GE

„მასწავლებლის გარე დაკვირვებამ შესაძლოა, ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლოს“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ გამორიცხული არ არის გარე დაკვირვების პროცესმა, დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლოს. მისივე თქმით, შეეცდებიან რომ პედაგოგებმა, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო, გარე დაკვირვების გავლა ვეღარ შეძლეს, ეს პროცესი მომავალ სასწავლო წელს პირველივე სემესტრში დაასრულონ და სტატუსის ცვლილება იანვარში შეძლონ.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არაერთი დადგენილი წესის შეცვლა გახდა საჭირო, რომ განათლების მიწოდება-მიღების პროცესი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში განხორციელებულიყო. მასწავლებლებს, რომლებსაც გარე დაკვირვება სასწავლო წლის მეორე ნახევარში უწევდათ, ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურ გზას ვთავაზობთ: მათ უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე 2020-2021 სასწავლო წლისთვის გაიარონ რეგისტრაცია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების პროცესი შეუჩერდათ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველსავე სემესტრში მივცეთ მისი გავლის საშუალება, რათა იანვარში სტატუსის ამაღლება შეძლონ.

„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ გარე დაკვირვებამ შესაძლოა დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლოს. მიმდინარეობს დისტანციური გაკვეთილის სტანდარტისა და შეფასების რუბრიკის შემუშავების პროცესიც. ვინაიდან სწავლა-სწავლების პროცესში თითოეული მასწავლებელი ფასეულია როგორც პიროვნება და პროფესიონალი“, – აცხადებს ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ mastsavlebeli.ge-სთან ინტერვიუში.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, გარე დაკვირვების პროცესი იმ პედაგოგებისთვის შეჩერდა, რომლებსაც საკლასო დაკვირვება 2020 წლის 2 მარტის შემდეგ უნდა გაევლოთ. მოლოდინში მყოფმა პედაგოგებმა ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს  ერთიანი მიმართვა გაუგზავნეს, სადაც მასწავლებლები შესაფასებლად რაიმე ალტერნატივას ითხოვდნენ.

მიმართვაში პედაგოგები ასევე აფიქსირებდნენ, რომ ახალი ვადების განსაზღვრა არ იყო გამოსავალი, რადგან მათი თქმით, შეუძლებელია პანდემიის მიერ გამოწვეული ვითარების პროგნოზირება.

პედაგოგთა პასუხად, 13 მაისს მინისტრმა გარე დაკვირვების წესში ცვლილება შეიტანა, თუმცა იქ ალტერნატიულ გზებზე საუბარი არ არის. განხორციელებული ცვლილების თანახმად, პედაგოგები რომლებსაც წამყვანის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობა – გარე დაკვირვება 2 მარტიდან უნდა გაევლოთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციას 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში შეძლებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური