GE

ინგლისური ენის ტესტში, შარშანდელთან შედარებით, უმაღლესი ქულა მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – სპეციალისტის შეფასება

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 45 000 აბიტურიენტიდან ინგლისური ენის ტესტი 36,793-მა გამოსაცდელმა შეასრულა, მათგან 648 აბიტურიენტმა გამოცდაზე მაქსიმალური – 70 ქულის მოპოვება შეძლო, რაც გასულ წლებთან შედარებით, დიდი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ინგლისურ ენის ტესტი 33,707 აბიტურიენტს ჰქონდა შესრულებული და მათგან 196-მა ტესტში უმაღლესი ქულა მოიპოვა.

სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით – დეტალები 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე

წელს ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 პროცენტმა, გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ლამის ორჯერ შემცირდა (6.95% იყო)

საინტერესოა, რით შეიძლება აიხსნას უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტების ასეთი მკვეთრი ზრდა, რაზე მიუთითებს და რით ხსნიან რეკორდულ რიცხვებს ენის სპეციალისტები.

ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE -ს ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლიდან პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტს, ნანა კიკალიშვილი ესაუბრა.

სხვათა შორის, გასულ წელს, ქალბატონი ნანა იმ ცვლილებებს გვაცნობდა, რომელიც ინგლისური ენის ტესტს 2023 წელს შეეხებოდა – „უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა… არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ – სპეციალისტი ცვლილებებზე

რა შეიცვალა 2023 წლის ტესტში: უცხოური ენის ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა შვიდამდე ჩემცირდა. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულა 70 გახდა. შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ამ დავალებით ჩანაცვლდა წერის პირველი დავალება – წერილი. ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. 2023 წელს, მოსმენის უნარი შემოწმდა მხოლოდ 1 დავალებით. გრამატიკის ცოდნა შემოწმდა დახურული დავალებებით – აბიტურიენტს სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩია და პასუხების ფურცელზე მეონიშნა მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნდა. წერითი დავალების მოცულობა გაიზარდა და განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.

– ქალბატონო ნანა, რით ხსნით ინგლისური ენის წლევანდელ შედეგებს, ტესტი ხომ არ გამარტივდა?

– მართლაც ბევრი მსჯელობა იყო იმის შესახებ ინგლისური ენის ტესტი, არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გამარტივდა თუ გართულდა. ახლა ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ არ გართულებულა, გამარტივდა კონკრეტული დავალებები. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ტესტის მე-5 და მე-6 სავარჯიშოები. მე-5 დავალებაში აბიტურიენტებს უნდა ჩაესვათ გამოტოვებული მეტყველების ნაწილი, გასულ წლებში კი უწევდათ ძალიან ბევრი ფიქრი, რომელი მეტყველების ნაწილი ჩაესვათ, განსაზღვრული არტიკლი ჩაესვათ თუ განუსაზღვრელი, ვინაიდან წელს შესთავაზეს არჩევითი პასუხები, გამორიცხვის მეთოდითაც შეეძლოთ ჩასმა.
ასევე ამ არტიკლების გამოყენების წესების გახსენების საშუალებაც მიეცათ, იქვე ტესტში იყო ახსნილი, ინსტრუქციის სახით, რომელი რა შემთხვევაში გამოიყენებოდა. რაც შეეხება მე-6 დავალებას – დიალოგს, წელს მარტივი დიალოგები იყო, ამას კი იმით ვხსნი, რომ ახალია ამ ტიპის დავალება და რთული დიალოგები არ შეიტანეს. ვფიქრობ ასეთი შედეგების ფონზე არ არის გამორიცხული დიალოგი გაართულონ და მომდევნო წელს დამაბნეველი პასუხები იყოს შეტანილი. ჯამში ამ დავალებებზე მოდიოდა 12+6 ანუ 18 ქულა და აბიტურიენტისთვის მარტივი იყო ამ დავალებებში მაქსიმალური ქულის მოპოვება.

– შედეგები აბიტურიენტების ცოდნის დონის გააუმჯობესებითაც ხომ შეიძლება აიხსნას?

– მოგეხსენებათ, მე გახლავართ ინგლისური ენის მასწავლებელი, როგორც სკოლაში, ასევე  “ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის პროგრამაში”, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული. ჩემი დაკვირვებით გეტყვით, რომ დღეს მოსწავლეთა 70-80% ინგლისურად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ინგლისური ენის შესწავლას კვირაში მხოლოდ 2 საათი ეთმობა და სახელმძღვანელოებიც ვერ არის მომხიბვლელი და არ შეესაბამება ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს, ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს დღეს ყველაზე მეტად ინგლისურის გამოცდა უმარტივდებათ და ყველაზე მაღალი ქულებიც, სტატისტიკის მიხედვით, სწორედაც რომ ინგლისურში ფიქსირდება.

რა განაპირობებს ამას: ის, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი წლობით ემზადება ინგლისურ ენაში. ასევე, მოსწავლეები ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, უყურებენ ინგლისურენოვან ფილმებს, უსმენენ ინგლისურ სიმღერებს, თამაშობენ ონლაინ თამაშებს, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი ჰყავთ და საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, ბევრ პროექტში არიან ჩართულები, მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო სკოლებში, დადიან დამატებით გაკვეთილებზე, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს აიმაღლონ ცოდნა. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რეკორდული რიცხვები მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ წლევანდელი ტესტი არ გართულებულა, წლევანდელი გამოსაცდელები ნამდვილად იყვნენ ძლიერები ინგლისურ ენაში და შედეგებმა ეს აჩვენა.

ასევე იხილეთ:

სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით – დეტალები 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური