GE

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 იწყება

4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყება და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. სავარაუდოა, რომ დაინიშნება დამატებითი სესიებიც, რომელთა ჩატარების განრიგიც ასევე წინასწარ გამოცხადდება. (დამატებითი სესიების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს გამოსაცდელის კოვიდდადებითობაც. ავტ.)

2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეირჩა 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც გახსნილია მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, ახალციხე, თელავი, ოზურგეთი და ასევე დაბა ხულო.

სიახლეები

წელს მოხსნილია საგამოცდო ცენტრებში პირბადის ტარების ვალდებულება და გაუქმდა გამოსაცდელთა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, საგამოცდო სექტორში განთავსებულ მაგიდებს აღარ ექნებათ დამცავი ფარები.

წელს პირველად ჩატარდება გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის პროფესიულ უნარებში.

წელს, ასევე პირველად ტარდება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის, საუბარია ორ, საგნის გამოცდასა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებაზე.

შინაარსობრივი ცვლილებები შევიდა აბიტურიენტების რამდენიმე გამოცდის ტესტურ დავალებებში.

წელს ისევ გაიზარდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების არჩევანის შესაძლებლობა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს, მესამე ჩასაბარებელ სავალდებულო საგნებს შორის, გარდა მათემატიკის ან ისტორიისა, მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ. ისევ დაემატა საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

გამოცდების პროცესში ჩართული უწყებები

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის წელსაც შექმნილია სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს მაგთიკომის, შპს „სქაიტელისა“ და სს თელასის წარმომადგენლები. აღნიშნული უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ზედამხედველობას უწევენ გამოცდების მიმდინარეობას.

იხილეთ ყველა გამოცდის განრიგი დეტალურად

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური