„გულწრფელობა, სიმკაცრე და სერიოზული რეფორმები“ – რა სურთ გამართული განათლების სისტემისგან ბათუმელ სკოლის ლიდერებს
„მოსწავლე იმ ცოდნას ვერ ღებულობს, რაც სკოლაში უნდა მიიღოს“, – ეს ფრაზა ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ეკუთვნის და ადასტურებს, რომ სკოლის ლიდერს სისტემის განვითარება ნამდვილად სურს.
განათლების სისტემის გამართულობა, მოქნილობა და დახვეწა რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნაა, ეს ყველგა რეგიონში იგრძნობა. განათლების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას, რაც სასკოლო ცხოვრებასთან ან აბიტურიენტებთან არის დაკავშირებული მუდმივად ისმის ფრაზა, რომ “განათლების სისტემა დასახვეწია”. ფრაზა ზოგადია, თუმცა საინტერესოა, ვის რა ესახება გამოსავლის გზად საკუთარი რეგიონის მაგალითზე.
EDU.ARIS.GE-მ საჯარო სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციების წარმომადგენლებსა და მთლიანად, სასკოლო საზოგადოებას ერთი კითხვით მიმართა – რას ვისურვებდი გამართული განათლების სისტემისგან და როგორია ჩემი პრაქტიკული ხედვა?
ჩვენ ბათუმის რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოვკითხეთ და პირველ სტატიაში სწორედ აჭარის ხმას გავაჟღერებთ. აღმოჩნდა, რომ სისტემის გამართვის აუცილებლობაზე თითოეულ ხელმძღვანელს უფიქრია და გასაკეთებელი რომ ბევრია, ამ საკითხზე ღიად საუბრობენ.
„გამართული განათლების სისტემისგან ჩვენ ველოდებით, რომ რეფორმების გატარებისას მასწავლებლების მოსაზრებები მეტად იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან მასწავლებელმა უკეთესად იცის კლასისა და მოსწავლის საჭიროებები“, – გვითხრა ნონა ბერიძემ, რომელიც ბათუმის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა.
მისი ხედვით, მასწავლებლები განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმების ეტაპზე უნდა იყვნენ ჩართული, რაც დღეს არცთუ ხარისხიანად კეთდება და გვიხსნის, რომ განათლების სისტემა მასწავლებლებს ინფორმაციას აწვდის, შეკითხვებსაც უსვამს, თუმცა ხდება ისეც, რომ პედაგოგები ხშირად გულწრფელები არ არიან.
„სასურველია, ჩატარდეს ერთგვარი გამოკითხვა, თუმცა ასეთ დროსაც მასწავლებელი ბოლომდე გულწრფელი არ არის. ფიქრობს ერთს, მაგრამ რატომღაც თავს იკავებს. არის მომენტები, როდესაც ადამიანებს ეშინიათ ცვლილებების. როცა რაიმე რეფორმა შემოდის სკოლაში, ყოველთვის მასწავლებელს ეკითხებიან, მაგრამ მასწავლებელი ყველაფერს არ აფიქსირებს. პირად საუბრებში უფრო გულწრფელები არიან, თუმცა როცა განათლების სამინისტრო ატარებს გამოკითხვას, რატომრაც ყველაფერს ღიად აღარ ამბობენ. მასწავლებლების მეტი ჩართულობა მოსწავლეს მოუტანს უკეთეს გარემოს, შექმნის უკეთეს სასწავლო პროცესს და პედაგოგიც უფრო გულწრფელი, უფრო ახლოს იქნება მოსწავლესთან. რიგ შემთხვევაში, მასწავლებელი და მოსწავლე, სამწუხაროდ, დაშორდა ერთმანეთს”, – გვეუბნება ბათუმის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.
ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული ხედვები აქვს ჩვენს მიერ დასმულ საკითხზე კიდევ ერთი სკოლის დირექტორს, ვისი ოცნებაც “ისეთი სკოლის შექმნაა, რომლის კურსდამთავრებული სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში და დამატებითი რეპეტიტორები არ დასჭირდება“.
გივი ხალვაში ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორია და ფიქრობს, რომ გამართული განათლების სისტემა იმდენად პრობლემატური საკითხია, ერთი და ორი წინადადებით ვერ იტყვის.
თვლის, რომ უპირველეს ყოვლისა, პროგრამები, სკოლის სასწავლო ბადე და სახელმძღვანელოებია გადასახედი. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოგვარდეს, რომ მოსწავლე ხალისით მოდიოდეს სკოლაში და არ უჩნდებოდეს რეპეტიტორებთან სიარულის სურვილი და საჭიროება.
„მე ასე მესახება იდეალური განათლების სისტემა: სკოლის დონეზე, შეიქმნას ისეთი სკოლა სადაც მოსწავლე მიიღებს ისეთ ცოდნას, რომელსაც არ დასჭირდება რეპეტიტორი. წელს, როდესაც მისაღები გამოცდები დამთავრდა და შედეგები გახდა ცნობილი, ყველა ტელევზიით თვალს ვადევნებდი, თუ რა პასუხებს სცემდნენ ჩარიცხული აბიტურიენტები ჟურნალისტებს. ყველა ამბობდა, რომ ისინი მადლიერები იყვნენ რეპეტიტორების და ერთი შემთხვევაც ვერ დავაფიქსირე, მადლობა მასწავლებლისთვის გადაეხადათ. გამოდის, რომ დღეს ჩვენი სისტემა ისეა აწყობილი, მოსწავლე იმ ცოდნას ვერ ღებულობს, რაც სკოლაში უნდა მიიღოს. ეს გლობალური საკითხია და სერიოზული დაფიქრება სჭირდება. რა მოცემულობა გვაქვს დღეს, ჯერ სკოლა არ დაწყებულა და მშობლები დაკავებულები არიან რეპეტიტორების ძებნით. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც ჩანს ჩვენი სისტემა საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, სერიოზულ რეფორმებს“, – გვიხსნის სკოლის დირექტორი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მოსწავლეთა მოსწრებაზე აქვს გავლენა და რომელზეც სკოლის ხელმძღვანელი აქცენტს აკეთებს, სასკოლო ინფრასტრუქტურა და სკოლის შესაძლებლობებია, სადაც, როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეთა დიდი კონტინგენტის გამო, გაკვეთილების რაოდენობის გაზრდა მოუწიათ:
„მე ქალაქის სკოლაში ვმუშაობ და ჩვენი სკოლები ძალიან გადატვირთულია. მაგალითად რომელ სკოლაშიც მე ვმუშაობ, ის აშენებული და გათვლილია 960 მოსწავლეზე, ახლა ჩვენთან 2 460 მოსწავლე სწავლობს. ძალიან რთულია ასეთი სკოლის მართვა. ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას. ასევე, 6 დღიანი სწავლებიდან 5 დღიანზე გადასვლის შემდეგ კვირის დატვირთვა არ შეცვლილა და გაიზარდა დღიური დატვირთვა, რაც სწავლების ხარისხზე მომქმედებს. 7 გაკვეთილი მოსწავლისთვის ძალიან ბევრია, ძალიან იღლებიან, ჩნდება გაკვეთილის გაცდენის რისკი. მოსაგვარებელია ბავშთა კვების საკითხი“.
იდეალური და გამართული განათლების სისტემის წარმოდგენა გაუჭირდა ბათუმის მეათე საჯარო სკოლის დირექტორს. დავით ეცადეიშვილი თვლის, რომ საჭირო ნაბიჯებს ახლანდელ განათლების სისტემაშიც დგამენ, მაგრამ სიმკაცრეა გასაზრდელი.
სწორი ნაბიჯების მაგალითად სკოლის ლიდერს ზოგადი განათლების საფეხურზე პროფესიული განათლების სისტემის შემოღება მოჰყავს, რომელიც ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში უკვე დანერგილია. ასევე თვლის, რომ მესამე საფეხურზე პროფილური განათლების შემოღების ფაქტი მოსწავლეებს ისეთი ცოდნის მიღებაში დაეხმარება, რომ მათ რეპეტიტორებთან მომზადება ნაკლებად დასჭირდეთ.
„ჩემი აზრით, საჭიროა არსებული წესების, გამკაცრება. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რამდენად მისაღებია სიმკაცრე სისტემისთვის. მაგალითად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვიტყოდი, რომ სანამ უკეთესი მოდელი არ არსებობს, ალბათ, კარგია და მისი გაუქმება სწორი არ იქნება. რაიმე ტიპის სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდა აუცილებლად უნდა არსებობდეს. თუ ბარიერი ცოტათი აიწევს, ამასაც ვგულისმობ გამკაცრებაში და მისაღებ გამოცდებზე მეტი კომპეტენცია იქნება საჭირო, რასაც მივესალმები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაანონსებას დადებითად შევაფასებ, თუმცა რა ფორმით, როგორ, რამდენ საგანში და რანაირად ჩატარდება, ჯერ ამის შესახებ არაფერი ვიცით”, – გვიხსნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი.
ასევე იხილეთ:
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება

