GE

„გამოცდების პირველი კვირა გრილი იქნება, შემდეგ 41 გრადუსსაც კი ველოდებით“

2022 წლის ზაფხულის გამოცდების ძირითადი სესიები, რომელიც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებს მოიცავს, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ის, თუ როგორი ამინდი იქნება ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების პერიოდში, გამოსაცდელებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სიცხე ბევრ მათგანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორი ტემპერატურს უნდა ველოდოთ ქვეყანაში ივლისის პერიოდში. როგორც სინოპტიკოსმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ 28 ივნისს გვითხრა, ივლისის პირველი დღეები საკმაოდ გრილი იქნება, თუმცა შემდეგ დიდ სიცხეებს უნდა ველოდოთ.

„ამ დროისთვის ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, 6-7 ივლისამდე სიცხეები არ იქნება და დროდადრო ხანმოკლე ხასიათის წვიმებიც არის მოსალოდნელი. მერე კი, წინასწარი მონაცემებით, 38 გრადუსამდე შეიძლება ავიდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. საერთოდ, მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისში ტემპერატურა საშუალოზე 1 გრადუსით მეტი იქნება“, – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უფრო გრილი ამინდია მოსალოდნელი, ვიდრე აღმოსავლეთში, თუმცა, 7 ივლისამდე, 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოშიც არ დაფიქსირდება.

„ივლისის პირველ დეკადაში დასავლეთ საქართველოში შედარებით გრილი ამინდებია მოსალოდნელი – 22-27 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში – 27-32 გრადუსი. ცალკეულ დღეებში უფრო დაბალი ტემპერატურაც შეიძლება იყოს. 10-11 ივლისიდან ალბათ უფრო ცხელი ამინდები დაიწყება. საერთოდ კი, ივლისის თვის პროგნოზში გვიწერია, რომ შეიძლება 40 გრადუსსაც ასცდეს ტემპერატურა და ეს ამ თვეში გასაკვირი არ არის. ივლისი და აგვისტო საქართველოში ყველაზე ცხელი თვეებია და 39-40 და 41 გრადუსსაც კი ველოდებით ყველგან, ოღონდ თვის მეორე ნახევარში“, – გვითხრა სინოპტიკოსმა.

სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა აბიტურიენტებსა თუ სხვა ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს და მათ თავის დაცვისკენ მოუწოდებს –  „გარეთ ყოფნისას ჩრდილში იარონ, ასევე, აქტიურად მოიხმარონ ქოლგა ან ქუდი“.

რაც შეეხება მაღალი ტემპერატურის დროს საგამოცდო ცენტრებში გაგრილების საკითხს, როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 28 ივნისს უთხრეს, არცერთ საგამოცდო სექტორში გაგრილების პრობლემა არ იარსებებს, ყველა აღჭურვილი იქნება გაგრილების საშუალებებით და ეს შეიძლება იყოს კონდიციონერი ან ვენტილატორი, რომელიც „კარგად აგრილებს”. გაგრილების სისტემა, როგორც ცენტრში განგვიმარტეს, კონკრეტული ტემპერატურის შემთხვევაში ჩაირთვება და გამოცდის მეთვალყურეები მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედებენ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური