GE

„ესაა პოლიტიკოსის განაცხადი და არა აღმასრულებელი ხელისუფალისათვის დამახასიათებელი სამოქმედო გეგმა“ – ჩხენკელის გეგმის ნაკლოვანებები

თაროზე შემოსადებად განწირული თუ შესრულებადი – განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის აღსრულების პერსპექტივებს განათლების სფეროს სპეციალისტები აფასებენ და ამბობენ, რომ პრეზენტაციამ უპასუხო კითხვები გააჩინა. იმედოვნებენ, რომ წამოწყება, რომელსაც დოკუმენტის სახე, ჯერ-ჯერობით არ აქვს წინამორბედების მიერ შემოთავაზებულების ბედს არ გაიზიარებს და უბრალოდ გამოუყენებელ დოკუმენტად არ დარჩება.

სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს, საკმაოდ წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სფეროს სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და ა.შ.

ჩხენკელის  მთავარი მიზანი, როგორც პრეზენტაციიდან გაირკვა, განათლების თითოეულ საფეხურზე ხარისხის ზრდაა. პრეზენტაციაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მოკლედ და ზოგადად წერია. საუბარია პედაგოგების მხარდაჭერაზე, ხარისხიან სახელმძღვანელოებზე, სისტემის განვითარებაზე, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვაზე, სოფლის სკოლების ხელშეწყობაზე, პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე და ა.შ. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერია ახალი, ინოვაციური და ისეთი, რაზეც ჩხენკელის წინამორბედი მინისტრებიცა და მთელი საზოგადოებაც არაა შეჯერებული, რომ მისახედი და შესაცვლელია.

ნაჩქარევად შესრულებულის შთაბეჭდილებას ტოვებს თავად გეგმა, რომელიც დღემდე სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი აქვს არა ვრცელი დოკუმენტის, არამედ რამდენიმე პუნქტიანი ჩამონათვალის სახით, რომელსაც არ ერთვის არანაირი ინფორმაცია და აღნიშნული სიით ვერც ერთ კითხვას ვერ გასცემთ პასუხს. არ წერია მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა მაგალითად ფინანსები – თუ რა დაჯდება ამა თუ იმ ინიციატივის განხორციელება, როდის დაიწყება და როდის დასრულდება პროცესი, რა სახის რეფორმების გატარებას მოიაზრებს იგი და ა.შ. შესაბამისად, განათლების სფეროს სპეციალისტები ცალსახად აცხადებენ, რომ პრეზენტაცია იყო პოლიტიკური ჟესტი და არა საქმიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი დაემთხვა რამდენი დღით ადრე პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან  განათლების მინისტრის (როგორც მოქმედი, ისე ყოფილების) გაკრიტიკებას და იმის თქმას, რომ მისი მინისტრობის შემდეგ განათლების სფეროში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გეგმის არსებობის აზრს კითხვის ნიშნის ქვეშ წარსული გამოცდილებაც აყენებს. სულ ახლო წარსულში  მზის სინათლე ჩხენკელის ორი წინამორბედი მინისტრის – ალექსანდრე ჯეჯელავასა და თამარ სანიკიძის მიერ შემუშავებულმა დოკუმენტებმა იხილეს, რომლებიც ასევე ერთ მიზანს – სფეროს განვითარებას ისახავდნენ მიზნად. მათ, ჩხენკელის მსგავსად, საკმოდ პომპეზური პრეზენტაციით ამცნეს საზოგადოებას საკუთარი იდეების შესახებ, თუმცა ნათქვამი ნათქვამად დარჩა. მათ მიერ გაწერილი სტრატეგიები მივიწყებულია, დოკუმენტები კი თაროზე შემოლაგებული, ვინაიდან განათლების მინისტრები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ხშირად იცვლებიან. ახალ მინისტრს კი ახალი იდეები მოჰყვება და წინამორბედის საქმეს არავინ აგრძელებს.

წინა მინისტრების სტრატეგიები და გეგმები:

თამარ სანიკიძე

ალექსანდრე ჯეჯელავა

ემუქრება თუ არა ჩხენკელის მიერ წარმოდგენილ გეგმასაც იგივე, ამაზე სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ გამორიცხული არაფერია.

განათლების საკითხების მკვლევარის, სიმონ ჯანაშიას თქმით, გამორიცხული და შეუძლებელი არც ჩხენკელის მიზნების შესრულებაა, რადგან იგი არაა რთული და ინოვაციური, თუმცა მისთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება გეგმის თითოეული პუნქტი.

ამბობს, რომ ამ გეგმაში ნაწილი იყო ისეთი, რაც რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა, ნაწილი იყო ახალი, მაგრამ მოსალოდნელი და ნაწილიც-მოულოდნელი.

„მაგალითად, ძველი თემაა სახელმძღვანელოების განახლება და მასწავლებლების ტრენინგები. მოსალოდნელი იყო ის, რომ უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების დაახლოებაზე იქნებოდა საუბარი, რადგან პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟი მაინცადამაინც მაღალი არაა. მოულოდნელი კი – Minecraft-ისა და კომპიუტერული თამაშების საგანმანათლებლო სივრცეში შეტანა.

„ამ და წინა დოკუმენტებს შორის ის განსხვავებაა, რომ ისინი უფრო სტრატეგიული ხედვის დოკუმენტები იყო – თუ რა არის მნიშვნელოვანი. ეს კი უფრო მოქმედების გეგმაა – რა უნდა გაკეთდეს. ამ სამოქმედო გეგმით პრობლემები არ ჩანს. პრინციპში იგი სამოქმედო გეგმაც კი არაა. ესაა განაცხადი დაგეგმილ ნაბიჯებზე, რომელთაც სამინისტრო გადადგამს. თუმცა რატომ არის ამ ნაბიჯების გადადგმა საჭირო, ეს არ ვიცით. მხოლოდ მინისტრის გამოსვლა და პროექტების მოკლე ჩამონათვალი ვნახეთ. თითოეულ მათგანს დასაბუთება სჭირდება – თუ რა ტიპის პრობლემის მოსაგვარებლად კეთდება. მაგალითად, თუკი სკოლაში კომპიუტერული თამაშები შეგვაქვს, უნდა ვიცოდეთ რა ტიპის პრობლემა გვაქვს სკოლებში ისეთი, რასაც ეს დაეხმარება.

„მოკლედ, ამ გეგმაში არარეალისტური არაფერია. ეს უფრო წინასწარ დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაციას ჰგავს. სამინისტროს ჩვეულებრივი, წლიური პროგრამების ჩამონათვალია, რადგან მხოლოდ რუტინულ საქმეებზეა საუბარი, ერთი-ორი ახალი პროექტით. ამის განხორციელება პრობლემაა არაა. სხვა საკითხია რას მოუტანს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას ამ ყველაფრის განხორციელება. დაიწყება კი იმ პრობლემების მოგვარება, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია? ეს აქ ნახსენები არ არის. მაგალითად, წერია მასწავლებლების განვითარება და არაფერი წერია ახალი მასწავლებლების მოზიდვაზე, მათი სქემაში შესვლის პრობლემებზე. ასევე არაა ნახსენები როგორ უნდა გაძლიერდეს სოფლის სკოლები და ა.შ.“, – აღნიშნავს ჯანაშია.

კითხვაზე, ტოვებს თუ არა დოკუმენტი ნაჩქარევად მომზადებულის შთაბეჭდილებას, იგი გვპასუხობს, რომ ეს არის არა  ტექნიკური დოკუმენტი, არამედ პოლიტიკური.

„ესაა პოლიტიკოსის განაცხადი – თუ რა უნდა რომ გააკეთოს. ეს არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფალისათვის დამახასიათებელი სამოქმედო გეგმა, სადაც ეწერება დეტალები -რა დაგვიჯდება ეს ყველაფერი, რამდენი ხანი მოვუნდებით გაკეთებას, რა არის უკვე დაწყებული, რა უნდა დაიწყობს მომავალში და ა.შ. ზოგადად, იგი დოკუმენტიც კი არ არის. მე რაც ვნახე სამინისტროს ვებ-გვერდზე, ესაა პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალი“, – დასძენს სპეციალისტი.

მინისტრის მიერ წარმოდგენილ გეგმაში, განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის აზრით განსაკუთრებით საყურადღებო სამი პუნქტია: მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე და სისტემის განვითარება.

იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ინოვაციური არაფერი ყოფილა და დასძენს, რომ ამის მოლოდინი არც ჰქონია. ამბობს, რომ განათლების მინისტრს „ველოსიპედის გამოგონებას“ არავინ სთხოვს და თუკი ჩხენკელი თუნდაც სოფლის სკოლების განვითარების გეგმას შეასრულებს, ეს უკვე დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

აქვე მოსიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ განათლების სფეროში სამომავლო ცვლილებები ამ გეგმაზე უარყოფითად არ აისახება და მის შეჩერებას არ გამოიწვევს. ამ ეტაპზე კი, იგი სფეროს განვითარებისათვის სისტემურ მიდგომას ვერ ხედავს, რადგან  არც ერთი ახალი მინისტრი არ აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ საქმეს.

„მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს. იგი  არ მიიღწევა ერთი პარტიისა თუ ერთი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს. ეს სისტემური უნდა იყოს. საჭიროა გარკვეული ტიპის კონსენსუსი, რომელზეც ყველა შეთანხმდება. მაგალითად, თუკი ვაღიარებთ, რომ სოფლისა და ქალაქის სკოლას შორის არსებითი განსხვავებაა და თუკი ქვეყნის მიზანი ამ განსხვავების შემცირებაა, მაშინ ყველა მოქალაქემ თუ პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შედეგი სწრაფად არ მიიღწევა და რომ რეზულტატი შესაძლოა 5 ან 10 წლის შემდეგ დავინახოთ“, – დასძენს მოსიაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინისტრს ვადებზე არაფერი უთქვამს, შესაბამისად უცნობია თუ როდის უნდა მოვიკითხოთ შესრულებული სამუშაოების პირველადი შედეგები, თუმცა EDU.ARIS.GE თემას ტრადიციულად მიჰყვება და სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დეტალურად გააშუქებს.

განათლების სისტემის სამოქმედო გეგმა – რას განახორციელებს უწყება მიხეილ ჩხენკელის მინისტრობისას

„განათლების მთელი სამინისტრო გასაცხრილია, ყველგან ყალბია სწავლა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია“

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური