GE

განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტს სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ

განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად მთავარი პრობლემა – პრიორიტეტების არასწორად გადანაწილება, ისევ პრობლემად რჩება.

შესაბამისად, მათი აზრით, თანხების დამატება შესაძლოა არც აღმოჩნდეს ეფექტური, თუკი ეს თანხები არა სფეროს განვითარებას, არამედ მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

მოგეხსენებათ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი, მილიარდ 25 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. აქედან – 945 ათასი  ლარი გრანტია,  80 ათასი კი – კრედიტი.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე  ჩვენთან საუბრისას ქვეყნის მთლიან ბიუჯეტს აფასებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, მკვეთრად მცირდება მოგების გადასახადი, რადგან ახალი წლიდან გადასახადის ამოღების ახალი მოდელი შედის ძალაში.

41853761-48A9-4882-B523-A9C0A6ACB1FF_w987_r1_sთუმცა, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადებით ბიუჯეტის საგრძნობი ზრდაა გათვალისწინებული. ამით  კომპენსირდება მოგების გადასახადის შემცირებით გამოწვეული დანაკლისი.

„განთლებასა და ჯანდაცვაზე ხარჯები იზრდება. მნიშვნელოვანი სხვაობაა განათლებასა და თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებს შორის. საინტერესო თანაფარდობაა, დაახლოებით 61%-ით მეტია განათლებაზე გამოყოფილი ხარჯები თავდაცვის ხარჯებთან შედარებით,“ – აცხადებს არჩვაძე.

კითხვაზე, თუ რამდენად ლოგიკურად ეჩვენება ეს, სპეციალისტი შემდეგნაირად გვპასუხობს:

„ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომ იარაღის ძალით შევძლოთ დაუძინებელი მეზობლების შეკავება. ჩვენი ძალა არგუმენტის ძალაა. არგუმენტის ძალას  კი განათლება სჭირდება.  ამავდროულად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს დაფინანსებაც მცირდება,“ – ამბობს არჩვაძე.

მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად,  2017 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და ამ სამი უწყებისათვის გამოყოფილი თანხები საგრძნობლადაა გაზრდილი. არჩვაძე მიიჩნევს, რომ იმ ამოცანებისათვის პრიორიტეტის მინიჭება, რისი შესრულებაც ამ უწყებებს ევალებათ, ლოგიკურია.

„ყველა კომპონენტს თავისი დატვირთვა  და მნიშვნელობა აქვს. ჩვენ თუ სკოლებს უახლესი ტექნიკური საშუალებებით მოვამარაგებთ, მაგრამ სათანადო ხელფასები, გათბობა და სხვა ასეთი ღონისძიებები არ იქნება გატარებული, სწავლის ეფექტიანობა დაბალი იქნება. ამიტომ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ, ჩვენ მაღალანაზღაურებადი, მოტივირებული და განათლებული მასწავლებლები გვჭირდება და პირობები, რომელშიც სკოლის მოსწავლეები არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ სიამოვნებით ივლიან,“ – დასძენს სპეციალისტი.

იმას, რომ განთლების სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წლიდან მოყოლებული მკვეთრად იზრდება, განათლების სფეროს სპეციალისტი,  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე ძალიან კარგი ტენდენციას უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ ფინანსური რესურსების ზრდა არაა  გამოსავალი იმ რეალური ვითარებიდან და პრობლემებიდან, რაც სისტემას გააჩნია.

შალვა ტაბატაძეანუ, ტაბატაძე ამბობს, რომ დაფინანსება ინსტრუმენტია, ფინანსებით გვაქვს შესაძლებლობა განათლების პოლიტიკისა და განათლების რეფორმების გატარების, მაგრამ თუკი განათლების პოლიტიკა და რეფორმა არ შეიცვალა, მაშინ დაფინანსების ზრდა შესაძლებელია უკუშედეგის მომტანიც კი იყოს, ვინაიდან ცუდ  და უხარისხო პროდუქციაში კიდევ უფრო ბევრ თანხას ვხარჯავთ.

„ანუ სხვადასხვა საბიუჯეტო მუხლს ვაკლებთ, რათა განათლებისთვის გავიღოთ თანხა, მაგრამ ეს განათლების რეფორმისათვის ინსტრუმენტი არაა. იგივე რეფორმებსა და პოლიტიკას ვანხორციელებთ, უბრალოდ ამაში მეტ ფულს ვდებთ, ესაა მთავარი პრობლემა და შეუსაბამობა.

„იგივე ფინანსური რესურსითა და დანახარჯებით გაცილებით ეფექტური განათლების პოლიტიკის გატარებაა შესაძლებელი. მთავარია ეს პოლიტიკა სწორი იყოს და მას თუ მოვახმართ მეტ თანხებს, კარგი იქნება. მაშინ კი, როცა განათლების პოლიტიკა და რეფორმა არასწორია, მხოლოდ და მხოლოდ თანხების გაზრდა შედეგის მომტანი არ იქნება და ამ დროს ეს ფული სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოაკლდება,“ – აცხადებს ტაბატაძე.

მისი აზრით, მანამ, სანამ დაფინანსება გაიზრდებოდა, ჯერ სხვა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. კერძოდ, პრველ რიგში უნდა განსაზღვრულიყო რა კეთდება თითოეული მიმართულებით – სკოლამდელი განათლების მიმართულებით, სასკოლო განათლებაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, სახელმძღვალეობის, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის კუთხით და ა.შ.

ვინაიდან ეს არ გაკეთდა, სპეციალისტის თქმით, ჩვენ ახლა შედეგად გვაქვს გაზრდილი ბიუჯეტი, რომელშიც მაგალითად არაა გაზრდილი სახელმძღვანელობის მუხლი, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მუხლი, ანუ არაა გაზრდილი ის კომპონენტები, რომლებიც სერიოზულ გაზრდას მოითხოვდნენ.

„ამ დროს კი მასწავლებელთა ხელფასებია გაზრდილი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული რესურსი არაა გაზრდილი. ჩვენ მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ამ კუთხით არსებული პრობლემები ვიცით. თუ სახელმწიფო მათი კვალიფიკაციის გაზრდაზე არ ზრუნავს,  დაბალხარისხიან მასწავლებელს უბრალოდ ხელფასს უზრდის და განათლების ბიუჯეტიც ამით იზრდება, რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება,“ – დასძენს იგი.

სწორედ ამიტომ, ტაბატაძე მსუყე დაფინანსების  მიუხედავად ვერ ხედავს, რომ ეს ბიუჯეტი ინსტრუმენტია სხვადასხვა რეფორმის განსახორციელებლად. შესაბამისად, დიდი ეფექტის და პოზიტივის მომტანად არ მიაჩნია.

„რეფორმებზე, ცვლილებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული არაა. იგი ორიენტირებულია მასწავლებელთა ხელფასების გაზრდაზე, რითიც სკოლის ვაუჩერული დაფინანსება იზრდება.  საერთაშორისო კვლევების მიხედვით კი ჩანს, რომ  რაც უფრო ზრდი ვაუჩერის ოდენობას და დაფინანსებას, შედეგები მით  უფრო იკლებს.

„ანუ სკოლებში ფინანსების გაზრდასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შორის ბმა არ არსებობს. მხოლოდ პედაგოგის  ხელფასის გაზრდა ხარისხს ვერ უზრუნველყოფს, თუკი ეს მასწავლებლებისა და სასკოლო სახელმძღვალეობის განვითარებაზე არაა მიბმული,“ – აღნიშნავს შალვა ტაბატაძე.

მოგეხსენებათ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია. ამჟამად მას კომიტეტებში განიხილავენ. 22 ოქტომბრამდე კი იგი შენიშვნებითა და წინადადაებებით  მთავრობას უკანვე  დაუბრუნდება.

თავის მხრივ, მთავრობამ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის განხილვის პროცესი, “საბიუჯეტო კოდექსითა“ და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება, სადაც პროექტს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი (ფინანსთა მინისტრი) წარადგენს.

პლენარული სხდომის ფორმატში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ – არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება, ხოლო მთავრობა ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრისა შეიტანს.
ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის ბოლო პარასკევამდე აქვს.

როგორ ნაწილდება განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის თანხები პრიორიტეტების მიხედვით

რა მიმართულებებით დახარჯავს განათლების სამინისტრო ყველაზე მეტ და ნაკლებ თანხებს 2017 წელს

2017 წლისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური