GE

ევროპული განათლების მიღების ახალი შესაძლებლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გორისა და ჟირონას უნივერსიტეტებს შორის სამაგისტრო პროგრამის ორმაგი დიპლომი ამოქმედდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ, გორის უნივერსიტეტის გავლით, ევროპული განათლება მიიღონ.

პროგრამა 2017-2018 წლიდან ამოქმედდება. რა ფორმით შეძლებენ სტუდენტები პროგრამაში ჩართვას, რა მიმართულებებს მოიცავს ის და წლის განმავლობაში რამდენ სტუდენტს მიიღებს, – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს ესაუბრა.

“გორის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის 33 ორგანიზაციასთან ერთად,  მონაწილეობს ტემპუსის პროექტში – 544191-TEMPUS-1-2013-PT-TEMPUS-JPCR, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, მოლდავეთსა და აზერბაიჯანში, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამუშავებას. გორის უნივერსიტეტში დამუშავდა  და აკრედიტაცია გაიარა ორმა სასწავლო პროგრამამ: „სასტუმროს მენეჯმენტი“- საბაკალვრო დონეზე  და „სასტუმროს მენეჯმენტი“ – სამაგისტრო დონეზე”, – გვითხრა გიორგი სოსიაშვილმა.

რექტორის თქმით, თანამშრომლობის მემორანდუმი ჟირონას უნივერსიტეტთან სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაფორმდა.

„პროექტით გათვალისწინებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები 2017-2018 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ორმაგი დიპლომის ამოქმედება კი 2018-2019 სასწავლო წლიდან არის დაგეგმილი“, – ამბობს სოსიაშვილი.

კითხვაზე, თუ რა მიმართულებებს მოიცავს პროგრამა, სოსიაშვილი განმარტავს:

„5 წლიანი მემორანდუმით გათვალისწინებულია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, კვლევითი სამუშაოების ერთობლივად ჩატარება,  პროგრამებისა და სასწავლო მასალების გაცვლა“.

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამაში ჩართვა საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ეს ეხება როგორც საბაკალვრო, ისე სამაგისტრო პროგრამას

აქვე, ცნობილია, რომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, აღნიშნული პროგრამის ჩარჩოებში, საბაკალავრო პროგრამაზე – 40, სამაგისტროზე კი 15 სტუდენტს ექნება განათლების მიღების შესაძლებლობა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური