GE

„ინკლუზიური განათლება“– საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

რა გამოწვევები არსებობს ინკლუზიური განათლების სფეროში და რა მიდგომებს იყენებენ საქართველოს და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები -ამ საკითხებზე ისაუბრეს 20-21 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

ღონიძიება სახელწოდებით: „ინკლუზიური განათლება: კვლევა, სწავლა/სწავლება, სტუდენტური მხარდაჭერა“.  Erasmus + -ის საგრანტო პროექტის DARE -ს მიერ ინიცირებული გახლდათ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობით ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობდნენ ისრაელის, ჩეხეთის, რუმინეთის, ინგლისის, ბელგიის, შვედეთის, მოლდოვას, ლიტვის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ და უცხოელ სტუმრებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

განათლების სამინისტროს პროგრამებზე ისაუბრა ამავე უწყების  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვალერიან გობრონიძემ. მისი თქმით, საქართველოში უფრო და უფრო მეტი საგამანათლებლო დაწესებულება ხდება შშმ პირებზე ადაპტირებული. უმაღლესი სასწავლებლები კი უკვე დიდ ყურადღებას იჩენენ ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ.

„სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ქართული უნივერსიტეტების ჩართულობა Erasmus + -ის პროგრამაში. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელონია, რადგან ხდება ინფორმაციის გაცვლა უნივერსიტეტებს შორის  და მათი ინტეგრირება ევროპულ სივრცესთან. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას ვახორციელებთ, მათ შორის გახლავთ სოციალური მიმართულების პროგრამები, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა დაგვეფინანსებინა 350 სტუდენტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე,“ – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

მონაწილეებს მიესალმა DARE -ს პროექტის კოორდინატორი ჰანან ალექსანდერი, რომელმაც კონფერენცის და ზოგადად ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის წარმოადგენელმა მიხაილ შანმა შშმ და ყურადღების დარღვევების მქონეთათვის აკადემიურ სწავლებაზე ისაუბრა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელმა ნათია გიორგაძემ კი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისა და კურსდამათავრებულების დასაქმების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების პრობლემატიკა იყო აქცენტირებული, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის იგორ ბალანჩივაძის მოხსენებაში. ჯამში ორ დღიან კონფერენციაზე 40-მდე ნაშრომი  მოისმინეს.

„აქ იმყოფებოდნენ საერთაშორისო ექპერტები, მკვლევარები და მეცნიერები. პრობლემები, რომელიც ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებობს, არის ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მნიშნელოვანი გამოწვევა. მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდინოთ სტუდენტის ადპატირება ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ისე, რომ ეს არ იყოს შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველი.  რაღაც დადებითი ძვრები ამ მიმართულებით არის, მაგრამ იმის თქმა რომ პრობლემა დამარცხებულია, არის აბსურდი. საკითხი საჭიროებს სისტემატიურ კვლევასაც და მუშაობასაც, რისთვისაც სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტი მზად არის,“ – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

საქართველოს Erasmus + -ის ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელის ლიკა ღლონტის განმარტებით, ქართული უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა პროექტებში და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ.

„ეს არის მეოთხე პროექტი, რომელსაც აფინანსებს ჩვენი პროგრამა და რომელიც გულისხმობს განათლების სფეროში თანამშრომლობას საქართველოს და ისრაელის უნივერსიტეტებს  შორის. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ისრაელთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ სწორედ ის გალავთ ინკლუზიური განათლების წამყვანი ქვეყანა. ცხადია, გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორებიც და არის სტაბილური და მდგრადი თანამშრომლობა, რომელიც უკვე კონკრეტულ შედეგებზე გადის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ თანამშრომლობაში სოხუმის უნივერსიტეტის როლი, რომელმაც სერიოზულ წარმატებას მიაღწია”, –  დასძინა  ლიკა ღლონტმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური