GE

„კარანტინში, მოსწავლეებზე დაკვირვებით, საოცარი რამ აღმოვაჩინე“ – თამუნა ლომიტაშვილი დისტანციური სწავლების შესახებ

EDU.ARIS.GE-ს სტატიათა სერია „ერთი დღე მასწავლებლის კორონავირუსული ცხოვრებიდან“ გრძელდება და დღეს ჩვენი სტუმარია თამუნა ლომიტაშვილი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში.

სასწავლო პროცესი რომ შეწყდა, თუ მიზეზს არ გავითვალისწინებთ, გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიხარდა. დავიწყე ყველაფრის კეთება, რისთვისაც დრო არასდროს მყოფნიდა: ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ვხატავ, ვქსოვ, კერძებს ვამზადებ, ყვავილებს ვთესავ, ჩემს მეორე პროფესიაზე სერიოზულად ვფიქრობ და ა. შ. … თუმცა პროფესიული პასუხისმგებლობა მალევე გამახსენდა და მოსწავლეებს რამდენიმე დღეში, სამინისტროს რეკომენდაციამდე, მივმართე, რომ მზად ვიყავი მათთვის დისტანციური გაკვეთილები ჩამეტარებინა. მანამდე, მსგავსი ფორმატის ერთი გაკვეთილის გამოცდილებაც კი არ მქონია. ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ მათთან კავშირი არ უნდა შემეწყვიტა, არ უნდა ეგრძნოთ, რომ რაღაც „შეწყდა“ ან, „გაწყდა“. თავადვე შექმნეს სასაუბრო ჯგუფი. თავიდან დავალებებს იქ ვუტვირთავდი. შემდეგ იყო ,,Zoom- ი“, ,,Teams-ი“.

უმცროსებს მშობლები ეხმარებოდნენ, უფროსები სწრაფად გაერკვნენ და აქეთ გვიტარებდნენ ტექნოლოგიურ გაკვეთილებს. მაგალითად, ერთმა მოსწავლემ დეტალურად ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა, რომ მათ ჩემთვის ხმა ვერ გაეთიშათ. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მასწავლებლის საქმიანობას დღემდე შემოვრჩი სწორედ ამ პროცესის სიყვარულია – უპირობოდ გასცე და მიიღო საოცარი ემოციები, ცოდნა.

ამ უცნაურ მდგომარეობაში, რაშიც უცებ ამოვყავი თავი ჩემი მოსწავლეებიანად, ყველაზე მთავარი, მაინც ის არის, რომ არ გავჩერდით, არ მოვდუნდით, არ გავშეშდით… დისტანციური სწავლების ნულოვანი გამოცდილებითა და დიდი ენთუზიაზმით, სიბნელეში ხელების ცეცებით, მაგრამ მაინც გავიკვლიეთ გზა.

შევამსუბუქე დავალებები, ახალი მასალის ახსნასაც სიფრთხილითა და ზომიერებით ვეკიდები, რადგან ყოველი წინადადების წარმოთქმისას, მახსენდებიან მოსწავლეები, რომლებიც არ, თუ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში. ახლა ძალიან რთულია ამ მიზეზების დადგენა. ბევრისთვის პასიურობის მიზეზი შეიძლება ელემენტარული რესურსის არქონა იყოს, ზოგიც კი, უბრალოდ სარგებლობს ვითარებით და ზარმაცობს. ამ ყველაფერს კლასის ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია არკვევს. საბოლოო შედეგებს, ალბათ, შევაფასებთ და მომავალში, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას გავითვალისწინებთ, რადგან მოსწავლეები, რომლებიც მეტ-ნაკლებად არ მოსწყდნენ დისტანციურ სწავლებას და ის მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო სრულიად გამოეთიშნენ -სექტემბრიდან, თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება გაკვეთილის პროცესს, ეს მთელი ხელოვნებაა. ჩემი აზრით, მის ხარისხიან მართვას ისეთივე ნიჭი სჭირდება, როგორიც ხელოვნების ნებისმიერ დარგს. თუმცა, ტექნიკის ათვისებაც შესაძლებელია.

გაკვეთილზე ხშირად ხდება კურიოზები. ასე შემდეგ ვარქმევთ, თორემ პროცესში – ხელისშემშლელი ამბები. დაბალი საფეხურის მოსწავლეებს, როგორც წესი, რამდენიმეს მაინც უზის ფარულად სუფლიორი დედა, ან ბებია (იმედია, არ მიწყენენ), ეს სახალისო და საყვარელი სანახავია, თუმცა, ხშირად ვუხსნი, რომ ასე მხოლოდ ხელს უშლიან ბავშვებს საკუთარი აზრის გამოთქმაში. უფროსკლასელებთან პირიქით ხდება. თუ ვინმე დაარღვევს მათ სიმყუდროვეს, სულ თვალების ბრიალით მიაბრძანებენ ოთახიდან.

ვიღაც წერდა, მასწავლებლები გმირები არიანო. დიდი მადლობა გულუხვი ეპითეტისთვის, მაგრამ ეს გადაჭარბებული ნათქვამია. ჩვენ ხელფასი სრულად გვერიცხება და ენთუზიაზმსა და პროფესიის სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, პასუხისმგებლობა გვაკისრია მოსწავლეების, მშობლებისა და სისტემის წინაშე. რა თქმა უნდა, ურთულესი გამოწვევაა, ყოველგვარი პრაქტიკული გამოცდილებისა და გადამზადების გარეშე, ერთ მშვენიერ დღესაც, დისტანციურად მოგიწიოს გაკვეთილის მართვა. ბანალურ ფრაზას ვიტყვი: „ჩვენც ადამიანები ვართ“ – მოსწავლეების მსგავსად, უამრავი პედაგოგი აღმოჩნდა ტექნიკური პრობლემების წინაშე. რამდენიმე მასწავლებელს ვიცნობ – ბევრი შვილითა და ცოტა საცხოვრებელი ოთახით, ხომ წარმოგიდგენიათ მათი მდგომარეობა? თუმცა, გმირობა მაინც სხვა ცნება მგონია, თუ მაინცდამაინც აუცილებელია ამ ეპითეტის გამოყენება, მაშინ დღეს ყველა ჩვენებურ გმირად ვიქეცით.

ახლა არ არის რომანტიზმის დრო. მოზარდებს საღი და თანამედროვეობისათვის შესაფერისი აზროვნება უნდა ვასწავლოთ. საქმის გულმოდგინედ გაკეთებას გმირობა კი არა, პასუხისმგებლობა, კომპეტენცია, ახლის ძიება, კვლევა, პროფესიის სიყვარული და ერთგულება ჰქვია.

კარანტინში, მოსწავლეებზე დაკვირვებით, საოცარი რამ აღმოვაჩინე. ისინი თითქოს დამშვიდდნენ, დაბრძენდნენ, უფრო დამთმობნი გახდნენ. თავიდან განვიცდიდი, შინგამოკეტილ მოზარდებში აგრესიასა და კიბერბულინგს არ ემატა, მაგრამ თითქოს პირიქით მოხდა. თუმცა, ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ვისურვებდი, რომ სკოლა სრულფასოვნად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. ის სულ სხვა სამყაროა. როდესაც თქვენთვის ფოტოებს ვეძებდი, თვალი გადავავლე განვლილ წლებს და მივხვდი, რომ დისტანციური სწავლება, როგორი დიდი განათლებაც არ უნდა მისცეს მან მოსწავლეებს, ვერაფრით ჩაანაცვლებს იმ ემოციებს, რასაც ისინი სკოლასთან დაკავშირებული აქტივობებით იღებენ. წარმოიდგინეთ, როგორი განცდაა, როდესაც სპექტაკლს დგამ, რეპეტიციებზე მოსწავლე შენ წინაშე როგორ გარდაიქმნება დიდ მსახიობად. ან მათი ბედნიერი და გაოცებული სახეები, როცა მაღალქუსლიანებზე შემდგარი საქმიანი ქალი, წითელი პომადით, ზოგჯერ მათი თანატოლი ხდები და რაგბის ეთამაშები. რამდენიმე წლის წინ გამოსაშვები კლასი მყავდა და თითქოს ბოლო ზარიც მათთან ერთად მქონდა… ისინი ახლა სტუდენტები არიან და ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ. ეს მოგონებები ძალიან შორს წაგვიყვანს. მადლობა თქვენ ამ საოცარი ემოციების გახსენებისთვის.

ჯერჯერობით რთულია იმაზე მსჯელობა, თუ როგორ გავართვით თავი გამოწვევას მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მასწავლებელი მთელი გულითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო დისტანციური სწავლების პროცესში. როგორ შეიძლება შედეგით ვიამაყოთ, როცა გარკვეული მიზეზების გამო, უამრავი მოსწავლე „დაგვეკარგა“?! სკოლებმა აქტიურად უნდა იკვლიონ მიზეზები, რათა საბოლოო შედეგი კარგად შევაფასოთ და სამომავლოდ გავითვალისწინოთ.

ახლა მთავარია როგორ უნარებს, ემოციებსა და მუხტს გავატანთ მოზარდებს არდადეგებზე. კარგი იქნება, თუ ისეთ აქტივობებს ჩავუტარებთ, რომლებიც მათ ფსიქოლოგიურად, მორალურად გააძლიერებს. დავალებებიც მაქსიმალურად მსუბუქი და სახალისო უნდა იყოს.

სასწავლო წლის ბოლოს, ვფიქრობ, მასწავლებლებმა ჩვენი მცირე კვლევები ერთად უნდა გავაანალიზოთ – რას მივაღწიეთ, რა გამოგვივიდა, სად გაგვიჭირდა, რასთან დავმარცხდით, რა დავამარცხეთ, რომელმა ექსპერიმენტმა გაამართლა და სხვა…

ეს უჩვეულო, მოულოდნელი, მაგრამ უცნაურად სასიამოვნო და აზარტული, სამთვიანი აღმოჩენებით სავსე პროცესი არ უნდა დაიკარგოს, მეტიც, მომავალში საინტერესო და საჭირო კვლევებს უნდა დაედოს საფუძვლად.

„აქ ფრთებს ისე ვერ გავშლი…“ – დაწყებითების მასწავლებელი ვენენო მენაბდე დისტანციური სწავლების გამოცდილებაზე

„ჩემი მასწავლებლობის ახალი ეტაპი“ – გაკვეთილი კორონავირუსის პირობებში

„სად ხარ?“ „რატომ არ ჩანხარ?“ „ჩართე კამერა!“ – მასწავლებლის ერთი დღე კორონავირუსის შემდეგ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური