GE

გორის უნივერსიტეტში ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

2022 წლის 9 ივნისს გორის უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩამოსული ქართველი მეცნიერებისა და გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების მონაწილეობით თავდადებული ქართველი მამულიშვილის, პოლიტიკური ემიგრანტის ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925 წწ.) დაბადებიდან 175-ე წლისთავისადი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. გაიხსენეს პიროვნება, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთან, ქართულ ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობასთან აქტიური თანამშრომლობის ათწლეულები აკავშირებდა. თუ იმპერიის შიგნით ეროვნული ძალების შემაკავშირებლისა და წინამძღოლის ფუნქციას ილია ჭავჭავაძე ასრულებდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ XIX-XX საუკუნეების სამანზე, მის ფარგლებს გარეთ ევროპაში, ეს მძიმე და საპასუხისმგებლო მისია სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილმა იტვირთა.

სამწუხაროდ, ჯერ მეფის რუსეთის, ხოლო 1921 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ დევნილი ქართველი პატრიოტის სახელი, მისი დამსახურებები სამშობლოს წინაშე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია. სწორედ საზოგადოებაში დიდი მამულიშვილის ცნობადობის ამაღლებას, მისი ღვაწლის სათანადოდ წარმოჩენას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრა. იგივე მიზანს ემსახურება ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში, საიუბილეო ღონისძიებების ინიციატორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, პირველად სწორედ გორის უნივერსიტეტი მასპინძლოს.

შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. ვარლამ ჩერქეზიშვილის ღვაწლზე ისაუბრეს პროფესორებმა გოჩა ფერაძემ, ელდარ ბუბულაშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა თაკო დუმბაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური