GE

„ეს მიანიშნებს, რომ სკოლებსა და ბაღებში ჰიგიენური ნორმების დაცვა პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული“ – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI კოვიდ-19-ის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე კვლევას აქვეყნებს. მათ შორისაა ის შესყიდვები, რომლებიც სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გასარემონტებლად განხორციელდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, 41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით, სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება შეიძინა. გადაუდებელი აუცილებლობა კი, ხშირ შემთხვევაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით დასაბუთდა.

„ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი კი ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ ის გარემოება, რომ შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად პანდემიის პირობებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის პრიორიტეტულობა სახელდება და ასევე შესყიდვების მასიურობა მიანიშნებს, რომ პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული და პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული.

მათივე თქმით, კრიზისმა აჩვენა, რომ სკოლებისა და ბაღების დიდი რიცხვი არ იყო მომზადებული გამოწვევისთვის და წინა სასწავლო წელს ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას უწევდა ისეთ სკოლასა თუ ბაღში სწავლა, სადაც სველი წერტილები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს.

კვლევაში მაგალითად წარმოდგენილია რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელმაც პანდემიის პირობებში სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის შესყიდვები განახორციელა. IDFI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ კომპანიები და მათი მფლობელები, რომლებმაც ეს შესყიდვები განახორციელა, დაკავშირებული არიან სახელისუფლებო პარტიასთან ფინანსური კუთხით.

„კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. წალენჯიხისა და ზუგდიდის შემთხვევებმა ნათლად გამოკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად გამარტივებული შესყიდვები გამოიყენება თანამდებობის პირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორებისთვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესის გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას.

“ამასთან, პანდემიის გამო, სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გადაუდებელი აუცილებლობით შეკეთების საჭიროება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის და საჭიროებს სისტემურ მიდგომას“, – ვკითხულობთ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური