წყაროს ანალიზის წერის მაგალითი ისტორიაში – ნიმუში, სწორი პასუხები და შესრულების ინსტრუქცია სპეციალისტისგან
„ისტორიული წყაროს ანალიზი“ ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში ერთ-ერთი დავალებაა უმაღლესში სწავლის მსურველი აბიტურიენტტებისთვის, რომლის მაქსიმალური ქულა 14-ია. EDU.ARIS.GE-ს ამ სტატიის თემაც სწორედ წყაროს ანალიზის კარგად შესრულება წარმოადგენს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, დავალების შესრულებაში გამოცდილ სპეციალისტთან ერთად იმეცადინოთ.
დღეს თქვენი მასწავლებელი იქნება ისტორიკოსი, რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნონა შეშაბერიძე, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება წყაროს ანალიზის დავალებას, გაგაცნობთ ნიმუშს, სწორ პასუხებსა და დავალების შესრულების ინსტრუქციას.
მაშ ასე ვუსმენთ ქალბატონ ნონას:
აბიტურიენტებო, თქვენთვის ყველაფერი გასაგები რომ იყოს, მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ჩემთან ერთად მეცადინეობთ. დაგჭირდებათ, ამობეჭდოთ წყაროს ნიმუში და პასუხების ფურცელი. დავალების შესასრულებლად გჭირდებათ კალამი და მაქსიმალური მობილიზაცია. პირველ რიგში გაეცანით წყაროს ნიმუშს.
წყაროს ნიმუში:
ისტორიული წყაროს ანალიზი. მეფე თამარი (ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“)
„ხოლო ჯარს წინ მიუძღოდა ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი, და კიდევ ძმები ახალციხელები – შალვა და ივანე, მიუხედავად იმისა, რომ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხვა თორელები. და წავიდნენ ბასიანისკენ.
მეფე თამარმა ლაშქარი ოძრხემდე ( სამცხე ) მიაცილა და შემდეგ შემობრუნდა. შეუდგა ლოცვასა და მარხვას. და მასთან ერთად იყვნენ თევდორე, ქართლის კათალიკოსი, კაცი წმინდა და კეთილი, და მასთან ერთად მრავალი ეპისკოპოსი და მონაზონი, ღმერთის მოყვარულები, რომლებთან ერთადაც იყვნენ იოანე შავთელი, დიდებული მოღვაწე და პოეტი, და ევლოგი, სალოსი, რომელიც წინასწარმეტყველების უნარით იყო დაჯილდოებული. ბასიანამდე მისულებს სულთანი დახვდათ დაბანაკებული ადგილზე, რომელსაც ბოლოს ციხეს უწოდებენ. და გაიმართა ომი. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ორივე მხრიდან ბევრი დაიღუპა, თუმცა სულთნის ჯარი უფრო დიდი რაოდენობით. ბრძოლის დროს ცხენი მოუკლეს ივანე მსახურთუხუცესს, ახალციხელებს – შალვას და ივანეს, და სხვა ბევრ დიდებულს. და კინაღამ ქართველები გაიქცნენ. ქვეითად დარჩნენ ქართველი მხედრები. მაშინ, როცა ლაშქარმა ჩამოქვეითებული მეთაურები იხილა, თავი სასიკვდილოდ გადადო და თავადაც ჩამოქვეითდა, მეთაურებს გვერდით ამოუდგა და გაიმართა ძლიერი ბრძოლა.
და როცა დავითმა იხილა ეს, ერთი მხრიდან შეუტია. მარჯვენა მხრიდან ზაქარია მხარგრძელი ეკვეთა მტერს. როგორც მგლები შევარდებიან ცხვრის ფარაში, ისე შევარდნენ დავითი და ზაქარია სულთნის ჯარში. პირველივე შეტაკებაზე გადმოხედა მოწყალე ღმერთმა უფლის მოსავებს და დავითისა და თამარის დიდება განადიდა ვარძიის ღვთისმშობელმა. ღმერთმა გამარჯვება მომადლა ქართველებს.
ქალაქი თბილისი დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა გამარჯვებულებს. თამარი და დავითი დიდებით შევიდნენ ქალაქში და თან ნუქარდინის დროშა შეიტანეს. ამას მოჰყვა წარჩინებული ტყვეების შეყვანა. პირველადე ზინკელი შეიყვანეს, შემდეგ სხვა წარჩინებულები. წარჩინებული ტყვე ამირები, რომლებიც თამარმა ისურვა , პირადად მიიღო, დააპურა, და ასაჩუქრა და საქართველოს სხვადასხვა ციხეში მიუსაჯა ტყვეობა. გამონაკლისი იყო ეზინკელი ამირა. იგი თამარმა ერთხანს თბილისში დატოვა პატიმრად, შემდეგ კი მის მიმართ დამამცირებელი აქტი განახორციელა, როცა გაყიდა და საფასურად ცხენის ნალი აიღო. და დამყარდა ქვეყანაში მშვიდობა. თამარის მეფობის ჟამს არავინ დაუსჯიათ სიკვდილით, არც არავინ დასჯილა თვალთა დაწვით, გარდა გუზანისა, რომელიც სამეფო კარის ორგული იყო და მთაში ავაზაკობდა. იგი თივის მთიბავებმა შეიპყრეს და დავით მეფის წინა შემოიყვანეს. მან იცოდა თამარის მოწყალე ბუნების შესახებ, ამიტომაც მის დაუკითხავად თვალები დასწვა მოღალატე გუზანს. მეფე თამარი გარდაიცვალა იანვრის თვეში. დატოვა ორი შვილი – გიორგი და რუსუდანი, გონიერები, სიბრძნით გამორჩეულები, ყოველი სიკეთით აღსავსენი“.
დავალების კითხვები:
(1 ქულიანი) 1. რომელი სახელმწიფოს მმართველი იგულისხმება წყაროში ნახსენებ ” სულთანში” ?
(1 ქულიანი) 2. რომელი საუკუნის მოვლენებია აღწერილი წყაროში ?
(1 ქულიანი) 3. წყაროს მიხედვით, რატომ დასწვა თვალები მეფე დავითმა ორგულ გუზანს თამარ მეფის დაუკითხავად?
(1ქულიანი) 4. რა ფაქტმა განაპირობა ლაშქრის ჩამოქვეითება ?
(1 ქულიანი) 5. რომელი სამონასტრო კომპლექსია ნახსენები წყაროში ?
(2 ქულიანი) 6. თქვენი აზრით, რისი მიმანიშნებელი იყო ქალაქ თბილის შინ რუქარდინის დროშის შეტანა ?
(2 ქულიანი) 7. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ საერო თანამდებობები (გარდა მეფობისა) , რომლებიც გავრცელებული იყო საქართველოში?
(2 ქულიანი) 8. წყაროს მიხედვით, გამარჯვებულები დიდი ზეიმით მიიღეს ქალაქ თბილისში, რომელიც იმ დროს საქართველოს დედაქალაქს წარმოადგენდა. გაიხსენეთ რომელი ბრძოლის შემდეგ გახდა თბილისი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი-?
(2 ქულიანი) 9. ეზინკელი ამირას მიმართ განხორციელებულ რომელ დამამცირებელ აქტზე საუბრობს მემატიანე?
(1 ქულიანი) 10.წყაროში ვკითხულობთ: „დატოვა ორი შვილი – გიორგი და რუსუდანი“. ერთიანი საქართველოს რომელ მეფე იგულისხმება გიორგიში ?
დავალების სწორად შესრულებისთვის:
ტექსტი უნდა წაიკითხოთ ყურადღებით – მინიმუმ 2 ჯერ. გაიაზროთ და მხოლოდ შემდეგ გადახედოს კითხვებს. მათზე პასუხებს ეძებთ ცალ-ცალკე. რამდენიმე კითხვის პასუხს ერთად ნუ მოძებნით, ეს დროს დაგაკარგინებთ.
გაქვთ უფლება პასუხის ციტირების – წყაროზე მუშაობის დროს, აბიტურიენტს მოეთხოვება, როგორც ფაქტობრივი მასალის ცოდნა, მოუწევს ასევე საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუმცა ეს არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პასუხი დაწეროს. მათგან მაქსიმალურად ლოგიკური პასუხი მოითხოვება. ამიტომაც გასაკვირი არაა თუ მათ მიერ გაცემული პასუხი მართებულად არ ჩაითვლება. შესაძლებელია ასევე პასუხის ციტირება, მოხდეს ტექსტიდან, დასაშვებია პასუხის ტექსტის შემოკლება და საკუთარი სიტყვებით მისი გადმოცემა.
წყაროზე მუშაობის პროცესში მოინიშნეთ თქვენთვის უცხო ინფორმაცია – წყარო გიყვებათ ისტორიული მოვლენისა თუ ფაქტის შესახებ, თუ საგამოცდო პროგრამა კარგად გაქვთ შესწავლილი ეს ფაქტი და მოვლენა თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ, ასეც დროსაც აუცილებელია ჩაინიშნოთ რა არის უცხო ინფორმაცია თქვენთვის. როცა წყაროს მეორედ წაიკითხავთ შესაძლოა უცხოდ აღარ მოგეჩვენოთ.
გაეცით პასუხი ყველა კითხვას, თუნდაც არ იყოთ დარწმუნებული პასუხში – ეს გაზრდის თქვენს შანსს, რომ ქულის ნაწილი მაინც მოიპოვოთ.
სათქმელი ჩამოაყალიბეთ გასაგებად და წერეთ გარკვევით – კალიგრაფიას მიაქციეთ ყურადღება. პასუხის დაფიქსირებისას კი იყავით თანმიმდევრული, გამსწორებელს უნდა ესმოდეს რისი თქმაც გსურთ.
იხილეთ, დავალების სწორი პასუხები და შეამოწმეთ ცოდნა.
1. რუმის სახელმწიფო (რუმის სასულთნო);
2. 13-ე საუკუნის (შეგიძლიათ დაწეროთ XIII საუკუნე);
3. მან იცოდა თამარის მოწყალე ბუნების შესახებ (შეგიძლიათ ციტირება გააკეთოთ ტექსტიდან);
4. მეთაურები ცხენების გარეშე დარჩნენ;
5. ვარძია;
6. სულთნის ჯარზე გამარჯვების;
7. მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი (წყაროში ნახსენებია ასევე სასულიერო თანამდებობები, რომელსაც არ გვეკითხებიან);
8. დიდგორის ბრძოლის;
9. „მის მიმართ დამამცირებელი აქტი განახორციელა, როცა გაყიდა და საფასურად ცხენის ნალი აიღო“(ციტირება);
10. ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი IV (შეგიძლიათ დაწეროთ ერთიანი საქართველოს მეფე ლაშა-გიორგი).
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება