GE

„…ეს არ შეიძლება!“ – ამირან გამყრელიძე სტუდენტებს მიმართავს

“არ შეიძლება სტუდენტი დავუშვათ პაციენტთან თუ ის არ არის ვაქცინირებული”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 18 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირიბი ფორმით იმუნიზაციის დავალდებულება შესაძლებელია.

მისი განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის სავალდებულო იმუნიზაციის თაობაზე მიმდინარეობს დებატები და გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო პრინციპის შემოღებას ის მხარს უჭერს და ამერიკისა და იტალიის შემდეგ, საქართველოში პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაცის შემოღება “ქართული ველოსიპედის გამოგონებად არ ჩაითვლება”.

“მინდა მივმართო ჩვენს სტუდენტობას! 28%-ია მხოლოდ სტუდენტების აცრილი. მინდა მივმართო განსაკუთრებით სტუდენტებს, ვინც სწავლობენ სამედიცინო ფაკულტეტებზე: არ შეიძლება, რომ მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი არ იყოს აცრილი, სტუდენტი ვერ უნდა შედიოდეს კლინიკაში თუ ის აცრილი არ არის, იმიტომ, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. ამ ტიპის ირიბი მანდატორიზმი შემოსატანია”, – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძეს არც ამჯერად დაუკონკრეტებია აცრილი სტუდენტების 28%-ში ორჯერადად ვაქცინირებული პირები იგულისხმა თუ ერთჯერადად, მაგრამ ნათელია, რომ მის მიერ დასახელებული მონაცემი, არც ერთ შემთხვევაში არ არის სახარბიელო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ეტაპზე არსებული გეგმით, გასული პერიოდის მსგავსად, სკოლების ტოტალურად დახურვა და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ განიხილება, მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული, რაც ხდება კიდეც ამჟამად.

ასევე იხილეთ:

„ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, ყველა მშობელი, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური