განათლების მინისტრის ლოგიკით, სამინისტროს ჩინოსნებს მოსწავლე-ახალგაზრდობა არ უყვართ!
„პედაგოგიკა არის ის თემა, ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა წავალ და მაგარი ხელფასი მექნება, მასწავლებელი გავხდები, მოკლედ, მაგარ შარშია. მგონი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში საშუალო ხელფასზე დაბალია მასწავლებლების ხელფასი. ეს შეგნებულად ქნეს, იმის გამო, რომ თუ პედაგოგიკაში ძალიან მაღალი ხელფასი იქნა, იქ მოვლენ ადამიანები, ვისაც არ უყვართ ბავშვები და ეს არის მაგარი საფრთხე“.
განათლების მინისტრის ამ განცხადებას EDU.ARIS.GE კვალდაკვალ მიჰყვა და ალექსანდრე ჯეჯელავას ფორმულით გამოიანგარიშა, რამდენად შეიძლება უყვარდეთ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებს განათლების სისტემა, პროფესორ-მასწავლებლები თუ მოსწავლე-ახალგაზრდობა.
რაკი მაღალი ხელფასი საქმის სიყვარულის ასიმეტრიულია, ჩვენ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვით, როგორ ნელდება განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების გრძნობები, მათი გაზრდილი გასამრჯელოს სანაცვლოდ.
მინისტრი:
თავად ალექსანდრე ჯეჯელავას ერთი თვის შრომის ანაზღაურება, მისივე თქმით, 5 100 ლარია.
„ხელფასი დარიცხული მაქვს 5 100 ლარი დანამატების ჩათვლით, ეს სამჯერ უფრო ნაკლებია, რაც აქამდე მქონია“ – განუცადა EDU.ARIS.GE – ს ალექსანდრე ჯეჯელავამ, რაც მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით დასტურდება. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ განათლების ახლანდელ მინისტრს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ტრენერობით და საკუთარი ბიზნესით 215 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. ვინაიდან მინისტრის კომპანია „მართვის აკადემია“ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აქტიურად აგრძელებს, ამ შთამბეჭდავ შემოსავლებს ახლა მინისტრის სოლიდური ხელფასიც ემატება.
მინისტრის მოადგილეები:
2016 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მინისტრის მოადგილეებს შორის ქეთევან ნატრიაშვილის შემოსავლები ლიდერობს – წლიური 66 080 ლარიანი შრომის ანაზღაურებით. 2015 წლის დეკლარაცით მას ამ თანამდებობაზე 57 496 ლარი აქვს აღებული. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქეთევან ნატრიაშვილი მინისტრის მოადგილედ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან მივიდა, სადაც დღევანდელზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა (წლიური 82 722 ლარი), ვიდრე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ იღებს.
თვეში 5 000 ლარზე ცოტა მეტი უღირს თავისი შრომა მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს. 2016 წლის დეკლარაციით, ამ თანამდებობაზე მას მიღებული აქვს 60 928 ლარი. ერთი წლით ადრე კი სახელმწიფოს ლია გიგაურის შრომა 53 040 ლარი დაუჯდა.
დაახლოებით ამდენივეა მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილის შრომის ანაზღაურება. 2016 წლის დეკლარაციით, მინისტრის მოადგილეობიდან მიღებულ შემოსავალში ის 60 928 ლარს აჩვენებს, 2015 წლის დოკუმენტში კი 53 040 ლარი აქვს მითითებული.
ამდენივე, ანუ წლიური 60 927 აქვს აღებული 2016 წლის დეკლარაციით მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს, 2015 წელს კი ისიც 53 040 ლარს აჩვენებს.
ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მინისტრის მოადგილეების შემოსავალი წლიდან წლამდე რამდენიმე ათასით იზრდება.
(მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე თეიმურაზ მურღულია განათლების სამინისტროში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გადავიდა. 2017 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მას ჯერ კიდევ ძველი სამსახურიდან მიღებული შემოსავალი აქვს დაფიქსირებული, რამაც ერთი წლის განმავლობაში 65 020 ლარი შეადგინა.)
განათლების სამინისტროს სსიპ-ები
მინისტრსა და მის მოადგილეებზე მაღალი შემოსავალი აქვთ განათლების სამინისტროს ზოგიერთი სსიპ-ის ხელმძღვანელს, რომელთაც საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, ხელი მიუწვდებათ თავიანთი ძალებით მოზიდულ თანხებზე.
სსიპებს შორის ლიდერობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის შემოსავალი. 2016 წლის დეკლარაციით მისმა წლიურმა შემოსავალმა 158 177 ლარი შეადგინა, რაც თვეში 13 ათას ლარზე მაღალ ხელფასს ნიშნავს.
ამავე პერიოდში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიიღო 62 354 ლარი; ხოლო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა – 55 630 ლარი.
2016 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობს, ბიუჯეტიდან 2 190 000 ლარით დაფინანსდა. აქედან 40%-ზე მეტი, 907 000 ლარი, ცენტრში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა.
სამინისტროს დეპარტამენტები და სამმართველოები
მინისტრის მოადგილეებს მცირედით ჩამოუვარდება დეპარტამენტის უფროსების შრომის ანაზღაურება, რაც 2016 წლის დეკლარაციების მიხედვით წლიური 30 000-დან 48 000 ლარამდე მერყეობს.
თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა საშუალო რგოლის თანამშომელს დეპარტამენტის უფროსზე მაღალი შრომის ანაზღაურება აქვს. მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს ერთ – ერთ თანამშრომელს 2013 წლიდან დღემდე შრომის ანაზღაურება ორჯერ და კიდევ უფრო მეტად გაეზარდა. მის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე 2013 წელს 18 282 ლარი მიიღო, 2014 წელს 26 557 ლარი, ხოლო 2015 წელს – 39 030 ლარი. ანუ სამინისტროს ამ კონკრეტულ თანამშრომელს 2013 წელს თვეში 1 523 ლარი ჰქონდა ხელფასი, 2014 წელს – 2 213 ლარი, ხოლო 2015 წელს ყოველთვიური შემოსავალი 3 252 ლარამდე გაეზარდა, ისე რომ მისი თანამდებობა არ შეცვლილა.
ამ შთამბეჭდავი ანაზღაურების შემდეგ მასწავლებლის ხელფასების ზრდის ტენდეციას განათლების მკვლევარებთან ერთად გადავავლეთ თვალი:
საბაზისო ხელფასის ზრდა პირველად 2005 წელს 30 ლარიდან დაიწყო და 100 ლარს გადააჭარბა, შემდეგი ზრდა იყო 2008 წელს, როცა 195 ლარი გახდა, 2009 წელს კი 220 ლარს მიაღწია. მომდევნო წლებში ტემპი შენელდა და სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. შემოვიდა დანამატების სისტემაც. შემდეგი ზრდა 2012 წელს მოხდა და ხელფასი 245 ლარამდე გაიზარდა, მალევე გახდა 305 ლარი, შემდეგ – 355 და ბოლოს, 2016 წელს საბაზო ხელფასმა 405 ლარს მიაღწია. ამასთან, გაიზარდა დანამატებიც. თუმცა მასწავლებლების სიჭარბის გამო მათ საათები არ ჰყოფნით, არასრულ განაკვეთზე მუშაობენ და წინასაარჩევნოდ დაპირებულ საშუალოდ 800 ლარიან ხელფასს თითზე ჩამოსათვლელი პედაგოგი იღებს, მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობა კი კვლავ ისეთ ხელფასსა და სამუშაო პირობებზე ოცნებობს, ოდნავ უფრო ღირსეული ცხოვრება რომ შეძლოს.
ხელფასების ზრდის დაპირება, როგორც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, მმართველ პარტიებს ხელიდან ხელში გადააქვთ. ამჟამად კი განათლების სისტემა სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დგას. შესაძლოა, შემდგომი სატელევიზიო გამოსვლისას ალექსანდრე ჯეჯელავამ ზოგიერთი მეცნიერის აზრი გააჟღეროს და თქვას, რომ “პირამიდები მშიერმა მონებმა ააშენეს”.
„ჩვენ ცალსახად უნდა შევთანხმდეთ მასწავლებლის პროფესია როგორი უნდა იყოს. ჩვენ მაღალი კვალიფიკაციის ნიჭიერი, ჭკვიანი მასწავლებლები გვჭირდება თუ უპერსპექტივო ადამიანები. უნდა გავარკვიოთ, მასწავლებლობა ადვილად მისაღწევი და დაბალანაზღაურებადი პროფესია გვინდა რომ იყოს თუ პერსპექტიული ადამიანებისთვის საინტერესო სამუშაო ადგილი მაღალი ანაზღაუირებით. ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს სისტემა და იმაზე ლაპარაკი, რომ დაბალხელფასიანებს უყვართ ბავშვები და მაღალხელფასიანებს არ უყვართ არის აბსოლიტური აბსურდი, ამაზე საუბარი სასაცილოა მინისტრისგან“, – აცხადებს EDU.ARIS.GE – სთან განათლების საკითხების მკვლევარი, შალვა ტაბატაძე.
ასეთ მძიმე და გაურკვეველ ფონზე განათლების მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა არა თუ იგეგმება, სახიფათოც კი არის. ვაითუ, მასწავლებლობა ისეთ ადამიანებს მოუნდეთ, რომელთაც ბავშვები არ უყვართ. ამავე ლოგიკით შეიძლება განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნობაც მოუნდეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც არც სკოლა უყვარს, არც უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელიც ჩაჭრილი ბავშვების თავშესაფარი ჰგონია.
რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება