვიღაც, ვინც განსაცდელში დაეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, ღირსებულია ის, თუ არა. პარალელი იესო ქრისტესთან გავავლე და კიდევ ერთი მაგალითი სტუმარ-მასპინძლიდან მოვიყვანე. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად კონტრარგუმენტებით ვიმსჯელე, არ გამოვრიცხავ, ცუდად შემიფასონ.

ელენე შავგულიძე, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: ღირსეული ადამიანები განსაცდელის წინაშე მარტონი ხშირად რჩებიან – ეს იყო ესეს თემად დასაწერი და დავწერე. თხზულებას რაც შეეხება, პროგრამული იყო “შუშანიკის წამება”, არაპროგრამულიდან ხარანაულის “კარტოფილების ამოღება”. მე პროგრამულ თემებზე ვიმუშავე. რედაქტირებას რაც შეეხება, ყველა გავასწორე. მაგალითად ახალ-ახალი რომ ტირეთი უნდა დავწეროთ, მძიმეები იყო დასასმელი ,,რაც”, ,,თუ”, ,,რომელის” წინ. საერთო ჯამში, არ იყო რთული.

ელენე აბრამიშვილი, მუხიანის საგამოცდო ცენტრი: რედაქტირებაში, “და” კავშირის წინ უნდოდა მძიმე. ასევე, კითხვა-ძახილის ნიშანი იყო გამოტოვებული და შორისდებულთანაც მძიმე უნდა დაგვესვა. ძირითადად იყო გამოტოვებული სასვენი ნიშნები. ასევე, სიტყვა “რომელთათვისაც” ეწერა შეცდომით. თხზულებად შევარჩიე პროგრამული თემა, “შუშანიკის წამებიდან”. კითხვები იყო ასეთი: რატომ უხდის ბოდიშს ვარსქენი შუშანიკს, რა თვისებები გამოამჟღავნა შუშანიკმა… აქცენტი გავაკეთე შუშანიკის მიმტევებლურ ხასიათზე და არგუმენტად მოვიყვანე მიმტევებლობის შესახებ ციტატა ბიბლიიდან.

საბა ყურაშვილი, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: ბესიკ ხარანაულის ლექსი იყო “კარტოფილების ამოღება,” სადაც მიწასთან მუშაობის პროცესი იყო აღწერილი. თეზისი იყო ასეთი, რომ უფროს ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და ურთიერთობა ახალგაზრდა თაობებთან. მოვიყვანე რამდენიმე მაგალითი – 2 ფილმიდან და ერთი პირადი გამოცილებიდან, მე როგორ ვექცევი უფროს თაობას. ძალიან მარტივი თემები იყო და ყველა დაწერდა”

ხვალ, 4 ივლისს, აბიტურიენტებისთვის გამოცდა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისევ ორ სესიად ჩატარდება. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება, ზაფხულის გამოცდები კი – 28 ივლისს.

ასევე იხილეთ:

„შუშანიკის წამება“ და ბესიკ ხარანაულის ლექსი – ქართულის გამოცდის მეორე სესიის აბიტურიენტებმა გამოსვლა დაიწყეს

აკაკი წერეთლის მოთხრობა და „ვეფხისტყაოსანი“ – რა საკითხები ახსოვთ ქართულის I სესიიდან გამოსულ აბიტურიენტებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური