„ეს არღვევს სტრუქტურას და ტექსტს „ნაწვალების“ ელფერს აძლევს“ – რჩევები აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდამდე
ავტორი: მეგი კაზეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკიხველისათვის:
ლიტერატურის გამოცდას ხშირად უწოდებენ „დევს“, რომელთან მორევაც ყველას ეძნელება. რატომ არის მსგავსი შეხედულება და რატომ არის რთული ამ დევის დამარცხება?! მოცემულ სტატიაში წარმოდგენილი რჩევები ამ დაბრკოლების წარმატებით გადალახვაში დაგეხმარებათ.
საუბარი დავიწყოთ გამოცდის ფორმატით. ლიტერატურის გამოცდაზე თქვენ გაქვთ დრო 4 საათი, ეს საკმარისზე მეტია, თუ სწორად გამოიყენებთ. გამოცდა იწყება შეკითხვებზე პასუხით. გამოცდაზე დაგხვდებათ როგორც დახურული 20 შეკითხვა, ისე ღია შეკითხვები. თითოეულ ტექსტზე შეიძლება შეგხვდეთ ერთი ან რამდენიმე შეკითხვაც კი. დრო რომ არ დაკარგოთ, უმჯობესია, თუ დახურულ შეკითხვებზე პასუხს მაშინვე გადაიტანთ და ღია შეკითხვებს შავ ფურცელზე არ დაწერთ. შესაძლოა, რომელიმე შეკითხვა გამოტოვოთ და შემდეგ გადაწყვიტოთ მასთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ნუმერაციას, რათა სწორი პასუხი სხვა შეკითხვის პასუხად არ დაწეროთ და არ გაგინულდეთ, ანდაც არ დაკარგოთ დრო პასუხების ფურცლის შეცვლაზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გაგიადვილდეთ?!
1. გაიაზრეთ შეკითხვა სწორად, გაანალიზეთ რომელ ავტორზე, რომელ ტექსტზე გეკითხებიან, არის მოცემული მონაკვეთი და იქიდან უნდა უპასუხოთ, თუ გჭირდებათ ტექსტის გახსენება? ხომ არ არის შეკითხვა ისე ფორმულირებული, რომ გჭირდებოდეთ მიმდინარეობის გახსენებაც?
2. „ყველა შეკითხვა მარტივიას პრინციპით“ მიუდექით. ვინაიდან ზოგჯერ პასუხი მართლაც ძალიან მარტივია, ეს აბიტურიენტებს ვერ წარმოუდგენიათ და ცდილობენ იპოვონ სხვა პასუხი, რომელიც რეალურად არასწორია.
3. ეცადეთ თქვენი პასუხი იყოს მკაფიო, ზუსტი და კონკრეტული. უნდა უპასუხოთ ზუსტად და მხოლოდ იმას, რაც შეკითხვაშია, ზედმეტი ინფორმაციისთვის ქულას არ მოგიმატებენ, თქვენ კი დროსაც დაკარგავთ და საკითხსაც გადაუხვევთ.
შეკითხვების შემდეგ თქვენ შეგხვდებათ წერითი დავალება, რომლის მაქსიმალური ქულაც გახლავთ 30. მოცემული იქნება ორი ტექსტი, ორივე არაპროგრამული ან ერთი არაპროგრამული.
რა უნდა გააკეთოთ და რა თანმიმდევრობით:
1. უმჯობესია თუ ჯერ წაიკითხავთ ტექსტების ბოლოს მოცემულ სამ მითითებას, რადგან გეცოდინებათ ტექსტის კითხვის დროს რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
2. წაიკითხეთ აუცილებლად ორივე ტექსტი და შემდეგ დაიწყეთ თემის წერა.
3. ეცადეთ შესავალი იყოს მოკლე და ლაკონიური, ისევე, როგორც მთლიანი ტექსტი. შესავალში შეგიძლიათ მოკლედ დასვათ საკითხი მოცემული ტექსტების საერთოზე, ანუ ორივეს მთავარი სათქმელის თემაზე.
4. არ ისაუბროთ მხოლოდ ტექსტის შინაარსზე, თქვენ მთავარი სათქმელის გამოყოფა გევალებათ (დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რაზეა მოცემული მონაკვეთი, რისი თქმა, ჩვენება სურს ავტორს ამ ტექსტით).
5. ეცადეთ, მხატვრული ხერხები არ იყოს მოცემული ჩამონათვალის სახით, ეს არღვევს სტრუქტურას და ტექსტს აძლევს „ნაწვალების“ ელფერს. ავტორის სტილსა და მხატვრულ ხერხებზე საუბრისას კარგი იქნება, თუ მას შინაარსშივე ჩართავთ და არ ჩამოთვლით ბოლოს.
6. აუცილებლად დაიცავით აბზაცების გამოყოფის წესი, ციტირების წესი, სტრუქტურული ელემენტები არ გამოტოვოთ (მაგ. დასკვნა)
7. ზოგადი განათლება ბევრი კუთხით შეიძლება გამოავლინოთ. მაგალითად, შეიძლება თემის შესავალში გეწეროთ ციტატა, რომელიც მთავარ სათქმელებს უკავშირდება, ან უბრალოდ გეწეროთ ტექსტში ციტატა. ანდაც ტექსტებთან მიმართებით ახსენოთ ისეთი რამ, რაც გამოვლენს თქვენს ცოდნას (მაგ. ახსენოთ მოცემული ავტორის მიმდინარეობა და ა.შ.)
8. თემი დასრულების შემდეგ იყავით თქვენი ტექსტის პირველი რედაქტორები.
ყველაფერი ბევრად მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, მოიხსენით ნერვიულობა და გამოცდა წერეთ ისე, თითქოს ერთ-ერთ დავალებას წერდეთ, სახლში.
გისურვებთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას!
დაე, იღბალი მუდამ თან გდევდეთ!
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
როგორ დავიმსახუროთ მაღალი ქულა – ძლიერი აკადემიური ფრაზები ესეს წერის გასაუმჯობესებლად
by რჩევები
-
როგორ დავწეროთ ესე – მთავარი ელემენტები და რამდენიმე ძირითადი პრინციპი
by აბიტურიენტებისათვის
-
მართლწერის წესები და სავარჯიშოები – რიცხვითი სახელების მართლწერა აკადემიური წერისას (I)
by აბიტურიენტებისათვის