GE

გორის უნივერსიტეტი სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ახალ გაცვლით პროგრამებს შესთავაზებს

ხშირად, აბიტურიენტები არჩევანს იმ უნივერსიტეტებზე აკეთებენ, რომელიც გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მათ საინტერესო და მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. გაცვლითი პროგრამა კი ახალგაზრდა ადამიანისთვის კლასიკურ განათლებასთან ერთად კულტურის გაცნობის და თვალსაწიერის გაფართოვების კარგი საშუალებაა. სწორედ ამაზე საუბრობენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრანტ და ბაკალავრიატის სტუდენტებს ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა გააჩნიათ.  სასწავლებელში არსებული გაცვლით–საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც თავის მხრივ, უხვად შეიცავს კულტურულ-შემეცნებით კომპონენტსაც სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს.

unnamed (1)მირანდა ყაჩლავაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 1 წლის მაგისტრი)2011-2012 სასწავლო წელს ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი თესალონიკის „ალექსანდრეს სახელობის ტექნიკურ საგანმანათლებლო ინსტიტუტში“, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად მიწევდა სწავლა.  ალბათ, არ არსებობს სტუდენტი, რომლიც ამ პროგრამაში მონაწილეობით კმაყოფილი არ იყოს, ამ მხრივ გამონაკლისი კი არც მე გახლავართ.  გარდა იმისა, რომ ინგლისურ ენაზე მიწევდა უნივერისტეტში სწავლა, შესაძლებლობა მქონდა გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, შემეძინა ბევრი მეგობარი და ბევრი მემოგზაურა მათთან ერთად. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ  იქ გატარებული დრო საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში.

– თქვენი გამოცდილებით, რამდენად მნიშვნელოვანია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა?

– ვფიქრობ, გაცვლით პროგრამაში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ გორის უნივერისტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაეთონ სხვადასხვა პროექტებში და ამ მხრივ მიიღონ გამოცდილება. ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან შეხება, სხვადასხვა  ქვეყნის კულტურის გაცნობა, მეტი დამოუკიდებლობა, ენის დონის გაუმჯობესება და სხვა ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს სტუდენტის ცხოვრებაზე და მეტ შესაძლებლობებს აძლევს მომავალი ცხოვრებითვის.

– რა პირობებში გიწევდათ ცხოვრება და როგორი იყო სწავლის დონე მიმღებ სასწავლებელში?

– სტუდენტებს გვქონდა სტიპენდია, რაც აბსოლუტურად საკმარისი იყო ცხოვრებისთვის. რაც შეეხება სწავლას, სასწავლო პროცესი გათვლილი იყო იმაზე, რომ გვესწავლა არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ გაგვეუმჯობესებინა ინგლისური ენის ცოდნის დონეც. გვიწევდა პრეზენტაციების გაკეთება, თემების დამუშავება, რაც საბოლოო ჯამში დამეხმარა, რომ შემეძინა ისეთი უნარები, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი სტუდენტისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ  Erasmus პროგრამა გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კულტურულ გაცვლასაც. ამიტომ, უნივერსიტეტის და ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაცია ESN-ის ინიციატივით, ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე, რაც დამატებით ხიბლს სძენდა სწავლის პროცესს.  ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა სტუდენტს ვურჩევ მაქსიმალურად ჩაერთონ ასეთ პროექტებში და მიიღონ მონაწილეობა.

ხატია ნადირაძე, (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის ბაკალავრი) ერასმუსის, კონკრეტულად კი BACKIS-ის პროგრამით 6 თვის განმავლობაში ლიტვაში იმყოფებოდა, ამჟამად კი თურქეთშია, სადაც MEVLANA-ს გაცვლითი პროგრამით სარგებლობს.

– ამჟამად თურქეთში, რიზეში ვცხოვრობ, გოგონების საერთო საცხოვრებელში. აქაური კულტურა და ტრადიციები ძალიან განსხვავდება ევროპისაგან. გაცვლითი პერიოდის საწყის ეტაპზე ეს სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემი იყო, მაგრამ ადამიანი შეძლებისდაგვარად ყველაფერს ეგუება და მეც ყველანაირად შევეცადე ავყოლოდი რიზეს ცხოვრების რიტმს. ვთვლი, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა ნახოს და გამოსცადოს ცხოვრებაში, რათა გაიგოს რა არის მისთვის მისაღები თუ მიუღებელი, მრავალფეროვნება გვაძლევს გამოცდილებას, რითიც ვხელმძღვანელობთ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში.

გაცვლითი პროგრამები, ჩემს ამჟამინდელ უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი წელია რაც აქტიურად იღებს სტუდენტებს, აქედან გამომდინარე, არაა დახვეწილი ეს სისტემა, არის ხარვეზები ენის ბარიერთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვთვლი, რომ ამის მიუხედავად, უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს სწავლება. სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა, სწავლის ხარისხი და სტუდენტთა მონდომება სააკმაოდ დიდია, რაც ხელს შეუწყობს ასევე გაცვლითი პროგრამების განვითარებასაც.

unnamed (2)გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული ურთიერთობების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზურა ზურაბაშვილი, უნივერსიტეტის მიერ დასახული ახალი გეგმების, სამომავლო პროექტებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ Aris.ge-განათლებას ესაუბრა.

– გვიამბეთ წლის განმავლობაში გორის უნივერსიტეტში განხორციელებული გაცვლითი პროგრამების შესახებ?

– 2014/2015 სასწავლო წლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინსტიტუციურ დონეზე ხორციელდებოდა ორი ტიპის მობილობის პროგრამა: მევლანას მობილობის პროგრამა, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, განახორციელონ მობილობა თურქეთის რესპუბლიკის 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერასმუს მუნდუსის მობილობის პროგრამა, სადაც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, განახორციელონ მობილობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

– როგორ და რა პრინციპით ახდენთ მსოფლიოს მასშტაბით კონკრეტული უნივერსიტეტების შერჩევას და მათთან გარკვეული შეთანხმების მიღწევას?

– გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების 6-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, შერჩეულია სტრატეგიული სამიზნე ქვეყნები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები; უნივერსიტეტებს შორის მყარდება კავშირი ბილატერულ დონეზე, ხოლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ხელმომწერი მხარეები სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებენ.

– რა ტიპის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ გორიდან უცხოეთში წასულ სტუდენტებს, ხდება თუ არა უცხური სასწავლებლებიდან იქ გავლილი კურსის თუ სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა?

– გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ ეუფლებიან ცოდნას მობილობის პროგრამების ფარგლებში, სწავლის დასრულებისას, შესაბამისი სწავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მასპინძელი უნივერსიტეტიდან იღებენ, ხოლო გავლილი კურსების აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.

– რა ინტენსივობით სთავაზობთ სტუდენტებს ასეთ პროგრამებს და როგორ ხდება მათი ინფორმირება, რამდენად მაღალია დაინტერესებულთა აქტივობა?

-ინსტიტუციურ დონეზე არსებული მობილობის პროგრამების ხორციელდება წელიწადში ერთხელ; სტუდენტების ინფორმირება ხდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, საინფორმაციო მონიტორებზე და საინფორმაციო დაფებზე მობილობის პროგრამების შესხებ ინფორმაციის განთავსების შედეგად. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი პერმანენტულად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან. რაც შეეხება ინტერესს, უნივერსიტეტის სუდენტების ჩართულობა მობილობის პროგრამებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია.

– და ბოლოს, იწყება ახალი სასწავლო სეზონი, აბიტურიენტებისთვის რომ განმარტოთ, რა უახლოესი გეგმები აქვს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტს?

– 2015/2016 სასწავლო წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინსტიტუციურ დონეზე ორი ტიპის მობილობის პროგრამა განხორციელდება ეს არის  ერასმუს მობილობის პროგრამა და მევლანას მობილობის პროგრამა;

ასევე, იგეგმება ბილატერული შეთანხმებების საფუძველზე ახალი მობილობის პროგრამების შეთავაზება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში.

გიორგი სოსიაშვილი: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი დასაქმებულია“

გიორგი არის© ედიშერაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური