GE

კარლ-ერიკ ნორმანის საჯარო ლექცია თსუ-ში – „კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის“

“კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის”  ამ თემაზე წაუკითხა საჯარო ლექცია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებელმა და გენერალურმა მდივანმა კარლ ერიკ ნორმანმა. ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ-ის რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, კარლ ერიკ ნორმანის ლექციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. „კარლ ერიკ ნორმანმა ძალიან საინტერესოდ მიმოიხილა კულტურული დიპლომატიის ისტორია. სტუდენტებმა  მათთვის საინტერესო საკითხები დაინახეს, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, ასევე ის საკითხები რაც ეხება საქართველოს ბრენდინგს და მის წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე. ბატონი ნორმნი თვლის, რომ ეს თემა უნდა აისახოს ჩვენი უნივერსიტეტის ზოგად სასწავლო კურსებში“, – განაცხადა რექტორის მოადგილემ.

საჯარო ლექციის დასასრულს კარლ ერიკ ნორმანმა სტუდენტებთან დისკუსია გამართა და მათ კითხვებს უპასუხა.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში ვიმყოფები და ჩემს გამოცდილებას კულტურულ დიპლომატიაში სტუდენტებს ვუზიარებ მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი კონფლიქტია. კვლევები კულტურული დიპლომატიის მიმართულებით ახლა დაიწყო და მე მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ როლს შეასრულებს ამ პროცესში“, – აღნიშნა კარლ ერიკ ნორმანმა. მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი კულტურულ დიპლომატიასა და ქართული ღირებულებების პოპულარიზაციის საქმეში.

საჯარო ლექცია “კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური