GE

ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

9 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მსოფლიო რანგის მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.

პროფ. ესტატე ხმალაძე ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ-სთან.  ის აქტიურად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით. იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურნალები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Applied Probability”. პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულტეტს უკვე ჰყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან.

თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის პროფესორი ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური