GE

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა – როგორია ცენტრის სტრატეგიული ამოცანები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა, რითაც მომავალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის თითქმის ერთთვიანი პროცესი დასრულდა. სამოქმედო გეგმას ცენტრი წლის ბოლომდე ოფიციალურად დაამტკიცებს.

სამოქმედო გეგმა ცენტრის ხუთწლიანი, 2016-2020 წლების სტრატეგიის ბოლო წელს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ამოცანებს ისახავს მიზნად, როგორებიცაა:

  • ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერება;
  • ინტერნაციონალიზაცია;
  • განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება და კიდევ უფრო დაახლოება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან;
  • ექსპერტთა კორპუსის წევრების სერტიფიცირება;
  • ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების ხელახალი დაკომპლექტება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება;
  • საქართველოში არსებული კვალიფიკაციების სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა ევროპულ კვალიფიკაციებთან;
  • საჯარო სკოლების განმავითარებელი შეფასებების დაწყება და სხვა.

„ცენტრის მისია და დანიშნულება განსაზღვრავს მის განსაკუთრებულ როლს ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებასა და ევროპულ სივრცეში წარმატებულ ინტეგრაციაში. ეს გზა განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე გადის. მოსწავლეები და სტუდენტები, ზოგადად, ქართული საზოგადოება თანდათან იგრძნობს ქართული განათლების სისტემის ხარისხის ეტაპობრივი გაუმჯობესების შედეგებს, რაც ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს შედეგად. ახალი სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებით ახდენს რეალისტურად მიღწევადი ამოცანების იდენტიფიცირებას“, – განაცხადა სამოქმედო გეგმის განხილვისას ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მახარაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური