„გადახედვას საჭიროებს ე.წ. ბუკების უსასყიდლოდ დარიგება პირველკლასელებისთვის“ – განათლების კომიტეტის 4 რეკომენდაცია სამინისტროს პანდემიის კვალდაკვალ
როგორც ცნობილია, 2021 წელს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, თემატური მოკვლევა ჩაატარა რომლის მიზანი იყო ზოგად განათლებაზე COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენის შესწავლა და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. საკვლევ კითხვებში მოხვდა: რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოება განათლების ხელმისაწვდომობის, სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის და სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, დისტანციური სწავლების პირობებში? რა ზომები იქნა მიღებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით? როგორ აისახა პანდემია სასკოლო საზოგადოებაზე და რა სახის ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა?
კვლევის ანგარიშის თანახმად, სადაც საუბარია განთლების ხელმისაწვდომობაზე წერია, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდ ნაწილს არ მიუწვდებოდა ხელი სწავლაში სრულფასოვნად ჩართვისთვის საჭირო კომპიუტერულ მოწყობილობაზე და მიუხედავად სკოლების, სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მიღებული ზომებისა, საკვლევ პერიოდში დისტანციური სწავლის შესაძლებლობის მიღმა რჩებოდა მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედი ნაწილი. კვლევის ავტორების მიერ, ამ და სხვა შემოსული მოსაზრებებისა და კვლევების საშუალებით იდენტიფიცირებული ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიხედვით გამოიყო 4 საკვანძო რეკომენდაცია.
კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, როგორც EDU.ARIS.GE-ს კომიტეტში განუმარტეს, განათლების სამინისტროს 2021 წლის დასრულებამდე გადაეგზავნა.
EDU.ARIS.GE– მ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დეტალური კვლევა და რეკომენდაციები მოიპოვა, სადაც რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით არის გამოკვეთილი.
COVID-19 პანდემიის შედეგად განათლების სისტემაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებზე რეაგირების გზები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ამგვარად წარმოადგინა:
რეკომენდაცია 1: ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ეფექტიანი მიდგომების შემუშავება და განხორციელება. ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აქტუალურია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში. დისტანციურ სწავლაზე გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლეების ნაწილს, ხარისხიან ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს, რაც ამცირებს სწავლაში მათი სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას. მოსწავლეთა მცირე ნაწილს საერთოდ არ მიუწვდება ხელი დისტანციურ სწავლაზე. კომპიუტერსა და ინტერნეტზე წვდომის პრობლემა აქტუალურია მასწავლებლებისთვისაც. შესაბამისად, შემოსულ მოსაზრებებში, რეკომენდაციები, ძირითადად, კონცენტრირებული იყო ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
შემოსულ რეკომენდაციების მიხედვით გამოიყო ორი მოდელი:
1) შესაბამისი ჯგუფებისთვის მიზნობრივი მხარდაჭერა. შემოსულ მოსაზრებებში ასეთ ჯგუფებში მოიხსენიებდნენ მრავალშვილიან ოჯახებს, ხელმოკლე ოჯახებს, მასწავლებლებს სასკოლო ასაკის შვილებით.
2) სკოლების კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა. სკოლის დირექტორების ნაწილის შეხედულებით, სკოლების კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვა ა) მეტად ხარჯთეფექტურია და ბ) მეტ შესაძლებლობას იძლევა, კომპიუტერები სწავლა-სწავლების მიზნით იყოს გამოყენებული, როგორც მშვიდობიან, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში.
მიმდინარე თემატური მოკვლევა არ იძლევა საკმარის ინფორმაციას ამ ორ მოდელს შორის ოპტიმალური ვარიანტის გამოკვეთისთვის. დამატებითი მონაცემებია საჭირო კომპიუტერებზე და ინტერნეტზე ხელმისაწვომობის არსებული პოლიტიკის გადასახედად. მათ შორის, გადახედვას საჭიროებს ე.წ. ბუკების უსასყიდლოდ დარიგება პირველკლასელებისთვის. 2010 წელს შემოღებული „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამაზე გაწეულმა ხარჯმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ეფექტიანია გაწეული ხარჯი მოსწავლეების სწავლა-სწავლების მხარდაჭრისთვის და რა ალტერნატივები არსებობს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.
ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით საჭირო ინტერვენციები მოიცავს ა) ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის არსებული გამოწვევების შეფასებას; ბ) ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის არსებული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებას და გ) ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ეფექტიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებას.
რეკომენდაცია 2: ციფრული სასწავლო რესურსებისა და დისტანციური სწავლების ეფექტიანი მიდგომების განვითარება. დისტანციური სწავლის პროცესში სწავლებისა და შეფასებისთვის საჭირო რესურსების სიმწირემ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა მასწავლებლები. ქართულ ენაზე ონლაინ სივრცეზე მორგებული სასწავლო მასალები ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. რესურსების ნაკლებობა გამოწვევას წამოადგენს არა მხოლოდ დისტანციური სწავლის ეფექტიანად წარმართვისთვის, არამედ, ზოგადად, სწავლა-სწავლების განვითარების თვალსაზრისითაც. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ონლაინ სასწავლო რესურსების გამოყენება ასოცირდება სწავლის შედეგების გაუმჯობესებასთან და მოტივაციის ზრდასთან, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, რომლებსაც ტრადიციულ, პირისპირ რეჟიმში სწავლა უჭირთ. შესაბამისად, ონლაინ კომპონენტის ამა თუ იმ ფორმით (მაგალითად, შერეული სწავლა, შებრუნებული გაკვეთილი, ადაპტირებული ტუტორინგის სისტემები და ა.შ.) სწავლებაში ინტეგრირება უნდა გაგრძელდეს.
ციფრული სასწავლო რესურსების განვითარებისა და დანერგვისთვის საგულისხმო მიგნებების გამოტანა შეიძლება სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან. კერძოდ:
- ციფრული რესურსის სარგებლიანობა დამოკიდებულია არა მარტო შინაარსზე და ტექნოლოგიურ სიახლეზე, არამედ მის პედაგოგიურ ღირებულებაზე. ეფექტიანი ციფრული სასწავლო რესურსების შემუშავების მთავარი გამოწვევა არის არა ტექნოლოგიური (მაგალითად, ალგორითმი, რომელიც მოსწავლეს საკუთარი ცოდნის შესაბამის მასალას აწვდის), არამედ პედაგოგიკური. კარგი მასალის შექმნას პედაგოგიური კომპეტენცია და პედაგოგიურ მეცნიერებებში დაგროვილი საუკეთესო ცოდნის გონივრული გამოყენება სჭირდება. შესაბამისად, ციფრული სასწავლო რესურსები უნდა შემუშავდეს მკაფიო პედაგოგიკური გათვლებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეფასდეს მათი ეფექტიანობა და მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განახლდეს და გაუმჯობესდეს სასწავლო რესურსები.
- მასწავლებლების მიერ შემუშავებული მასალები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან ხარისხითა და ეფექტიანობით. სხვა ქვეყნებში მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსების კვლევა აჩვენებს, რომ მათი ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება მასწავლებლის კომპეტენციებისა და დატვირთვის მიხედვით. შესაბამისად, ზოგიერთ კონტექსტში, უფრო ეფექტიანია მასალების შექმნის ალტერნატიული გზების გამონახვა, მაგალითად, გამომცემლობების ან კურიკულუმის განვითარების ცენტრის მიერ. საქართველოში დისტანციური სწავლის პროცესში მასწავლებლების ნაწილი აქტიურად ჰქმნიდა საკუთარ რესურსებს და უზიარებდა კოლეგებს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებში ეს ბუნებრივად, გარემოებებიდან გამომდინარე გაჩენილი ინიციატივა წახალისდეს და ასეთ მასწავლებლებს შეექმნათ რესურსების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა. მაგრამ მასწავლებლების რესურსების შექმნაში ჩართვას თან უნდა ახლდეს შესაბამისი სანიმუშო რესურსებით უზრუნველყოფა, ამასთანავე, რესურსების პედაგოგიკურ და ტექნიკურ ასპექტებზე დისკუსიაში ასეთი მასწავლებლების აქტიურად ჩართვა.
- როგორც ნებისმიერი სასწავლო ინოვაციის, ისე, ციფრული რესურსების სწავლა- სწავლებაში დანერგვისთვის ტრენინგი საკმარისი არ არის. მეტიც, კვლევებისა და ექსპერტების შეფასების თანახმად, ტრენინგის დანიშნულება დიდ ჯგუფებში ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ლექსიკონის გავრცელებაა. ახალი მეთოდების შესწავლა ინტეგრირებული უნდა იყოს მასწავლებლის მიმდინარე საქმიანობაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მასწავლებელი ახალ მიდგომებს უნდა ეუფლებოდეს არა საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით, არამედ პირიქით – პროფესიული განვითარება უნდა გახდეს მიმდინარე სასწავლო ამოცანების გადაჭრის ნაწილი. მასწავლებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სწავლობდეს კეთების პროცესში. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ეფექტიანი პროფესიული განვითარების სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, როგორებიცაა სწავლა თანამშრომლობით, რეფლექსია, უკუკავშირი და ექსპერტული მხარდაჭერა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციურ სწავლაზე გადასვლით წარმოჩენილ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საპასუხოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და Kings Georgia-სთან თანამშრომლობით, 2021 წლის მაისში დაიწყო სწავლის მართვის სისტემის (Learning Management System) განვითარება. პლატფორმა სკოლებს შესთავაზებს დისტანციური სწავლა-სწავლებისა და შეფასების ინტერაქციულ სივრცეს, მზა მოდელებსა და რესურსებს სწავლებისა და შეფასებისთვის. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე თაობის დანერგვის მხარდაჭერა, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების (შერეული სწავლა, შებრუნებული გაკვეთილი, ადაპტირებული ტუტორინგის სისტემები) სწავლა-სწავლებაში ინტეგრირების წარმატებული მოდელების შექმნა. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს პროექტის მართვის გამჭვირვალობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული განვითარება და ფინანსური მდგრადობა.
არსებული მონაცემები არ იძლევა ტელესკოლის ეფექტიანობის შესახებ დამაჯერებელი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, შეფასდეს ტელესკოლის ეფექტიანობა და შემუშავდეს სატელევიზიო საგანმანათლებლო რესურსების განვითარების გრძელვადიანი, მტკიცებულებებსა და უახლეს ცოდნაზე დაფუძნებული სტრატეგია.
რეკომენდაცია 3: სწავლაში ჩამორჩენის პრევენციისა და დაძლევის მოდელების განვითარება და დანერგვა. პანდემიით შექმნილი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენაა. სწავლაში ჩამორჩენაზე რეაგირების წინაპირობა სწავლაში პროგრესის დიაგნოსტირებაა. დღეისთვის არსებული კვლევები მოსწავლეების ჩამორჩენის პრობლემის სიმწვავის შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა, საერთაშორისო და ეროვნული კვლევების საშუალებით, უახლოესი ორი წლის მანძილზე შესაძლებლობა იქნება შეფასდეს, არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე ჩამორჩენის მასშტაბი, არამედ, მოხდეს ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმო ჯგუფების იდენტიფიცირება.
მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენის შეფასების თვალსაზრისით სკოლებში გარკვეული გამოწვევები იკვეთება. როგორც ორი სხვადასხვა კვლევის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებასთან წარმოებულმა დისკუსიებმა და ინტერვიუებმა აჩვენა, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უჭირთ სწავლაში ჩამორჩენაზე საფუძვლიანად მსჯელობა და მტკიცებულებების მოყვანა. ეს გამოწვევა შესაძლოა, ქართული საგანმანათლებლო სისტემის ტრადიციულ ნაკლოვანებასთან – მოსწავლეების მიღწევების დიაგნოსტირების მექანიზმებისა და პრაქტიკის სისუსტესთან იყოს დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა. კერძოდ, ამჟამად მიმდინარეობს მე-4, მე-6 და მე-9 კლასებში მოსწავლეთა სწავლის პროგრესის დიაგნოსტირების სისტემის განვითარება, რომელიც სტანდარტიზებული ტესტების საშუალებით შეაფასებს მოსწავლეების მიღწევებს სხვადასხვა საგანში და სკოლას მიაწვდის ინფორმაციას მოსწავლეების მიღწევების შესახებ. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სკოლების მიერ ამ მონაცემების ეფექტიანად გამოყენების ხელშემწყობი მექანიზმების შექმნაზე.
სკოლაში მოსწავლეების ჩამორჩენაზე რეაგირების თვალსაზრისით დიდი გამოცდილება დაგროვდა განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემებში. მაგალითად, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინური საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი სიძლიერე სწავლაში ჩამორჩენაზე დროული რეაგირების პოლიტიკასა და სასკოლო ტრადიციაში მდგომარეობს. ფინურ სკოლებში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების დაახლოებით მესამედი ე.წ. სპეციალური განათლების ბენეფიციარი ხდება. სპეციალურ განათლებაში მოსწავლეების ჩართვის შედეგი სწავლაში გამოწვევების დაძლევა და მაღალ კლასებში მეტი წარმატებით სწავლაა. მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენაზე რეაგირების მრავალფეროვან მიდგომებს ვხვდებით აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში. ამ ქვეყნებში სწავლაში ჩამორჩენის დაძლევის მიზნით ინტერვენციები ხორციელდება როგორც სკოლაში, ასევე, სკოლის გარეთ გახანგრძლივებული სწავლების დამატებითი გაკვეთილები საკლასო საათების შემდეგ, სკოლის მიღმა პროგრამების და საზაფხულო პროგრამების სახით. ზოგადად, განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემებში რემედიაციის პროგრამები ფართოდ გამოიყენება რისკ ჯგუფში დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ემიგრანტების ოჯახებიდან მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ასეთი პროგრამების ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ სტრუქტურაზე, სასწავლო კურიკულუმთან კავშირსა და მასწავლებლების კომპეტენციაზე.
სწავლაში ჩამორჩენა ეხება არა მხოლოდ აკადემიურ ჩამორჩენას, არამედ, პანდემიის ნეგატიურ გავლენას მოსწავლეების სიციო-ემოციურ განვითარებაზე. როგორც შემოსულ მოსაზრებებსა და ზეპირ მოსმენებში სკოლის დირექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მოსწავლეებში თავი იჩინა სკოლისადმი გაუცხოებამ და ინდიფერენტულობამ, მოსაზრებების ავტორები სასკოლო საზოგადოებისთვის, მათ შორის, მშობლებისთვის, ფსიქოლოგის როლის გაძლიერებას ითხოვენ. მოსწავლეების კეთილდღეობაზე პანდემიის ნეგატიური ეფექტის შესახებ ექსპერტებიც საუბრობენ და გამოკვეთენ ისეთ გამომწვევ ფაქტორებს, როგორებიცაა საერთო ფონი, ოჯახებზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სტრესი (მაგალითად, შემოსავლის წყაროს დაკარგვა), ხანგრძლივი იზოლაცია და ციფრულ მოწყობილობებთან ჭარბად გატარებული დროის ეფექტი. როგორც კვლევები აჩვენებს, ამ უკანასკნელის ეფექტი შეიძლება აისახოს ძილის დარღვევაზე, ყურადღების დეფიციტის გამოვლენასა და სწავლის უნარის დაქვეითებაზე, ასევე, დეპრესიასა და ჭარბწონიანობაზე.
პანდემიის მოსწავლეების სოციო-ემოციურ განვითარებაზე შესაძლო დრამატული ეფექტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეების მდგომარეობა რეპრეზენტატულ შერჩევაზე დაყრდნობით შეფასდეს, შემუშავდეს და შეიქმნას სკოლებში ეფექტიანი მოდელების განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, პარტნიორი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით.
პანდემიის მოსწავლეების სოციო-ემოციურ განვითარებაზე შესაძლო დრამატული ეფექტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეების მდგომარეობა რეპრეზენტატულ შერჩევაზე დაყრდნობით შეფასდეს და შემუშავდეს მოსწავლეების სიციო-ემოციური კომპეტენციების განვითარების კონცეფცია. კონცეფცია უნდა შემუშავდეს საერთაშორისო გამოცდილების, მათ შორის, ევროპული ჩარჩო-დოკუმენტების გათვალისწინებით. კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიქმნას და დაინერგოს სკოლებში სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარების მოდელები, პარტნიორი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. ამ მოდელების პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით კი უნდა მომზადდეს ზოგად განათლებაში სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია.
რეკომენდაცია 4: განათლების სისტემის კრიზისებისადმი მედეგობის გაძლიერება. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ზოგადი განათლების მართვის სისტემის განვითარების საჭიროებები და შესაძლებლობები გამოავლინა. კერძოდ, სკოლების ნაწილს აღმოაჩნდა კრიზისულ სიტუაციაში არა მხოლოდ ადაპტირების უნარი, არამედ, ამ გამოცდილების სკოლის განვითარებისთვის გამოყენების რესურსიც. ასეთი სკოლები შედარებით მომზადებულნი შეხვდნენ პანდემიას. ეს მზაობა გამოიხატა დისტანციურ რეჟიმზე სწავლა- სწავლების ოპერატიულად გადაწყობაში, მასწავლებლებისთვის სწავლის შესაძლებლობების შექმნასა და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, სკოლების ნაწილს, მათ შორის, სოფლის სკოლებს, აღმოაჩნდა ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენების გამოცდილებაც.
რესურსცენტრების ნაწილმა გამოიჩინა განსაკუთრებული პროაქტიულობა მონაცემების შეგროვების, გადაჭრის გზების გენერირების ფასილიტაციის, სამინისტროსა და სკოლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის, ასევე, მოსწავლეების კომპიუტერებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მიმართულ საქმიანობაში, ადგილობრივ თვითმმართველობისა და კერძო სექტორის ჩართვის თვალსაზრისით.
ამავდროულად, სკოლების ნაწილი მოქმედებდა მხოლოდ სამინისტროს მითითების შემთხვევაში. რესურსცენტრების ნაწილი კი მნიშვნელოვნად აფერხებდა კომუნიკაციას სამინისტროსა და სკოლებს შორის.
ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კრიტერიუმი სკოლის დამოუკიდებლად მოქმედების კომპეტენციაა. ეს ფაქტორი გადამწყვეტია, არა მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში, არამედ, სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიმდინარე გამოწვევების გადაჭრისთვისაც. ამ პრინციპზე დგას ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა. მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს და დაინერგოს დირექტორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების შერჩევისა და განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც თავსებადი იქნება ზოგადი განათლების მიზნებთან.
კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი საინტერესო მიგნებების შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE-სხვა სტატიებში გაგიზიარებთ.
ამავე თემაზე:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სამინისტროს ონლაინ სწავლების ხარვეზები მოუგროვა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება