GE

იჯარით აღებული პატარა ოთახიდან ინოვაციურ საერთაშორისო უნივერსიტეტამდე – ალტერბრიჯის თავბრუდამხვევი გზა და უნიკალური შესაძლებლობები

ყველაფერი დაიწყო ფრაზით – რა იქნებოდა თუკი… კითხვა, რომელიც საჯარო მმართველობის დოქტორმა, კომუნიკაციების ექსპერტმა ნათია გოცაძემ წლების წინ საკუთარ თავს დაუსვა, იქცა საქმედ, რომელზეც მაშინ იგი ვერც კი იოცნებებდა. სრულიად უწყინარმა ფრაზამ 2012 წელს მას PR-აკადემია დააარსებინა, რომელიც მოგვიანებით უკვე მართვისა და კომუნიკაციების უნივერსიტეტად გარდაიქმნა, ნათია გოცაძე კი მისი რექტორი გახდა.

თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით: საწყის ეტაპზე აკადემია მსურველთათვის არაფორმალური განათლების მიცემით იყო დაკავებული – ტრენინგ-პროგრამები საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. იდეის ავტორმა გარს ის გუნდი შემოიკრიბა, რომლიც მის ხედვას იზიარებდა და პროგრამების გასამრავალფეროვნებლად აქტიური მუშაობა დაიწყო. დაამატეს პროგრამები ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის განხრით. ახლადდაარსებულმა აკადემიამ სახელი სწრაფად გაითქვა და მალევე მიხვდნენ, რომ აღარც ადგილი და აღარც ადამიანური რესურსი აღარ იყო საკმარისი. მათ ტრენინგებს მუდმივად ითხოვდნენ და ზრდაც გარდაუვალი გახდა.

უნივერსიტეტის შექმნის იდეა კი მაშინ გაჩნდა, როცა გუნდმა დაინახა, რომ მათი კურსდამთავრებულები, კარიერული წინსვლისა თუ პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პოზიტიურ ტრანსფორმაციას განიცდიდნენ. ამას დაერთო საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ორგანიზების გამოცდილება, რომელმაც იმ დროისთვის უცნობი და განსხვავებული სწავლების მეთოდი მოიტანა – სწავლა კეთებით. იგი სტუდენტს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აძლევდა.

შედეგად, 2016 წლიდან გუნდმა უნივერსიტეტის დაარსებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო. მას მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი“ სწორედ იმის გამო ეწოდა, რომ ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცისა და განათლებით თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობების შექმნაზე აცხადებდა პრეტენზიას. 2019 წელს, უნივერსიტეტმა უმღლესი შეფასებითა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ავტორიზაცია გაიარა. 2020 წელს კი ალტერბრიჯმა, როგორც ავტორიზებულმა უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღება პირველად გამოაცხადა.

მთელი ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტმა განვლო გზა, რომელიც ყველასთვის სამაგალითო შეიძლება იყოს – იჯარით ნაქირავები ერთი ოთახიდან თანამედროვე სტანდარტების მქონე წარმატებულ უნივერსიტეტამდე და ამ გზაზე ყველა საფეხური ახალი მიზნების დასახვითა და შემდგომ, მათი განხორციელებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლითა და შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადალახა.

ნათია გოცაძე: ალტერბრიჯი საზოგადოებას უმაღლესი, პროფესიული თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით საკუთარი პიროვნული და კარიერული თვითრეალიზების შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად მიღება საზოგადოებრივი ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამაზე მიმდინარეობს. მომავალი წლიდან უკვე ფსიქოლოგიის, მასკომუნიკაციებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამებიც გვექნება. ვფიქრობთ, ბევრი მიმართულებით განვვითარდებით, რაც კომუნიკაციას, მართვასა და ფსიქოლოგიას ეხება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, ჩვენთან სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს, რომელზეც პირველი ნაკადი შარშან მივიღეთ. თითოეული მაგისტრანტი დღეს ჩვენი ელჩია საზოგადოებაში, რომლებმაც ტრანსფორმაციული მეთოდები საკუთარ თავზე გამოსცადეს.

გარდა ამისა, გვაქვს ტრენინგები, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე, არაფორმალური განათლების ბაზარზე სრულიად განსხვავებულია. ესენია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების ტრენინგები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების შემდგომი პროგრამებია და ამ კუთხით, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საჯარო მოხელის პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც აკრედიტებულია. ეს პროგრამები დღეს საქარველოში სულ რამდენიმე ინსტიტუციას აქვს და ალტერბრიჯი ამ კუთხითაც ძალიან ამაყია. საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. პირადად მე, წლების განმავლობაში, ვთანამშრომლობ ევროკავშირთან, USAID-თან და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, რომლებიც საჯარო სექტორის განვითარებას უწყობენ ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები, რომლებიც დემოკრატიული მმართველობის პროცესს ხელს შეუწყობენ, ალტერბრიჯს განეხორციელებინა.

კიდევ ერთი განათლების შემდგომი პროგრამა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბრო, ნოემბერ-დეკემბერში დაიწყება. ესაა საერთაშორისო პროგრამა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. იგი 5 წლიანია, თუმცა პირველი სამი წლის შემდეგ კურსდამთავრებული მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებს მუშაობის დაწყებას, ფსიქოკონსულტანტის სტატუსით. 5 წლის დასრულების შემდეგ კი მას ეგზისტენციალური ფიქოთერაპევტის სტატუსი ენიჭება და დიპლომირებული თერაპევტი ხდება, რაც საშუალებას აძლევს გახსნას საკუთრი კაბინეტი ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ, ამ პროგრამის კურსდამთავრებულები, თავიანთ სფეროში, უკონკურენტოები იქნებიან. პროგრამაზე მიღება ოქტომბერში დაიწყება და ველით, რომ შერჩევისას საკმაოდ დიდი კონკურსი იქნება. ასე რომ, ეს პროგრამები ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

– ვიცით, რომ ალტერბრიჯის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ადიზესის სკოლის პროგრამაა Executive MBA, რომელიც უშუალოდ ალტერბრიჯისთვის დაიწერა. რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე?

– მენეჯმენტის სფეროში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის იცხაკ ადიზესი. ადამიანმა, რომლის მეთოდოლოგიითაც 50-ზე მეტ ქვეყანაში კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და ორგანიზაციულ მართვას სწავლობენ, გადაწყვიტა, რომ საქართველოსთვის აკადემიური პროგრამა შექმნას და ალტერბრიჯში განახორციელოს. ეს უნიკალური მეთოდოლოგიაა და იგი ტოპ-მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება და რაც ყველაზე მთავარია, მას უშუალოდ იცხაკ ადიზესი და მისი გუნდი, ამერიკის მენეჯმენტის სკოლის გუნდი განახორციელებს. შესაბამისად, საერთაშორისო დიპლომი გაიცემა და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თითოეული კურსდამთავრებული იქნება მოთხოვნადი კადრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა.

– რას გულისხმობს პროგრამის შინაარსობრივი მხარე, რა ხანგრძლივობის იქნება და რამდენ ადამიანს მიეცემა მასში ჩართვის შესაძლებლობა?

– პროგრამა ერთწლიანია. შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, ესაა ცვლილებათა მენეჯმენტი და ლიდერშიფი, კორპორაციული ლიდერობა. ამ პროგრამაზე ისწავლება ყველა ის მეთოდოლოგია და მიმართულება, რომელიც დღეს ორგანიზაციის მართვისთვისაა საჭირო – როგორ შეიძლება მართო გუნდი იმ ტურბულენტობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც პანდემიამ ნათლად დაგვანახა. ეს პროგრამა აერთიანებს ყველაფერს, რაც დღეს თანამედროვე ხელმძღვანელს სჭირდება, რათა ორგანიზაცია, ნებისმიერი გარემოების გათვალისწინებით, სრულფასოვნად მართოს და განავითაროს. მოკლედ რომ ვთქვათ, 21-ე საუკუნის მართვის ინოვაციური მოდელია, რომელიც უშუალოდ იცხაკ ადიზესს ეკუთვნის და დღეს ათასობით ორგანიზაციის წარმატების საფუძველია. თუმცა, აკადემიური პროგრამა ადიზესმა პირველად შექმნა და ისიც მხოლოდ ალტერბრიჯისთვის. შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელების უფლება, საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს.

– არის თუ არა უკვე მოთხოვნა ამ პროგრამაზე და იქნება თუ არა კონკურსი?

– როცა გავაჟღერეთ, რომ იცხაკ ადიზესმა ჩვენთვის პროგრამა დაწერა, უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოითქვა. ადგილების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. აპლიკანტები გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. მონაწილეებს გარკვეული სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ და გასაუბრებას უშუალოდ ამერიკის მენეჯმენტის სკოლის გუნდი ჩაატარებს. საწყის ეტაპზე ერთი, 20 კაციანი ჯგუფი შედგება. კონკურსი კი უდაოდ იქნება, რადგან როგორც გითხარით, პროგრამა ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, განაცხადები შემოაქვთ. ამ პროგრამის კურსდამთავრებული არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით იქნება წინ, რომ ორგანიზაციის მართვა შეეძლება თანამედროვე, უნიკალური მეთოდებით, არამედ თავად გახდება იმდენად კონკურენტუნარიანი კადრი, რომ მისი დასაქმებისა თუ განვითარების არეალი საქართველოს ფარგლებს გასცდება, რადგან ადიზესის სკოლის საერთაშორისო დიპლომს მიიღებს, რითიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოთხოვნადი კადრი იქნება. პროგრამა საერთაშორისოა, სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება, შესაბამისად, მონაწილეები არ იქნებიან მხოლოდ საქართველოდან. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდანაც არაერთი ორგანიზაცია გვიკავშირდება თავიანთი ტოპ-მენეჯერების გამოგზავნის სურვილით.

– თქვენ უკვე ისაუბრეთ უახლოეს გეგმებზე, რას გვეტყვით სამომავლო მიზნებზე? უნდა ველოდოთ თუ არა მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო ან ტრენინგ-პროგრამას?

– რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და პროგრამების შევსებაზე. ძალიან საინტერესო, ვიწრო სპეციფიკაციის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედებას ვაპირებთ – სპორტის მენეჯმენტი, განათლების მენეჯმენტი და ა.შ. აგრეთვე, ფსიქოლოგიის მიმართულებითაც. ვფიქრობთ, რომ 2022 წლიდან ამ პროგრამებზე სტუდენტების მიღება უკვე შეგვეძლება. აგრეთვე აქტიურად ვმუშაობთ მასწავლებელთა გადამზადების პროფესიულ პროგრამაზე.

– გაგვაცანით ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალი, რამდენად წარმატებულები არიან ისინი თავიანთ სფეროში?

– ჩვენ საერთაშორისო მოთხოვნებს მივყვებით, რაც იმას გულისხმობს, რომ ლექტორი უნდა იყოს არა მხოლოდ თეორეტიკოსი და უმაღლესი აკადემიური ხარისხის მქონე, არამედ პრაქტიკოსიც. ჩვენი მიდგომა ასეთია – ის, რაც თეორიით ისწავლება, პრაქტიკით უნდა მყარდებოდეს. ამიტომ, ჩვენ ვარჩევთ ლექტორების, რომლებიც ერთის მხრივ არიან მეცნიერ-მკვლევარები, მეორეს მხრივ კი პრაქტიკოსები და იმ სფეროში დასაქმებულები, რომელსაც ასწავლიან. როცა თეორიას ასწავლის ლექტორი, რომელსაც ეს ყველაფერი თავის თავზე გამოუცდია, მაშინ სტუდენტისთვის ყველაფერი ბევრად გასაგები ხდება.

გარდა პრაქტიკოსი პროფესორ მასწავლებლებისა, სწავლებაში ჩართულნი არიან დამსაქმებლებიც, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სწავლის პროცესშივე იღებენ დასაქმების პერსპექტივას. მაგალითად, მაგისტრები მესამე სემესტრიდანვე ერთვებიან რამდენიმე, ძალიან მსხვილი ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ითოეულ მათგანს, რომელიც იქ თავის ცოდნასა და უნარებს გამოავლენს, ამ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენი მემორანდუმები სწორედ ამას ითვალისწინებს.

– რამდენად დიდია პარტნიორ ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან სასწავლო პროცესს ხელი შეუწყონ თქვენი სტუდენტების სტაჟირებით? რამდენად მსხვილ კომპანიებზეა საუბარი?

– ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა დაახლოებით 50-მდეა. მემორანდუმები გაფორმებული გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის არიან ბანკები, სადაზღვეოები, ტელემაუწყებლობა, კვლევითი კომპანიები, ასევე „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, სადაც 300-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ა.შ. ჩვენი სტუდენტები ამ კომპანიებში სტაჟირებას გადიან და საქმიანობაში ნებისმიერი მიმართულებით ერთვებიან. მათთვის ეს სასწავლო პროცესის ნაწილია. ორგანიზაცია, მათი სახით იღებს მაღალი კვალიფიკაციის რესურსს. ინსტიტუცია კი ძლიერ კურსდამთავრებულსა და კმაყოფილ პარტნიორს. ასე რომ, ამ პროცესს სამმხრივი მოგება აქვს.

– როგორც ვიცით, ერთი ოთახიდან დაწყებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ახლა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი შენობაც აქვს, რომელიც ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს…

– დიახ, უნივერსიტეტის შენობა ბაგებში მდებარეობს, ყველანაირად მოსახერხებელ და ადვილად მისადგომ ადგილას. შენობა ჩვენ ავაშენეთ, თანამედროვე დიზაინით და სტუდენტისა თუ აკადემიური პერსონალის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული. თავისი ინფრასტრუქტურით არც ერთ სხვა სასწავლო დაწესებულებას არ ჰგავს. შენობა თავისი დიზაინით იმეორებს სწავლის მთავარ პრინციპს: ის არასოდეს სრულდება, ყველა ეტაპზე გიჩენს განცდას, რომ სრულყოფილია და ამავდროულად გაძლევს მოტივაციას არ გაჩერდე. საიტზე 3D ფორმატის ვიდეოტურიც გვიდევს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყველაფერი დეტალურად ნახონ.

– კორონავირუსმა ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი საგრძნობლად დაამძიმა. სთავაზობს თუ არა ალტერბრიჯი აბიტურიენტებს გარკვეული სახის ფინანსურ შეღავათებს, რაც მათ ამ მძიმე პირობებში სწავლის საფასურის გადახდას გაუადვილებდა?

– არსებული სოციალური ფონიდან და კორონავირუსით შექმნილი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, წლევანდელი სტუდენტებისთვის უნიკალური შეთავაზება გვაქვს – ყველა აბიტურიენტი, რომელიც ალტერბრიჯს პირველ ნომრად აირჩევს, 9 ათას ლარიან დაფინანსებას მიიღებს, ალტერგრანტის სახით. ვინც მეორე ნომრად აირჩევს -6 ათას ლარიან გრანტს, მესამე ადგილზე არჩევის შემთხვევაში კი – 3 ათას ლარიან დაფინანსებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტსაც მოიპოვებს, მას ალტერგრანტიც დაემატება და სწავლას სრულიად უფასოდ შეძლებს. იმ შემთხვევაში კი, თუ სახელმწიფო გრანტის მოპოვებას ვერ მოახერხებს, შიდა საუნივერსიტეტო გრანტი მისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი იქნება.

უნივერსიტეტის “ალტერბრიჯი” სხვა სიახლეები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური