განათლების სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის ათვისების პრობლემა აქვს – რას ამბობს 6 თვის მონაცემები
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისებაში ჩამორჩენა აქვს.
ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში შესული ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვიდან ხდება ცნობილი, რომელიც კომიტეტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
“განათლების სამინისტროს თუ გამოვყოფთ, შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის კუთხით, აქ 90%-მდეა – 89,3%, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში 44%-მდე იყო შესრულების მაჩვენებელი. 9 თვის მაჩვენებლის ჭრილში თუ გადავხედავთ, ჯამში განათლების სამინისტროს მიერ ათვისებულია 2 მილიარდ 58 მლნ ლარი, რაც წლიურ გეგმასთან მიმართებაში არის 67%, ხოლო 9 თვის გეგმასთან მიმართებაში, შესრულების მაჩვენებელი 92%-მდეა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე.
დაფინანსების ათვისების პრობლემაზე კითხვები დასვეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა. კითხვები სხვადასხვა მიმართულებით თანხების აუთვისებლობის განმაპირობებელ მიზეზებს შეეხებოდა, მათ შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
“ყველა კითხვა ჯამში ინფრასტრუქტურის ათვისების ნაწილს შეეხებოდა. ამაზე პასუხი ერთია: ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სწრაფად გაკეთდეს ყველაფერი, იყოს ძალიან მაღალი ტემპი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობებში ფული იხარჯებოდა, მაგრამ ხარისხის ნაწილში იყო გარკვეული ჩამორჩენები, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მშენებლობის ნაწილი მთლიანად გადასულიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ახლა ის უზრუნველყოფს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორც უმაღლესების ნაწილში, ასევე საჯარო სკოლების შემთხვევაში. პროფესიულის [ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის] ნაწილი ამ ეტაპზე სამინისტროს ქვეშ დარჩება, თუმცა საბოლოო ჯამში, ისიც გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სწორედ ამ ცვლილებების ნაწილმა გამოიწვია [ათვისების შეფერხება]”, – განმარტა გიორგი კაკაურიძემ.
ასევე ხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება