GE

„იცოდეთ, რას გთავაზობთ შერჩეული პროფესია“ – თუ პროფესიის შეცვლას ფიქრობ, ეს რჩევები გამოგადგება

– პროფესიის შეცვლას ვფიქრობ. რას მირჩევ?
– დარწმუნებული ხარ?
– რაღაც ახალი მჭირდება და მინდა ვცადო!
-კარგი, მაგრამ მე ვერ გავრისკავდი..

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფეში, მაღაზიის ვრცელ რიგსა თუ დიდი ხნის უნახავ მეგობართა წრეში ასეთი დიალოგს ალბათ, თქვენც შესწრებიხართ და შესაძლოა, საუბარში თავადაც ჩაერთოთ, მრჩევლის სტატუსით.

ზაფხულის სეზონზე, როდესაც სასწავლო დაწესებულებებში არდადეგებია გამოცხადებული, ახალგაზრდები ახალი გეგმების ძიებაში არიან და დასაქმებულებსა თუ თვითდასაქმებულთა შორისაც მოიძებნებიან ისეთი კადრები, რომლებსაც პროფესიის შეცვლა აქვთ განზრახული..

სწორედ მათი დახმარებისა და ინფორმირების მიზნით EDU.ARIS.GE კარიერული განვითარებისა და წინსვლის მენტორს ესაუბრა. თიკო ავაქიანი ჩვენს მკითხველ პროფესიის შეცვლის მსურველებს საჭირო რჩევებს გაუზიარებს და გვიხსნის, როდის იწყებს ადამიანი პროფესიის შეცვლაზე ფიქრს.

თიკო ავაქიანი: პროფესიის შეცვლის დრო დგება მაშინ, როცა უკვე ხვდებით, რომ სიამოვნებას ვეღარ იღებთ, იმ პროფესიით რომლის წარმომადგენელი ხართ. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, გეზარებათ მუშაობა და გამუდმებით საუბრობთ იმაზე, თუ როგორი შეუფერებელი პროფესია გაქვთ არჩეული. ერთი სიტყვით, უკმაყოფილო ხართ თქვენი თავითაც და იმ საქმიანობითაც, რომელსაც შესაძლოა, წლობით ემსახურებოდით. თუმცა აქვე დავამატებ, რომ შეიძლება იგივე სიმპტომატიკით მიმდინარეობდეს ე.წ პროფესიულ გადაწვის პროცესი. განა არ გიყვართ თქვენი პროფესია, უბრალოდ გადაიღალეთ. პროფესიონალის რჩევა ამ დროს უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, საჭიროა მიმართოთ ფსიქოლოგს ან კარიერული განვითარების სპეციალისტს.

– თქვენც ხომ არ გაქვთ პროფესია შეცვლილი? გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება ჩვენს მკითხველებს..

– ჩემი პროფესია დიპლომით დაკავშირებული იყო მედიცინასთან და მენეჯმენტთან. უფრო კონკრეტულად ფარმაცევტული წარმოების ექსპერტიზისა და კონტროლის სპეციალისტი – ასე ერქვა ჩემს პირველ პროფესიას. 10 წლის განმავლობაში მქონდა ბიზნესი ფარმაციის სფეროში, რომელსაც წარმატებით ვმართავდი. შემდეგ უკვე  რაღაც ახალი მომინდა. პირველ ეტაპზე გავიარე  ფსიქოლოგის ზოგადი კურსი, შემდეგ კი კარიერული განვითარების კურსები, როგორც მენტორმა. მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა პროფესიას დავეუფლე და გავიარე საკმაოდ პროდუქტიული გზა, როგორც კარიერული განვითარების სპეციალისტმა, შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მარტივი არ არის იპოვო შენთვის საუკეთესო პროფესია, რომელზეც იტყვი: “კი, ზუსტად აქ მინდოდა ყოფნა!”.

– როგორ უნდა დარწმუნდნენ პროფესიის შეცვლის მსურველები, რომ მათი გადაწყვეტილება ნამდვილად დროული და საჭიროა და არა გარემოებებით განპირობებული, როგორ დაადგინონ რეალური მიზეზი?

– დაიწყეთ პასუხის ძიება კითხვაზე -რატომ მსურს პროფესიის შეცვლა. ამისთვის ერთ ასეთ მეთოდს გირჩევთ: აიღეთ თაბახის ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა ის მიზეზი, თუ რატომ ფიქრობთ პროფესიის შეცვლას. ხოლო მეორე მხარეს ჩამოწერეთ ის მიზეზები, თუ რატომ უნდა დარჩეთ ამ პროფესიაში. როდესაც დაასრულებთ მუშაობას, თქვენ გექნებათ ერთგვარი პასუხის დაფა და ასე გადაწყვეტილების მიღებაც ბევრად გაგიმარტივდებათ.

– როგორი შეიძლება იყოს თვითდახმარება ახალი პროფესიის შერჩევისას რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ამ დროს?

– ახალი პროფესია, რომელსაც შეარჩევთ, მორგებული უნდა იყოს თქვენს ხასიათზე, ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და უნარ-ჩვევებზე. ვურჩევ, აღარ დაუშვან ის შეცდომები, რაც უკვე დაუშვეს, როცა მათთვის შეუსაბამო პროფესია აირჩიეს. არჩევის პროცესში კი გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოებები:

  • გარე ფაქტორების გავლენა, ჩემს გადაწყვეტილებაზე. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები შესაძლოა, დაექვემდებაროს მშობლების, საზოგადოებრივი აზრის ან ტენდენციების ზეწოლას პროფესიის არჩევისას. მათ შეიძლება, აირჩიონ გზა, რომელიც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, შესაძლებლობებს, მიზნებს ან ოცნებებს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღება საკუთარი აზრისა და ანალიზის საფუძველზე მოხდეს და არა სხვების, თუნდაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩარევით.
  • არასწორი ბალანსი ინტერესებსა და რეალობას შორის. ზოგიერთ განმცხადებელს შეუძლია, აირჩიოს პროფესია მხოლოდ მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე -რეალური კარიერული შესაძლებლობების, ბაზრის მოთხოვნებისა და ამ სფეროში პერსპექტივების გათვალისწინების გარეშე. მნიშვნელოვანია, იპოვოთ ბალანსი საკუთარ ინტერესებსა და არჩეული პროფესიის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს შორის. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ არჩიოთ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია, მაგალითად, გახდეთ ბრენდ მენეჯერი, არა. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რას გთავაზობთ შერჩეული პროფესია და რამდენად სასურველია ის თქვენთვის.
  • პროფესიების შეზღუდული გაგება. ბევრ განმცხადებელს შეიძლება, შეზღუდული ცოდნა ჰქონდეს ხელმისაწვდომი პროფესიებისა და მათი სპეციფიკის შესახებ. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები და სხვა, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უფრო შესაფერისი ვარიანტების შეუფასებლობა. რეკომენდებული კვლევების ჩატარება და კომუნიკაცია სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან, რათა უკეთ გაიაზროთ პროფესიული ვარიანტები.

– შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველს, რა იქნებოდა თქვენი რჩევა?

– ერთ რჩევას გავუზიარებ მათ, ვინც პროფესიის შეცვლას გეგმავს. იმ შეცდომების თავიდან ასაცილებლად, რომლებზეც მე თქვენთან ვისაუბრე, უნდა ჩაატაროთ საფუძვლიანი კარიერული კვლევა, განიხილოთ საკუთარი ინტერესები, უნარები, მიზნები, შეაფასოთ შრომის ბაზრის რეალობა და არჩეულ პროფესიაში წინსვლის პერსპექტივები. ეს არის ის გზა, რომლითაც გაზრდით საკუთარ პერსპექტივებს და მუდმივად სასურველი პროფესიის ძიებაში არ იქნებით.

ასევე იხილეთ:

ფორმალური თუ არაფორმალური განათლება? – „დღეს უნივერსიტეტებში არც დროს და აღარც ფინანსებს დავხარჯავდი“

როგორ დაალაგოს აბიტურიენტმა ფაკულტეტები, როცა ჯერ კიდევ არ აურჩევია მისთვის პრიორიტეტული პროფესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური