მოსწავლე: დამინახავს გოგონა, რომელსაც სკოლაში შიმშილისგან გული წასვლია
„დღეს, როცა ბუფეტი სკოლებში არ არის, მაინც არავის მიგვაქვს სახლიდან საჭმელი, რადგან მარტო შენ რომ მიიტანო საჭმელი და სხვას არ ჰქონდეს, ძალიან ისეთი სიტუაციაა…“, – ამ უხერხულობის შესახებ, 21 იანვარს, გადაცემაში “რეალური სივრცე” სკოლის მოსწავლემ, ელენე კვინიკაძემ ისაუბრა, სადაც სკოლებში უფასო კვების შეტანის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ.
მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როდესაც შიმშილის პრობლემა არ არის, გაკვეთილებზე და სწავლაზე კონცენტრაცია გაუმჯობესებულია, რაც შემდეგ შედეგებზეც აისახება. მათი თქმით, „საჯარო სკოლაში, უკვე მესამე გაკვეთილზე, გეოგრაფიის და ისტორიის ნაცვლად, საჭმელზე ფიქრობ“.
ანა მაღრაძემ საკუთარი მაგალითი გაიხსენა და ახსნა, თუ რა გამოვლინება აქვს მოსწავლეებში შიმშილის გრძნობას.
“ეს პრობლემა დიდი ხანია, რაც არსებობს და ყველას გამოუცდია. ჩვენ, თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ვსწავლობთ და ძალიან ხშირად, არა მარტო მე, ყველა მოსწავლეს, არამხოლოდ დაუნახავს, თვითონაც გამოუცდია შიმშილის გრძნობა. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეუძლია მოსწავლის ოჯახს უზრუნველყოს მისი კვება, ეს შესაძლოა, ყველას დაემართოს. შიმშილს ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს. თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, კონცენტრირების დაკარგვა. მეც ძალიან ხშირად, იმის გამო, რომ მომშიებია და არ ყოფილა შესაძლებლობა, რომ მეყიდა, ან ფული დამრჩენია, ან არ ყოფილა ისეთი საკვები, რომელიც ჯანსაღია, მეც გამომიცდია ასეთი სიტუაცია. ბევრი დამინახავს ამ სიტუაციაში. დამინახავს გოგონა, რომელსაც შიმშილისგან გული წასვლია, მუცლის ტკივილიც და ასე შემდეგ”, – თქვა გადაცემაში სკოლის მოსწავლემ.
2022 წლის ოქტომბერში EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რომ სკოლებში უფასო კვების შეტანისთვის მომზადებული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს, ჯერ ისევ განხილვების ეტაპზეა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება