GE

„რატომ უნდა განიცდიდეს მოსწავლე ერთ დაკლებულ ნიშანს, თუ 100-ქულიანი სისტემის შემოღება შეგვიძლია“ – კრიტიკა, კითხვები და ხედვები განათლების მმართველებს

ფოტო –
ნანა დოკაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი განათლების რეფორმის სხვადასხვა მიმართულებებზე საუბრისას მუდმივად ხაზგასმით ამბობს, რომ ნებისმიერი რეფორმა თუ ცვლილებები მხარეებთან კონსულტაციისა და მათი მოსმენის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. გამონაკლისს ამ მხრივ არც მასწავლებლები წარმოადგენენ და მეტიც, „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ ის ფრაზაა, რომლითაც გიორგი ამილახვარმა გამინისტრების პირველივე დღეს თავი დაგვამახსოვრა.

‘მოვუსმინოთ მოსწავლეებს’, ვისთვისაც განვითარებული პედაგოგი თუ გამართული განათლების სისტემა გადამწყვეტია, ჯერ დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაჟღერდა მასწავლებელთა ტრენინგებს უკავშირდებოდა. კერძოდ კი ითქვა, რომ „პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგ-მოდულები სრულად გაუქმდება, სისტემა გადავა მასწავლებლის საჭიროების დადგენაზე, მის მოსმენაზე, უკუკავშირის მიღებაზე და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომლებიც რეალურად თითოეულ მასწავლებელს სჭირდება კვალიფიკაციის ასამაღლებლად“.

თითოეული ის სიახლე, რომელსაც სასკოლო საფეხურზე განათლების სამინისტრო საზოგადოებას სთავაზობს, წესით, მოსწავლეების განათლების დონის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, თუნდაც იმ შედეგების გაუმჯობესებას, რომელიც საერთაშორისო კვლევებში საქართველოს აქვს. ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული სკოლაში პროფესიონალი კადრების არსებობასა და მათი განვითარების ხელშეწყობასთან.

მოსწავლეთა მიღწევა კითხვასა და მათემატიკაში შემცირებულია – საქართველოს შედეგები PISA 2022-ის თანახმად

მოხერხდება თუ არა ამჟამად დასახული მიზნებით ზემოხსენებული შედეგის მიღწევა, ამის თქმა დღეს ნაადრევია, მაგრამ შეგვიძლია გავიგოთ, რამდენად ასრულებს სამინისტრო დანაპირებს პედაგოგების ჩართულობისა და მოსმენის შესახებ მათი კარიერული განვითარების დაგეგმვის პროცესში. რა შეცვალა დაწყებულმა თუ დაანონსებულმა ცვლილებებმა თავად მასწავლებლების პროფესიულ საქმიანობაში, როგორ წარმოედგინათ განხორციელება, რა მიიღეს ახალი პოლიტიკით და რა ხედვები აქვთ თავად.

ამ საკითხებზე უფრო მეტის გაგებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებისგან შევეცადეთ. მათ შორის განათლების სპეციალისტისგან, რომელსაც არაერთ საჯარო თუ კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება გააჩნია და უკვე დაწყებული განათლების რეფორმის სისუსტეებთან ერთად, მის აუცილებლობასა და განსხვავებულ იდეებზე საუბრობს.

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ბაია მაჩიტიძე, რომელიც 20 წელია პროფესიაშია EDU.ARIS.GE-ს უდასტურებს, რომ განათლების მინისტრი პირობას ასრულებს და სკოლებში პედაგოგებისთვის მართლაც იგზავნება ე.წ კითხვარები, რომლებშიც სამინისტრო, პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, მათ აზრის დაფიქსირებას სთხოვს. პედაგოგი ფიქრობს და იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო ამ კითხვარის ანალიზის შედეგად განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას და კარიერული წინსვლის იმ გზასაც, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

„გიდასტურებთ, რომ პედაგოგებმა სკოლებში შევავსეთ ე.წ კითხვარები. სამინისტრო ინტერესდება ჩვენი აზრით, რას ვფიქრობდით მიმდინარე რეფორმებზე, სად ვხედავდით პრობლემებს და რას ვისურვებდით, რომ შეცვლილიყო ჩვენი პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემაში. იმედი მაქვს, რომ პედაგოგების აზრი იქნება გათვალისწინებული და განათლების მინისტრს ჩვენი პასუხებიც დაეხმარება“, – აცხადებს ბაია მაჩიტიძე.

ამ განწყობასთან ერთად, პედაგოგს კითხვები აქვს და იმ ბუნდოვანებაზეც მიუთითებს, რომელიც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით მას დარჩა

„ცვლილებები საჭირო იყო და ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჯერ გარკვეული არ არის. მაგალითად, მასწავლებლის პროფესიული წინსვლის გზის გეგმა. მე პირადად ჯერ ვერ დავინახე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ კი ვისმენთ რა შეიცვლება, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა იყოს ყველა სტატუსის მქონე პედაგოგისთვის. როგორც მაძიებელმა, ისე უფროსმა, წამყვანმა თუ მენტორმა უნდა იცოდეს, თუ რა ადგილი ექნება მას სასკოლო განათლების სისტემაში და ისიც, თუ რას მოსთხოვს სისტემა მათ. იმედი მაქვს, რომ პედაგოგების აზრის კვლევის პროცესი მალე დასრულდება და ზუსტად ამის მიხედვით მივიღებთ პედაგოგებისთვის მოქნილ კარიერული წინსვლისა და განვითარების გეგმას“, – გვეუბნება პედაგოგი.

EDU.ARIS.GE-ს მეორე რესპონდენტი 25 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე იამზე მურმანიშვილია, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლაში ასწავლის და ამბობს, რომ თავად არანაირი ანკეტა-კითხვარი არ შეუვსია. ის მიმდინარე ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს, მაგრამ ისურვებდა მეტი ინფორმაცია მიეღო ისეთ საკითხებზე, რომლებიც მასწავლებლობის მსურველებსაც აწუხებთ.

„ხელფასების მატება, მასწავლებლის საჭიროებაზე მორგებული ტრენინგები, ქაღალდომანიის მნიშვნელოვნად შემცირება – ეს ცვლილებები საჭირო იყო. ვფიქრობ, ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რა იქნება მომდევნო ნაბიჯები. მაგალითად, ახალგაზრდების პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებითაც თუ იქნება ცვლილებები; უკვე ასაკოვან პედაგოგებს თუ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გავიდნენ პროფესიიდან და ღირსეული პენსია მიიღონ. უამრავი ისეთი საკითხია, რომელიც პირდაპირ აისახება ზოგადი განათლების სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რეფორმების მიზანიც ხომ ეს არის?!“, – აცხადებს იამზე მურმანიშვილი.

გაცილებით კრიტიკულია 10-მდე სკოლაში მუშაობის გამოცდილების მქონე ნანა დოკაძე წამყვანის სტატუსით, რომელმაც სისტემიდან გასვლის გადაწყვეტილება 2022 წელს, საკუთარი სურვილით მიიღო.

დღეს ის უკვე განათლების სერტიფიცირებული სპეციალისტია და ფიქრობს, რომ მიმდინარე რეფორმები ვერც ზოგადი განათლების საფეხურზე შეცვლის სწავლების ხარისხს და ვერც მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს აღმოფხვრის.

„პედაგოგების საგამოცდო შეფასების სისტემა საერთოდ შესაცვლელია. მაგალითად, უკვე მოქმედი და მასწავლებლობის მსურველი პედაგოგები ერთ ტესტს არ უნდა წერდნენ. ახალგაზრდებს უნდა გაეწიოთ ანგარიში. ამასთან, 29 ბავშვი რომ არის კლასში, ეს განავითარებს პედაგოგს პროფესიულად?! კლასებს არ ყოფენ, რადგან ეს დამატებითი ხარჯია. კიდევ ბევრი პრობლემაა. ამ რეფორმით უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მთავარ პრობლემებზე თვალის დახუჭვა ხდება. თავის მოტყუებაა ყველა სხვა დანარჩენი“, – გვიხსნის სპეციალისტი.

ნანა დოკაძეს ვკითხეთ, რატომ ფიქრობს ასე, ან რა გზებს ხედავს თავად, რომლებიც გასავლელია მოსწავლის შედეგების რეალურ გაუმჯობესებამდე.

სპეციალისტი ფიქრობს, რომ დღევანდელი რეფორმის მცდელობა ნაკლებად ეფექტური იქნება სასკოლო სფეროში და ამის გარკვეული ტენდენცია ნათლად იკვეთება.

„მარტივად დავასახელოთ მიზეზები და ვეცადოთ მოვნახოთ გამოსავალი:

1. თითქოს არაფერია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დამრიგებელი კლასში თანამედროვე გაგებით. თუ გავითვალისწინებთ პედაგოგების გადატვირთულ საათებს, ნათლად ჩანს, რომ სკოლაში მომუშავე პედაგოგი, სამწუხაროდ, ვერ იქნება ეფექტური დამრიგებელი.

გამოსავალია, რომ დასაქმდეს ფსიქოლოგი და მიეცეს სამუშაო საათები თუნდაც კვირაში ორჯერ. გარდა იმისა, რომ ყურადღებას მიაქცევს საკუთარ კლასს, ფსიქოლოგ დამრიგებელს შეუძლია ჩაუტაროს ისეთი გაკვეთილები თემებზე, როგორებიცაა მაგალითად დროის მენეჯმენტი, სოციალური ურთიერთობები, დასწავლის მეთოდები და გზები და სხვა.

2. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზედა კლასები მოსწავლეთათვის არაეფექტურია, რატომ არ უნდა ჩაითვალოს მე-10 კლასი დამამთავრებელ კლასად და გაიცეს ატესტატი, ხოლო მომდევნო 2 წელი საუნივერსიტეტო მზადებას დაეთმოს და თუნდაც იყოს გარკვეულწილად ფასიანი. 10 წლიანი განათლება სრულიად საკმარისია ზოგადი ცოდნის მისაღებად და თუკი რეპეტიტორებში იხდიან მშობლები კოლოსალურ თანხებს, სკოლასაც შეუძლია მოამზადოს მოსწავლეები არჩევითი საგნებით და ნაკლებად დატვირთული კლასებით.

3. ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს საგაკვეთილო პროცესი და მოსწავლეთა მართვა. ხშირად მასწავლებელი ადანაშაულებს მოსწავლეებს, ხოლო მოსწავლე -მასწავლებელს. რატომ არ უნა იყოს კლასში ვიდეო თვალი იმისათვის, რომ ადმინისტრაციას და მშობლებს შეეძლოს ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი. მერწმუნეთ, პროფესიონალ პედაგოგებს ნამდვილად არ შეაწუხებს ვიდეოთვალი კლასში, პირიქით, მისთვის ყოველი გაკვეთილი მნიშვნელოვანია და ყოველი გაკვეთილიდან თავადაც სწავლობენ ახალს.

4. მოსწავლეთა გამოკითხვებიდან ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სპორტის გაკვეთილები და ვერ ხვდებიან რატომ ტარდება ასე უინტერესოდ და რატომ არ იზიარებენ მათ სურვილებს. თუნდაც თვეში ერთხელ დაიგეგმოს ფეხით ლაშქრობა მოკლე მანძილზე, რაც ხელს შეუწყობდა მათ ფიზიკურ განვითარებას.

ბავშვებს ასევე არ მოსწონთ ფორმულებზე აგებული გაკვეთილები თუნდაც ისეთ საგნებში, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა და რატომ არ უნდა ატარებდნენ ჯერ ცდებს და შემდეგ სწავლობდნენ შედეგიდან გამომდინარე.

5. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ესაა მოსწავლეთა შეფასება. რატომ უნდა განიცდიდეს მოსწავლე ერთ დაკლებულ ნიშანს მაშინ, როდესაც შეგვიძლია, 100-ქულიანი საერთო სისტემა შემოვიღოთ და დავყოთ თუნდაც 0-დან 30 (არადამაკმაყოფილებელი), 30-დან 60 (დამაკმაყოფილებელი), 60დან -80(კარგი) და 80-დან 100(წარჩინებული). წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესს ავაცილებდით ჩვენს ბავშვებს”, – ასეთია განათლების სერტიფიცირებული სპეციალისტის ხედვები.

“ნამდვილად დროა რეფორმების, რადგან ყველაფერი იცვლება სწავლების და მიდგომების გარდა”, – დასძენს ნანა დოკაძე.

ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ცვლილებებს, რომლებიც სისტემაში დაიწყო, შედეგებიც აუცილებლად მოჰყვება, თუმცა რა სახის, ეს ჯერ უცნობია.

ასევე იხილეთ:

„ვინ გაზომა და შეაფასა ამ პედაგოგის გაკვეთილების ხარისხი?“ – უნდა მუშაობდეს თუ არა მასწავლებელი ორ და მეტ სკოლაში

რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)

თუ „სამართლიანი სახელფასო ფორმულა“ უკვე დადგენილია, რატომ არ გამოქვეყნდა დოკუმენტი, ან როგორ დაითვალეს პედაგოგები?

ავტორები: მზეო შველიძე და edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური