GE

გულშემატკივრების სიმრავლე აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით? – სპეციალისტის რეკომენდაცია გამოცდაზე გაყოლის მსურველებისთვის

როცა ივლისის ცხელი დღეა, ნიავსა და დასვენებაზე ოცნებობთ, მარაოთი გრილდებით ან ავტომობილიდან შეწუხებული მზერით იყურებით, შესაძლოა, თვალი მოკრათ რომელიმე საგამოცდო ცენტრის წინ შეკრებილ ადამიანთა დიდ ჯგუფს. ჯერ იქნებ საპროტესტო აქციაც კი გეგონოთ ან ამან 90-იანი წლების პურის რიგი გაგახსენოთ, მაგრამ მალევე იაზრებთ, რომ ეს აბიტურიენტების და მათი გულშემატკივრების უწყვეტი რიგია… ეს მიზანდასახული „ბავშვები“ მოშიშვლებულ სივრცეში დგანან და სიცხეს დიდი ღელვაც ემატება… ჰოდა, რა არის უცნაური, ასეთ დროს შვებასაც თუ იგრძნობთ და აღმოგხდებათ: „უჰ, რა კარგია, რომ აბიტურიენტი არ ვარ“… „რა კარგია, რომ აბიტურიენტი შვილი არ მყავს“…

ამ პათოსით შეპყრობილს, შესაძლოა სხვა, თქვენზე თამამი და სიცხით შეწუხებული ქალბატონის ხმაც შემოგესმათ – „აბიტურიენტებს გამოცდა აქვთ, გავიგე, მაგრამ რა უნდა ასეთ პაპანაქება სიცხეში ერთად შეკრებილ ამდენ ადამიანს?!“. არ არის უადგილო შენიშვნა და არცთუ ცოტაა ამ აზრზე, თუმცა აქ კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ნუ გავიწყდებათ, გულშემატკივრები მოუსვენარი და ინტერესიანი ხალხია…

მოდით ერთად დავფიქრდეთ, გამოცდის დღეს გულშემატკივრების სიმრავლე აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით? და მართლაც, რატომ იკრიბება ამდენი ადამიანი?

EDU.ARIS.GE ამ კითხვაზე პასუხის გარკვევას ფსიქოთერაპევტ ლეილა ლომუაშვილისგან შეეცდება. მით უფრო, რომ ჩვენი რესპონდენტი სულ რაღაც 2 წლის წინ იყო აბიტურიენტი შვილის გულშემატკივარი, მაგრამ ამბობს, რომ გამოცდებზე თავად არ დაჰყვებოდა, რადგან სურდა, მოზარდს დამოუკიდებლად შეძლებოდა თავის გართმევა საგამოცდო სირთულეებისთვის.

– რა შეიძლება იყოს ფსიქო-სოციალური ფაქტორი იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებთან ყოველ წელს გულშემატკივართა ხალხმრავლობაა?

– რადგან  გულშემატკივართა შორის  უმრავლესობა მშობელია, აქ უკვე უცვლელ ტენდენციაზეც შეგვიძლია საუბარი. ავხსნი რას ვგულისხმობ: ე.წ. სეპარაციის – მშობლებისგან გამოყოფის სურვილი მოზარდობის ასაკში ძლიერია და ლოგიკურიც არის. შესაძლოა, ეს ბევრი მშობლისთვის მიუღებლადაც ჟღერდეს, რატომ უნდა განაცალკევდეს შვილი მისგან, მაგრამ ასეა, ურთიერთობებში ოქროს შუალედის პოვნა გვიჭირს. თუნდაც შვილს არ უნდოდეს, რომ გავყვეთ გამოცდაზე, მაინც მივყვებით, ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. არადა, როგორც აღვნიშნე, აბიტურიენტების ასაკი სწორედ ის დროა, როდესაც ბოლომდე უნდა დასრულდეს ადამიანის სეპარაცია მშობლისგან. ხშირად, ამას თავად მშობელი უშლის ხელს, ამასაც თავისი რიგი მიზეზები აქვს, როგორც ყველაფერს და ეს შემთხვევაც (გულშემატკივრების ხალხმრავლობა საგამოცდო ცენტრებთან) ამის ნათელი მაგალითია.

– ვინ უნდა გაჰყვეს აბიტურიენტს გამოცდაზე ან უნდა გაჰყვეს საერთოდ ვინმე? რა რჩევას მისცემდით მათ, როგორც ფსიქოლოგი

– გეტყვით. უნდა გაჰყვეს თუ არა ვინმე და ვინ, ეს თვითონ აბიტურიენტის გადასაწყვეტი უნდა იყოს. ზოგისთვის გულშემატკივრები საყრდენია, ზოგს კი მეტად თრგუნავს. ასე, რომ, გულშემატკივრობის მსურველსაც ვურჩევდი, ჯერ  ნებართვა აიღონ და ჰკითხონ აბიტურიენტს უნდა თუ არა გაყოლა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აბიტურიენტი გამოცდაზე მარტო შედის, მარტო წერს ტესტს. მას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ რაც არ უნდა გვერდით ედგას გულშემატკივარი, მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდნის იმედი უნდა ჰქონდეს.

– ლეილა, როგორ ფიქრობთ, გულშემატკივრის სიმრავლე გამოცდაზე, აბიტურიენტის განწყობას ამაღლებს თუ პირიქით?

– აქაც ინდივიდუალურია და თვითონ აბიტურიენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, განწყობა აუმაღლდება თუ -პირიქით. ზოგს მეტად სჭირდება გარეგანი  მოტივატორი, ზოგს კი, ამ ასაკშიც უკვე აქვს საკუთარი ძლიერი საყრდენი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამორიცხავს სხვისგან მხარდაჭერის მიღების სურვილს.

– მაშინ რა შემთხვევაშია გამოცდაზე გულშემატკივრებთან ერთად მისვლა ხელისშემშლელი და რა შემთხვევაში პირიქით?

– როცა სასურველია, ყოველთვის ექნება მხარდაჭერის ფუნქცია, შესაბამისად, ხელისშემშლელია მაშინ, როცა საკუთარი ნების წინააღმდეგ, აბიტურიენტს თავს ახვევენ “გულშემატკივრობას”. ცალკე განხილვის საკითხია პირი, ვინც აბიტურიენტს გამოცდებზე მიჰყვება. რამდენად არის ის დადებითი პიროვნება, რამდენად შეუძლია გამხნევება, მოტივაციის მოცემა, ემპათიის გამოხატვა…

– რას ურჩევდით მათ, ვინც მარტო აპირებს გამოცდაზე მისვლას

– დარწმუნებული ვარ, რადგან ასე გადაწყვიტეს, მათ აქვთ ამისთვის მყარი მიზეზები. შესაბამისად, მათთვის ასე მეტად კომფორტული იქნება. ვიმედოვნებ, ეს იყოს საკუთარი საყრდენიდან და ძლიერი ნაწილიდან მიღებული გადაწყვეტილება და არა პროტესტიდან ვინმეს მიმართ (რაც ხშირად ახასიათებთ მოზარდებს).

– მიმართეთ 2023 წლის აბიტურიენტებს

– მინდა, ყოველთვის სჯეროდეთ საკუთარი თავის, მიუხედავად გამოცდების ან სხვა შედეგებისა ცხოვრებაში. არ შეაფასოთ თავი გარე შედეგების საფუძველზე. ნებისმიერი თქვენგანი ფასეულია. ყველა შემთხვევაში და ყოველთვის გახსოვდეთ – “არ არსებობს მარცხი, არსებობს უკუკავშირი”.

ასევე იხილეთ:

„გამოცდის წინა ღამით არ დაპანიკდეთ, თუკი არ დაგეძინებათ!“ – 7 პრაქტიკული რჩევა აბიტურიენტებს გამოცდილი გულშემატკივრისგან

„თქვენი ნერვები ნამდვილად არ ღირს ამათ ჭირიან გამოცდებად!“ – მიმართვა აბიტურიენტებს

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური