GE

„ეს არის დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“ – NAEC ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ ტესტებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

7 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აზერბაიჯანულ ენაზე ზოგადი უნარების ტესტების შესახებ, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარყოფს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

NAEC აცხადებს, რომ „გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია აზერბაიჯანულენოვანი საგამოცდო ტესტის პასუხების შესახებ, დეზინფორმაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს“.

EDU.ARIS.GE 8 აგვისტოს გამოცდების ცენტრს დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით დაუკავშრდა. ჩვენ გვაინტერესებდა არის თუ არა დაწყებული გამოძიება ან სხვა ტიპის მოკვლევა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, საკითხზე მათი მხრიდან ჯერ მხოლოდ ერთი განცხადება არსებობს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

გამოცდის პირველადი შედეგების ანალიზის მიხედვით, სტატისტიკა იმის მსგავსია, როგორიც წინა წლებში იყო. აზერბაიჯანულენოვანი ტესტი წელს წერა 2138-მა გამოსაცდელმა, მათგან ზღვარი ვერ დაძლია 931-მა აპლიკანტმა. მაშინ, როდესაც ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, ყველაზე მაღალი, 75 ქულის, მიღება შეძლო მხოლოდ ერთმა გამოსაცდელმა. საშუალი ქულა გამოვიდა 29,92.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს ყველა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტისათვის უზრუნველყო ერთი ტესტის მომზადება და გამოსაცდელებმა ის ერთდროულად წერეს, რაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფდა თანაბრობის დაცვას. გარდა ამისა, ტესტის თარგმნისას ცენტრს შემუშავებული აქვს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ტესტის დავალებების კონფიდენციალურობას. თარჯიმანი ტესტს თარგმნის მხოლოდ საგამოცდო ცენტრში, ტესტის შემდგენლების თანდასწრებით. მას არ აქვს ტესტის არც ბეჭდური და არც ელექტრონული ვერსია. ზოგადი უნარების ტესტის სპეციფიკიდან გამომდინარე და დავალებათა სიმრავლის გამო ტესტის დაზეპირება თარგმნისას ყოვლად შეუძლებელია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას ენდოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და არ აჰყვეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებს“, – ნათქვამია გამოცდების ცენტრის 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

„ფაქტია, გამოცდაზე შესაძლებელია ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური