GE

„ერთი ამოსუნთქვით დავწერე“ – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ისტორიის I სესიაზე

დღეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ისტორიას აბარებენ. წელს ისტორია არჩევით საგნად ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა დააფიქსირა და მას 12 500-მდე აპლიკანტი აბარებს.

ისტორიის გამოცდის პირველი სესიიდან აბიტურიენტებმა გამოსვლა დაახლოებით 1 საათში დაიწყეს. მათ საგამოცდო საკითხებზე EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს.

175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიორგი ნეფარიძე: ,,დაახლოებით იგივე ტესტები იყო რაც შარშან, 29 დახურული შეკითხვა იყო. ბრძოლების ამსახველი ნახატები იყო და უნდა გამოგვეცნო. ასევე ტექსტი ისტორიული წყაროებიდან, რომელზეც უნდა გვემსჯელა. ტექსტის შინაარსი არ მახსოვს. რთული არაფერი არ იყო ჩემი აზრით.”

გიორგი გიგდელიანი: ,,პლაკატი იყო ბოსტონის ჩაის სმა. ბაგრატ IV-ზე და ლიპარიტ ბაღვაშზე იყო ბოლო დავალება. უფრო მეტად მსოფლიოს ისტორიოდან იყო საკითხები. ქრონოლოგიური დავალება მარტივი იყო ჩემთვის, მარტივად გასახსენებელი თარიღები იყო. მეტ-ნაკლებად მარტივი გამოცდა იყო.”

ნინო კუჭაშვილი: “რუკა იყო ჩინგიზ ყაენის დაპყრობილი ტერიტორიების შესახებ, ქრონოლოგიური დავალება იყო მეორე მსოფლიო ომზე. კარიკატურა იყო დაზავებაზე, ოღონდ რომელი ზავი იყო სახელი არ მახსოვს. რთული ტესტი არ ყოფილა, მაგრამ უფრო მეტი მსოფლიოს ისტორიკდან იყო დასაწერი.”

აბიტურიენტები კმაყოფილები გამოვიდნენ გორის საგამოცდო ცენტრიდან. როგორც ისინი ამბობენ, ყველა საკითხი ნაცნობი იყო, ამიტომაც გამოცდა მარტივად დაწერეს.

თათული ბერიძე: ,,ქართლის ცხოვრება იყო წყაროდ მოყვანილი, რუკა იყო მარკო პოლოს მოგზაურობა და ჩინგის ყაენზე. ძალიან ადვილი გამოცდაა, თან ბარიერიც ძალიან დაბალია და ამის გადალახვაც არ გაჭირდება. ისტორიაში ძლიერი ვარ და ამიტომ კმაყოფილი გამოვედი გამოცდიდან.”

გივი მაზმიშვილი: ,,მარტივი გამოცდაა. შევედი თუ არა ეგრევე წყაროს ამოხსნა დავიწყე. სხვა დანართი ვარაუდით. ბარიერი 18-ია და გადავლახავ. ნეტა სხვა საგნებიც ასეთი ადვილი იყოს. ყველა საკითხი გავლილი გვაქვს სკოლაში და ამიტომ გამიადვილდა გამოცდა.”

ქეთი ტერტეროვი: ,,ვნერვიულობდი გამოცდაზე, მაგრამ ისეთი ადვილი საკითხები იყო ერთი ამოსუნთქვით დავწერე. ერთი საათიც არ დამჭირდა. დრო დამრჩა ბევრი. რუკა იყო მარკო პოლოს მოგზაურობაზე და ამას ვინ ვერ დაწერს.”

ირინა ჭიბუტი: ,,უცბად ჩავარიხინე ყველა საკითხი და გამოვედი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. სექტორშიც ყველაფერი რიგზეა, სიმშვიდეა და ყველა პირობაა შექმნილი სამუშაოდ. დავწერე წყარო, შემდეგ რუკაც ამოვხსენი და გამოვედი. ბარიერი დაბალია და ვფიქრობ ყველა გადალახავს.”

გორელი აბიტურიენტებისგან განსხვავებით, ტესტებს არცისე მარტივად აფასებენ 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები:

“რთული არ იყო, რადგან ყველა საკითხი ნაცნობი იყო ჩემთვის. საქართვველოს ისტორიიდან იყო წყარო ლიპარიტ ბაღვაშის ბრძოლის შესახებ სახელმწიფოს წინააღმდეგ და აქედან იყო დახურული კითხვები. ფოტოები იყო კონტინენტური ბლოკადის შესახებ და უნდა ამოგეცნო რას ეხებოდა, საშუალო სირთულის ტესტად შევაფასებდი,” – 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი.

ქეთი ნადიბაიძე: “ჩემთვის ყველაზე რთული რუკა იყო, უნდა ამოგეცნო დამპყრობელი და მის მიერ დაპყრობილი ქალაქები. ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებულ კვების ტალონებზე,ზოგადად რთული საკითხები არ იყო, თუ იცი ისტორია.”

მალხაზ ამანათიძე: “დღეს როგორც იქნა დასრულდა ეს საგამოცდო პროცესი, ჩემი თავით არ ვარ კმაყოფილი უკეთეს შედეგებს ველოდებოდი. ისტორიაში არც ერთი არ იყო ისეთი საკითხი, რომ აბიტურიენტს არ სცოდნოდა, მაგრამ ცოტა დავიბენი მეგონა არაფერი აღარ მახსოვდა, მიუხედავად ამისა, ყველაფერი დავწერე. კარიკატურაში “ბოსტონის ჩაის სმა” მომივიდა წელი ვიცოდი, მეორე კარიკატურა იყო რაღაც დეკლარაცია და ვერ გავიხსენე ნერვიულობის ფონზე.”

გიორგი ამონაშვილი: “საკითხები იყო ისეთი, რომ აუცილებლად მოითხოვდა ცოდნას, ანუ მხოლოდ ლოგიკით და ვარაუდებით ამ ტესტს ვერ დაწერდი. კახეთის მეფეებზე იყო კითხვები და ეს მარტივი იყო ჩემთვის. რუკა იყო ჩინგიზ ყაენის ბრძოლების და დაპყრობილი ტერიტორიების შესახებ, ესეც მარტივი იყო. ვინც ცოტა აზროვნებს, გადალახავს.”

“კარიკატურა ერთი იყო “ბოსტონის ჩაის სმა”, მეორე ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერა. ერთი საკითხი მახსოვს კიდევ, უნდა მიეცათ მოქალაქეობა რომის არამოქალაქეებისთვის. მე-11 კლასის მასალა იყო,” – გვითხრა173-ე სკოლის ცენტრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

207-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები ამბობდნენ, რომ მხოლოდ მონოშვნები გააკეთეს, რადგან არ იცოდნენ მასალა, შესაბამისად, გამოცდა მათთვის რთული იყო.

,,ვინც იცოდა, ალბათ, მარტივი იყო მისთვის. მე, სპორტსმენი ვარ და უბრალოდ გამოვედი გამოცდებზე. არაფერი მეცნო მასალიდან სწრაფად შემოვხაზე და გამოვედი. აზრი არ ჰქონდა ტყუილად გაჩერებას“ – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

გიორგი ლიპარტელიანი: ,,რუკა ძალიან მარტივი იყო, მონღოლებზე, ჩინგის ყაენზე. კარიკატურები ამერიკის კოლონიზაციაზე. ჯამში, ტესტი საშუალო სირთულის იყო და ერთი საათით ადრე შევძელი დამესრულებინა.“

ელენე ტატუნაშვილი: ,,რუკა იყო მონღოლებზე, ჩინგის ყაენის პერიოდი და სიკვდილის შემდეგ, მისი მემკვიდრეების ლაშქრობებით იყო ასახული. ილუსტრაციებიდან ერთ-ერთი იყო ბოსტონის ჩაის სმა, მეორე კი ტალონებზე, რომელიც საკმაოდ გამიჭირდა და ერთადერთია რაშიც ეჭვი მეპარება. არგუმენტაცია კი 212 წელზე იყო კალაკალას ედიქტზე, მოქალაქეობასთან დაკავშირებით, მეორე კი გიორგი მესამეზე, დიდებულები რომ ჩამოიშორა. წყარო კი ლიპარიტ ბაღვაშისა და ბაგრატ მეფის ურთიერთობას ეხებოდა. საბოლოო ჯამში საკმაოდ ადვილი იყო.“

პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 97%- ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა, ნიკა გაბლიშვილმა, თამთა ვირსალაძემ და თამარ მუკბანიანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური