GE

კედლის ჩამონგრევის გამო, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია – მშობლების პოზიცია

თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 16 აპრილს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კედელი ჩამოინგრა, რა დროსაც, მშობლების ინფორმაციით, სკოლის ბიბლიოთეკარი დაშავდა. სწორედ ამას მოჰყვა სასწავლო პროცესის შეწყვეტა და მოსწავლეების სხვადასხვა სკოლებში გადანაწილება.

სკოლის დირექტორი, ლანა ნასიძე EDU.ARIS.GE-ს კითხვებს არ პასუხობს, თუმცა როგორც ჩვენ გავარკვიეთ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლის მდგომარეობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება – უცნობია რა დროით.

მშობელი, რომლის შვილებიც 157-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ სკოლა ავარიულია, საფრთხეს უქმნის მოსწავლეთა და პერსონალის სიცოცხლეს, საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას. ამ საკითხზე სამი წელია საუბრობენ, მაგრამ შედეგი არ აქვთ.

როგორც ის გვიამბობს, მოსწავლეებს ძირითადი საგნები გადანაწილებულ სკოლაში ჩაუტარდებათ, სხვა გაკვეთილები კი ონლაინ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

„16 აპრილს სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბიბლიოთეკარი ქალი შევიდა ერთ-ერთ ოთახში, რა დროსაც ძველი გალესილი კედლის ზედა მხარე ჩამოინგრა. ჩემი ინფორმაციით, მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და კლინიკაში არ გადაუყვანიათ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სკოლის მოსწავლეების მშობელმა.

მშობელს პრეტენზია აქვს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესთან დაკავშირებით, მიუთითებს მასწავლებლების მძიმე მდგომარეობაზე და სკოლის დირექტორის უმოქმედობაზე, დროული რეაგირების არქონის გამო:

„უკვე 54 კლასი გადანაწილდა სხვადასხვა სკოლაში და არც ეს პროცესი იყო დალაგებული, რადგან ერთი ოჯახის წევრი ბავშვები სულ სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს. მე მთავარ პრეტენზიას დირექტორს ვუყენებ, მას უნდა ემოქმედა, შეეტანა სახელმწიფო შესყიდვებში განაცხადი და მოეთხოვა კაპიტალური შეკეთება. სამი წელია ამაზე საუბარია. განათლების სამინისტრო კი სამხარაულის ექსპერტიზას ელოდება და შეიძლება ამას წელიწადი დასჭირდეს, ეს პროცესი გაიწელება, ხომ უნდა მოხერხდეს დასკვნის დროულად დადება, რეაბილიტაცია და მაქსიმუმ ოქტომბერში ბავშვების სკოლაში დაბრუნება?! სკოლის დირექტორს არ აქვს კომუნიკაცია მშობლებთან.

“მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მასწავლებლებიც ზარალდებიან, რადგან სულ სხვადასხვა სკოლაში მოუწევთ გაკვეთილების ჩატარება, სხვადასხვა სკოლებში დაუნიშნეს, რაც უკვე ხათაბალაა. პედაგოგი უფრო გაწვალდება, ის სკოლიდან სკოლაში უნდა წავიდეს“.

მშობლების მოლოდინია, რომ სკოლის დირექტორი მშობლებს შეხვდეს და ერთად იმსჯელონ მათთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

“ვიცი რომ არა კედლის, არამედ ბათქაშის ჩამოვარდნის გამო მიიღო დაზიანება ერთ-ერთმა პერსონალმა(და არა ბიბლიოთეკარმა). სასწრაფო დახმარებაც გაეწია შესაბამისად, როგორც საჭირო იყო. ყველა ინსტანცია უცებ ჩააყენეს საქმის კურსში. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ველოდები რა და როგორ დალაგდება. მე ვენდობი ამ სკოლას, არც ბავშვის სადმე გადაყვანას ვფიქრობ. მთავარი ის არის, რომ ბავშვები ამ ეტაპზე გააგრძელებენ სწავლას. დანარჩენს, რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს. ძალიან პოზიტიურია ჩემი პოზიცია”, – განუცხადა EDU.ARIS.GE – ს კიდევ ერთი მოსწავლის მშობელმა, ნატალია ჭუმბურიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური