„მათემატიკისთვის კვირაში 4 საათის დათმობა მხოლოდ ერთს ნიშნავს – VI კლასში საგნის სწავლების ჩავარდნას“
„დანაშაული“ – ყველაზე ხშირად ამ სიტყვას იყენებდნენ პედაგოგები, რომლებიც EDU.ARIS.GE-ს მას შემდეგ სწერდნენ, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე, საჯარო სკოლების საათობრივი ბადე გაუგზავნა. დოკუმენტით, რომელიც კონკრეტული საგნებისთვის გამოყოფილ საათებს ადგენს და გაირკვა, რომ მათემატიკას, მეექვსე კლასში, კვირაში 4 საათი ეთმობა.
რომელ საგანს რა დრო დაეთმობა ახალი სასწავლო წლიდან – სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს
დოკუმენტის მიხედვით, მათემატიკას, თითოეულ კლასში, გარდა მეექვსე კლასისა, კვირაში ხუთი საათი ეთმობა. მეექვსე კლასის ორივე სემესტრში, უწყების მოსაზრებით, მათემატიკისთვის კვირაში 4-4 საათის დათმობა საკმარისია. პირველი კლასის შემთხვევაში კი, რეკომენდირებულია 4/5 საათი.
მართალია, სამინისტროს მიერ შემუშავებული საათობრივი ბადე, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, (სწორედ ასეა სამინისტროს წერილი დასათაურებული) მაგრამ როგორც ირკვევა, საჯარო სკოლების დიდმა ნაწილმა (თუ ყველამ არა) იგი უცვლელად მიიღო და დანერგა, რასაც მათემატიკის პედაგოგების აღშფოთება მოჰყვა. მასწავლებლები, ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან, გვწერენ, რომ მათემატიკისათვის კვირაში 5 საათის დათმობაც კი ძალიან ცოტაა, რომ აღარაფერი ვთქვათ 4 საათზე. აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – მეექვსე კლასში საგნის სწავლების ჩავარდნას. ზოგიერთი პედაგოგი იმასაც ამბობს, რომ მეოთხე კლასის ზევით მათემატიკას კვირაში 7 საათი უნდა ეთმობოდეს, თუკი სკოლას ამ საგნის ჯეროვან სწავლებაზე აქვს პრეტენზია.
ასეთი აღშფოთების მიუხედავად, მასწავლებლების დიდი უმრავლესობა, რომლებიც საჯარო სკოლაში არიან დასაქმებული, თემის პრობლემურობაზე საუბარს ღიად ვერ ბედავს და ჩვენ, მედიას, მხოლოდ იმას გვთხოვს, რომ საკითხი „შესაბამის სტრუქტურამდე“ მივიტანოთ.
EDU.ARIS.GE-მ ნეიტრალური რესპონდენტი შეარჩია. შევეცადეთ, თემაზე შეფასებები და რისკების შესახებ მოსაზრებები მოგვესმინა პედაგოგისგან, რომელიც საჯარო სკოლაში არ მუშაობს და საათების რაოდენობასთან დაკავშირებით პირადი დაინტერესება არ გააჩნია. ვკითხეთ ისიც, თუ რამდენი საათი ეთმობა ერთ-ერთი ძირითადი საგნის შესწავლას კერძო სკოლაში, რომელსაც საჯარო სკოლებთან შედარებით, მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს.
ლალი ზუმბაძე თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია, პედაგოგობის მრავალწლიანი პრაქტიკით. ათეულობით წელია მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის როგორც სკოლაში, ისე კერძოდ. იგი ეთანხმება კოლეგების მკაცრ შეფასებას და დასძენს, რომ მეექვსე კლასში პროგრამის „გადარბენით“ გავლის შედეგები მე-11-მე-12 კლასში იჩენს თავს და არასასიამოვნო ნაყოფს უმაღლესში მისაღები გამოცდების დროს გამოიღებს.
ლალი ზუმბაძე: მოგეხსენებათ, დიდი მათემატიკოსი, ასტრონომი და ფიზიკოსი კარლ ფრიდრიხ გაიუსი მათემატიკას მეცნიერებების დედოფალს უწოდებდა. „მათემატიკა არის ანბანი, რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო“ – ამბობს გალილეო გალილეი. დღევანდელ ეპოქაში მათემატიკის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება. ფიზიკის, ტექნოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა სფეროების ამოცანების წარმატებით გადაჭრა წარმოუდგენელია მათემატიკის გარეშე. მე–20 საუკუნეში კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, მათემატიკის გამოყენების არეალი მკვეთრად გაფართოვდა და მან, პირდაპირად თუ ირიბად, ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ნაწილში შეაღწია. აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე მოთხოვნებს, ჯერ კიდევ სკოლაში, სადაც მათემატიკის ანა-ბანას ვეცნობით, ამ საგნის სწავლებას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს.
მე-6 კლასში კვირაში მხოლოდ ოთხი საათი ნამდვილად არ არის საკმარისი მათემატიკაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის სრულყოფილად ასათვისებლად. ვეთანხმები იმ პედაგოგებს, რომლებიც ფაქტს „დანაშაულად“ აფასებენ.
– როგორია პროგრამა მეექვსე კლასში? რამდენად დიდია მასალა და რამდენად ადვილი დასაძლევი? რა ფუნდამენტს ქმნის ეს კლასი შემდეგი კლასებისა და უფრო რთული მასალისთვის?
– მეექვსე კლასში მოსწავლეები შეისწავლიან მოქმედებებს წილადებსა და ათწილადებზე, რომლის სრულყოფილი ცოდნა, შემდეგი კლასებისა და უფრო რთული მასალისთვის, მართლაც რომ ფუნდამენტია. მე-6 კლასის ბოლოს ამ საკითხის არასრულფასოვნად ცოდნა იგივეა, რომ მე-5 კლასელ მოსწავლეს არ შეეძლოს ნატურალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს როგორც ბრტყელი, ისე სივრცული გეომეტრიული ფიგურების თვისებების შესწავლას, გეომეტრიულ გარდაქმნებს, პროპორციას, პროცენტს, მონაცემთა ანალიზსა და სტატისტიკის ელემენტებს.
ასეთი მრავალფეროვანი მასალის ათვისება მე-6 კლასელი მოსწავლეებისთვის ადვილი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ათვისებულ მასალას განმტკიცება სჭირდება. ხშირ შემთხვევაში ძირითად სახელმძღვანელოში მოცემული პრაქტიკული სავარჯიშოები (ტესტები, მაგალითები, ამოცანები) არასაკმარისია მოცემული თემის სრულყოფილად შესასწავლად და პედაგოგებს მუდმივად დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება გვიწევს. ხშირია შემთხვევა როცა, გარკვეული დროის გავლისას მოსწავლეს ავიწყდება წინა მასალა (არადა მოგეხსენებათ, მათემატიკა მრავალსართულიან შენობას გავს – თუ ქვედა სართული მტკიცედ არ ააშენე, მომდევნო სართულს ისე ვერ დააშენებ), ამიტომ იძულებულნი ვართ განვლილ მასალას კიდევ და კიდევ მივუბრუნდეთ…
– სხვა კლასებში, სამინისტროს მიერ, კვირაში 5 საათია რეკომენდებული. ეს დრო რამდენად საკმარისია, მით უფრო მაღალ კლასებში?
– უფრო მაღალ კლასებზეც იგივე შეიძლება ითქვას. დროთა განმავლობაში მოსწავლეების კოგნიტური უნარები უფრო და უფრო ვითარდება, მაგრამ ასევე უფრო და უფრო რთულდება პროგრამაც. 5 საათი ნამდვილად არ არის საკმარისი პროგრამის დასაძლევად.
– თქვენს სკოლაში როგორაა გადანაწილებული ბადე და რამდენად ახერხებთ მოცემულ საათებში მასალის/წიგნების ჯეროვნად ათვისებას?
– ჩვენს სკოლაში მე-5, მე-6 და მე-9 კლასებში მათემატიკას კვირაში ექვსი საათი აქვს დათმობილი. გარდა ამისა, მე-5 კლასში დამატებით კიდევ ტარდება კვირაში 6 გაკვეთილი (ასე ვთქვათ „გახანგრძლივებული“), რა დროსაც პედაგოგები მოსწავლეებს ახსნილი მასალის განმტკიცებაში, საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარებიან. მე-7, მე-8 და მე-10 კლასებში მათემატიკა კვირაში 5-ჯერ ტარდება და მასალის ჯეროვნად ათვისება, ყველაზე მეტად, სწორედ ამ კლასებში გვიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში უფრო მცირერიცხოვანი კლასებია და თითოეულ მოსწავლეს შედარებით მეტი დრო ეთმობა. რაც შეეხება მე-11 და მე-12 კლასებს, მათემატიკისთვის კვირაში 7 საათია დათმობილი.
– ყოველ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკის გამოცდის შემდეგ აბიტურიენტებიცა და მშობლებიც საუბრობენ იმაზე, რომ გამოცდა ძალიან რთული იყო, აბიტურიენტების დიდ ნაწილს უჭირს არათუ მაღალი ქულის აღება, არამედ ბარიერის გადალახვაც კი. რამდენად შესაძლებელია არსებული სასწავლო ბადის პირობებში მოსწავლე იმ სტანდარტებზე გავიდეს, რასაც ეროვნულ გამოცდაზე სთხოვენ?
– გეთანხმებით, ყოველ წელს არც ერთი სხვა საგნის გამოცდის შემდეგ არ არის ისეთი აჟიოტაჟი ატეხილი, როგორც მათემატიკის გამოცდის შემდეგ. აბიტურიენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტესტები რთულია. ამ სირთულეს მრავალი მიზეზი აქვს. ზოგადად, მათემატიკა რთული მეცნიერებაა. ამ საგნის სრულყოფილად შესწავლას დიდი ძალისხმევა, დაფიქრება, მუდმივი მეცადინეობა სჭირდება.
უნდა ვაღიაროთ მოსწავლეთა მხრივ ბოლო ათწლეულებში დამკვიდრებული არასწორი მიდგომა: მათი უმრავლესობა წლების განმავლობაში ზარმაცობს იმ იმედით, რომ მე-11 – მე-12 კლასებში დამატებით რეპეტიტორებთან მოემზადებიან და ეს საკმარისი იქნება. სინამდვილეში ერთი და თუნდაც ორი წელი არაა საკმარისი ამ საგნის სრულყოფილად შესასწავლად. ამ დროში შეიძლება გაიარო, უფრო სწორად, „გაირბინო“ პროგრამა, მაგრამ ვერ გამოიმუშავებ იმ უნარებს, რაც სწრაფი ლოგიკური აზროვნებისათვისაა საჭირო. ამიტომაც, აბიტურიენტები ჩივიან, რომ საგამოცდო ტესტებში მოცემული საკითხების რაოდენობა (სულ 41 საკითხი) მეტისმეტად ბევრია, ხოლო დრო (3საათი) არასაკმარისი. მართალია, 41 საკითხიდან 37 დახურული დაბოლოების მქონე ტესტია (ასე ვთქვათ, „შემოსახაზი“), მაგრამ სწორი პასუხის მისაღებად თეორიული ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების გარდა, უამრავი გამოთვლის სწრაფად შესრულებაა საჭირო. ამ გამოთვლებს კი მოსწავლეები სწორედ მე-6 კლასში ეუფლებიან. ასე რომ, მე-6 კლასში მათემატიკისათვის მხოლოდ 4 საათის დათმობა მართლაც რომ დანაშაულია!
– ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ აბიტურიენტების დიდ უმრავლესობას (ფაქტობრივად, აბსოლუტურ უმრავლესობას) ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორი სჭირდება? საჯარო სკოლა ვერ უზრუნველყოფს მისთვისვე გაწერილი პროგრამის ათვისებას?
– ზოგადად, სკოლაში რომ მრავალი პრობლემა დაგროვდა, ამაზე დღეს აღარავინ კამათობს. დღესდღეობით სკოლა სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის დანიშნულებას – ნებისმიერ მოსწავლეს მისცეს საშუალო განათლება. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ყველა პედაგოგი თანხმდება იმაზე, რომ შეცდომა იყო სასკოლო გამოცდების გაუქმება. მართალია, სკოლათა უმრავლესობა, საკუთარი გადაწყვეტილებით, სხვადასხვა კლასში გამოცდებს ნიშნავს, მაგრამ ამ გამოცდებს არ აქვს ის ძალა, რაც ქონდა თუნდაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნულ საყოველთაო ე.წ. „კატ“-ის გამოცდებს. სწავლა-სწავლების პროცესი, ისევე, როგორც უამრავი სხვა პროცესი, პანდემიის პერიოდში ძალიან დაზიანდა. ონლაინ მეცადინეობის პერიოდში შემცირდა გაკვეთილების რაოდენობა და მათი ხანგრძლივობა. მაგალითად, მათემატიკას კვირაში ეთმობოდა 3 გაკვეთილი. დაწყებით კლასებში მისი ხანგრძლივობა იყო 20 წუთი, ხოლო უფროს კლასებში – 30 წუთი. თუმცა, ჩვენს სკოლას ეს ცვლილებები არ შეხებია: ჩვენ ისევ ძველი ცხრილით ვატარებდით გაკვეთილებს „ზუმი“-ს პლატფორმით, სადაც გაკვეთილი 40 წუთი გრძელდებოდა.
განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მე-11 და მით უმეტეს, მე-12 კლასებში მოსწავლეთა დასწრების მხრივ. შეიძლება ეს არ ეხებოდეს ყველა სკოლას, მაგრამ სკოლათა უმრავლესობის ნამდვილად ეხება. ყველას გვყავს გარშემო აბიტურიენტი ახლობელი. ვაღიაროთ სიმართლე და ვთქვათ, რამდენი მათგანი ესწრება გაკვეთილებს? პირადად მე, შარშან ვამეცადინებდი ჩემს ახლო ნათესავს (მე-12 კლასელს), რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაკვეთილებს ერთხელაც არ დასწრებია და ასე იქცეოდა მთელი მისი კლასი…
მათემატიკის გამოცდაში აბიტურიენტების 16%-მდე ჩაიჭრა – როგორია 2025 წლის მონაცემები ყველა საგანში
დამიჯერეთ, პედაგოგისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა მისი შრომის ნაყოფს დაინახავს, როცა მისი მოსწავლე გამოცდას წარმატებით აბარებს და სტუდენტი ხდება. არ მეგულება პედაგოგი, რომელიც აიღებს ვალდებულებას – ასწავლოს მე-12 კლასს და მას არ ქონდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. რატომ არ ვანდობთ ჩვენს შვილებს ამ პედაგოგებს? რეპეტიტორებიც ხომ ისეთივე სკოლის მასწავლებლები არიან, რატომ იხარჯება მშობელი ზედმეტად? ეს რაღაცნაირად მოდად იქცა – აბიტურიენტთა აბსოლუტური უმრავლესობა არ დადის სკოლაში და „ემზადება“ რეპეტიტორთან ყველა საგანში. მესმის, რომ ყველა მოსწავლეს ერთნაირი უნარები არ აქვს, ზოგიერთს შეიძლება მართლა სჭირდებოდეს დამატებითი მეცადინეობა, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთს და თან დამატებითი! ანუ, სკოლაშიც და კიდევ რეპეტიტორთანაც! და არა მხოლოდ რეპეტიტორთან, სკოლის გარეშე.
ეს პრობლემა ძირითადად თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების სკოლებშია, რაიონებსა და სოფლებში, სადაც შეიძლება კონკრეტული საგნის მხოლოდ ერთი მასწავლებელი იყოს, ეს პრობლემა უფრო ნაკლებადაა. ამასთან, სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს და სწორედ სკოლის იმედად ტოვებს შვილს. არადა, თუ დააკვირდებით, იმ აბიტურიენტთა დიდი ნაწილი, რომლებიც გამოცდებში უმაღლეს შეფასებებს იღებს, რაიონის მაცხოვრებელია…
ასევე იხილეთ:
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება