„იდეალურ სკოლას მყისიერად ნუ მოვინდომებთ“ – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოლოდინები
ვაკე-საბურთალოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ხათუნა მაჭარაშვილის განცხადებით, „ზოგჯერ, თავისუფლება ადამიანებს აბნევთ და მთავარია, მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ გაითავისოს სიახლეთა არსი, არ შეეშინდეს ინიციატივების“.
ამის შესახებ მან EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს მიერ სკოლების ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გაჟღერებული ცვლილებების შეფასებისას ისაუბრა.
როგორც ცნობილია, 2024 წელს საგანმანათლებლო რესურსცენტრები, როგორც მაკოორდინებელი ორგანო კიდევ უფრო მეტად იქნება ჩართული სკოლების ავტორიზაციის პროცესშიც და მათი როლი ერთის მხრივ უნდა დაეხმაროს ამ პროცესს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლებისა და საზოგადოების ნაწილისთვის რესურსცენტრს განათლების სამინისტროსთვის „სკოლის მაკონტროლებლის“ როლი აქვს მინიჭებული და მისი რიდი თუ შიში აქვთ.
ხათუნა მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ მისი რესურსცენტრის შემთხვევაში სკოლებს ასეთი განცდა არ აქვთ:
„ჩვენი რესურსცენტრის ურთიერთობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ნამდვილად არ სცილდება უფლებამოსილების ფარგლებს. შეფასება და მონიტორინგი ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით, რათა შედეგად მივიღოთ გაუმჯობესებული სასკოლო გარემო და თითოეულ სკოლაში მიმდინარე პროცესები არ გასცდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს. დამერწმუნეთ, ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის არცერთი თანამშრომელი არ იწვევს შიშს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების თანამშრომლებში. ნებისმიერ აქტუალურ საკითხს განიხილავენ ჩვენთან ერთად შეხვედრებზე, ცხადია, უფრო ხშირია ონლაინ კონსულტაციები, სატელეფონო საუბრები, ვიზიტები რესურსცენტრში მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის მისაღებად“, – აღნიშნავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE-სთან.
– სისტემაში დასაქმებული პედაგოგები, ჩვენთან, მედიასთან ხშირად აპელირებენ, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მათი გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ ირიბი, ან პირდაპირი გავლენა, რას უპასუხებდით ამ პოზიციას? – ვკითხეთ ხათუნა მაჭარაშვილს, რომელმაც ასე გვიპასუხა:
„ვიმედოვნებ, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგები არ არიან მათ შორის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თითოეულ სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის პრინციპები იყოს მთავარი პრიორიტეტი რესურსცენტრის საქმიანობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგებიც ზედმიწევნით ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს და ყოველთვის ახსოვთ, რომ სხვისი გამოხატვის თავისუფლება არც პირდაპირი და არც ირიბი მეთოდებით არ უნდა შეიზღუდოს“.
რაც შეეხება სკოლის გაზრდილი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით დაანონსებულ ინტერვენციებს, ხათუნა მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს მეტი თავისუფლება სწავლების მეთოდების, სასწავლო რესურსების, მოსწავლეთა შეფასების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებისა.
„მართლაც, ახალი რეფორმა სწორედ დეცენტრალიზაციის პროცესზეა ორიენტირებული და რესურსცენტრის მიზანიცა და ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობებიც მიმართული იქნება სკოლების მოტივაციის გასაზრდელად, მათ წასახალისებლად, რათა სასკოლო კურიკულუმი მოარგონ თითოეული მოსწავლის საჭიროებას, შექმნან საკუთარი სკოლის ფილოსოფია. ზოგჯერ, თავისუფლება ადამიანებს აბნევთ. მთავარია, მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ გაითავისოს სიახლეთა არსი და არ შეეშინდეს ინიციატივების“, – გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.
ხათუნა მაჭარაშვილი არ გვიკონკრეტებს რა ტიპის დახმარებას საჭიროებენ დღეს საგანმანათლებლო რესურსცენტრები განათლების სამინისტროსგან, თუმცა ამბობს, რომ „სამინისტრო მუშაობს რესურსცენტრების შესაძლებლოებების გაძლიერების მიმართულებით და 2024 წლიდან ბევრ საინტერესო სიახლეს ელოდებიან“.
„ჩემი ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში, სამასზე მეტმა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო ავტორიზაცია და ექსპერტთა კორპუსთან, სკოლების მხარდამჭერ გუნდთან ერთად, რესურსცენტრებმაც მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ სასურველი შედეგის მიღწევის პროცესში. ცხადია, ყველანი გავიზარდეთ და ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ. 2024 წლიდან რესურსცენტრის როლი ამ მიმართულებით გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ძალისხმევით რესურსცენტრის თანამშრომლებმა თითოეული პროცედურული საკითხი განიხილეს დეტალურად, რათა ახალი სტანდარტების შესაბამისად ავტორიზაციის პროცესში რესურსცენტრის მხარდაჭერა იყოს უფრო ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული“, – აცხადებს ვაკე-საბურთალოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, ძირითადად რა პრობლემებს აწყდებიან სკოლების შემოწმებისას, რა არის გამოსასწორებელი სამომავლოდ და როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა, ხათუნა მაჭარაშვილი გვპასუხობს, რომ იდეალური სკოლის მიღწევა სწრაფად ვერ მოხდება.
„რა თქმა უნდა, პრობლემები არის. თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. როგორც გითხარით, მონიტორინგისას ჩვენი თვითმიზანი პრობლემის აღმოჩენა არ არის, ამ აღმოჩენილი პრობლემის მოგვარებისა და გამოსწორების გზაზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგადსაგანმათლებლო სისტემის სრულყოფას, სასურველ იდეალურობამდე მიყვანას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმავე ფინეთშიც, რომელიც სამაგალითოდ გვაქვს განათლების სფეროში მომუშავეთ. მთავარია, პრობლემების დანახვისა და აღიარების არ შეგვეშინდეს, დავიჯეროთ, რაც სკანდინავიის ქვეყნებმა შეძლეს, ჩვენც უთუოდ გამოგვივა. იდეალურის მიღწევას მყისიერად ნუ მოვინდომებთ. განათლების სისტემისათვის ბიუჯეტის გაზრდა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, მთავარია სწორად დაიხარჯოს თითოეული თეთრი“, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ასევე იხილეთ:
2023 წელი განათლებაში – რაც მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ჯობდა, არ მომხდარიყო
ავტორები: თამუნა კირკიტაძე და edu.aris.ge
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება