GE

კომბლე, ნაცარქექია, დედინაცვალი და „შარში“ მყოფი „ბავშვიყლაპია“ მინისტრი – ჯეჯელავას ხმაურიანი 2016

კომბლე ქართული საზოგადოების ცნობიერებაში უკვე კარგა ხანია განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთანაა კავშირში. ცნობილი ქართული ზღაპრის გმირისა და მინისტრის „შერკინების“ პერიპეტიებს საზოაგდოებამ დიდხანს უყურა და უსმინა.  შეიძლება ითქვას,  მინისტრობის პირველი წელი ჯეჯელავასა და ზღაპრის გმირების პაექრობასთან ასოცირდება.

15073409_1686838814979669_3301208522271764401_nკომბლე არაა ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც ჯეჯელავა „ერჩის“ და არც მასთან დაკავშირებული გამონათქვამია ის იშვიათი გამონაკლისი, რის გამოც განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ყურადღების ცენტრში მოექცა. დანიშვნის დღიდან არაორდინარული, ხმაურიანი, ზოგისთვის მიუღებელი, ყურისმომჭრელი და თამამი განცხადებებით ალექსანდრე ჯეჯელავა მუდმივად ყურადღების ზენიტში იყო. მისი ფრაზები პრესის ფურცლებიდან არ ჩამოსულა და ფრაზების ავტორსაც არც ერთი წუთით არ დაუკარგავს აქტუალობა.

“მე ხომ განმანათლებელი ვარ?! ჩემი ამოცანაა, სხვების ცხოვრება შევცვალო-” ამგვარი ამბიციური მიზნით დაიწყო ჯეჯელავამ დაახლოებით 6 თვის წინ მინისტრის რანგში  მოღვაწეობა. განცხადება საკმაოდ რეალისტური გამოუვიდა, რადგან მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბევრის ცხოვრებაში შეიტანა ცვლილება – მოსწავლეების, მასწავლებლების, პროფესორების, სტუდენტების და ა.შ. კარგი თუ ცუდი – ამაზე კამათი ღირს.

შედეგად ჯეჯელავა არაერთის შთაგონების წყაროდაც იქცა და საკმაო რაოდენობის ზედმეტსახელებიც დააგროვა. ვისთვის იგი „კარლსონია“ და ვისთვის – „ბავშვიყლაპია” – (იხილეთ ვიდეო).  
jejelavavsshalva-1600x900ყველაზე სტაჟიანი და ენამოსწრებული პოლიტიკოსის ამ შეფასების შემდეგ არც ისე იოლი წარმოსადგენია როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს შალვა ნათელაშვილისეული ბავშვიყლაპია განათლების მინისტრი.

იხილეთ EDU.ARIS.GE-ს ვერსია, რომელიც ზალიკო სულაკაურის შესრულებით შეიქმნა. თუ ძალიან მოგეწონებათ, ან მისი ამობეჭდვისა და კედელზე გაკვრის სურვილმა წაგძლიათ, დააწკაპეთ და ჩამოტვირთეთ კარიკატურა.

ჯეჯელავა VS ზღაპრის გმირები

”კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი? თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე – ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”, – კომბლესა და მინისტრის უთანხმოება ამ ფრაზით დაიწყო.

როგორც აღმოჩნდა, კომბლე არც ისეთი “ცუდი ტიპი“ ყოფილა, რადგან მისი შეურაცხყოფა ბევრმა ვერ აიტანა და მინისტრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. რამდენიმე კვირის განმავლობაში  სოციალურ ქსელებში, გადაცემებში, ინტერვიუებში  არ წყდებოდა მინისტრის ლანძღვა და კომბლეს „თამადობით“ ქართული ზღაპრების, ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სულისა და მეობის დაცვა.

თემას არაერთი სატირული ფეისბუქ-პოსტი, სტატია, ბლოგი, ფოტო თუ  კარიკატურა მიეძღვნა.

„ბატონო ჯეჯელავა, კომბლესთან ბრძოლაში დამარცხდები შენ, იმიტომ, რომ იმას კომბალი უჭირავს ხელში, თქვენ სხვა რამე გიჭირავთ, ალბათ“, – ასე მიმართა „ეროვნული ფორუმის“ ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ განათლების მინისტრს. იხილეთ ვიდეო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ თავად ჯეჯელავაც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ კომბლეს ბევრი დამცველი ჰყოლია, თუმცა აზრი არც ამის შემდეგ შეუცვლია და ზღაპრის ერთი შეხედვით უწყინარი გმირისადმი  გული არ მობრუნებია – „კომბლეა თუ სახარება?“ – კითხულობს მინისტრი.

მეტიც, კომბლეს ბედი გაიზიარეს ნაცარქექიამ, რწყილმა და ჭიანჭველამ, ჩიტმა ჩიორამ  და სხვა პერსონაჟებმაც.

15781095_1710420362621514_1365604164468596308_nმათგან განსხვავებით ბევრად  გაუმართლა ქართული ზღაპრების უარყოფით გმირს – დედინაცვალს, რადგან მინისტრი ჯეჯელავა აღმოჩნდა ალბათ პირველი, რომელმაც მათ დასაცავად ხმა აიმაღლა- „დედინაცვალი ყველა ზღაპარში მტერი არ უნდა იყოს, რადგან დღეს უამრავი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს და პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ და არ ვაკითხოთ, რომ დედინაცვალი ბავშვების ელენთას ჭამს და მათ სახლიდან აგდებს. ეს ხომ ჩვეულებრივი ტრაგედიაა.“

ჯეჯელავას აზრით, ქართული ზღაპრები და მათი ფინალი ბავშვებს ძალადობას ასწავლის და აჩვენებს, რომ მეზობლის გაჭირვება უნდა გიხაროდეს.

„მეგობრობა კარგია, მაგრამ თვითონ რომ არაფერს აკეთებს ჭიანჭველა? ან სად მიხტოდა?…მიზეზი, რის გამოც შევუტიე კომბლეს და კიდევ შევუტევ არაერთს, სხვაა. მინდა ახალი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც დევს კი არ წაართმევს სახლს, აიშენებს. შვილებზე მკითხეთ და კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი ჩიორასავით რომ იქცეოდეს ჩემი შვილი, არ მინდა. კიდევ გრძელი ჩამონათვალი მაქვს,“ – აცხადებს მინისტრი.
ორიოდ დღის წინ  კი ჯეჯელავა ჟურნალისტებს იმაშიც გამოუტყდა, რომ საყვარელი ზღაპრის გმირი არ ჰყავს.

,,გულწრფელად ვამბობ, ყოველთვის, როცა ვკითხულობდი – ჭირი იქა, ლხინი აქა, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება, იქაც ლხინი იყოს და აქაც-მეთქი? მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს, მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე – ფქვილი? უნდა მომწონდეს, თუ სხვას შუქი არ აქვს და მე სახლში ანთებული ნათურები მაქვს?” –  განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთ-ერთ  ინტერვიუში.

ჯეჯელავა VS საზეპიროები

15027591_1687221054941445_2892855083126963121_nგანთლებისა და მეცნიერების მინისტრს საზეპიროებიც რომ არ მოსწონს და გარკვეული მოვლენების წლების, მდინარის შენაკადების და ფიზიკის ფორმულების დაზეპირების წინააღმდეგია, აჟიოტაჟის კიდევ ერთი საფუძველი გახდა.

„იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა  ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით,“ – განაცხადა ჯეჯელავამ და აქვე ალტერნატივაც შემოგვთავაზა – ინტერნეტი, კერძოდ კი „გუგლი“, რომლის მეშვეობითაც ადამიანს უსარგებლო ინფორმაციით თავის გამოტენვა აღარ დასჭირდება.

„ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. ახლა  აღარ სჭირდებათ, მაგრამ „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ – შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა. ამიტომ კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია,“ – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ დღემდე ელოდება თუ  როდის გამოადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, რადგან ეს 43 წლის განმავლობაში არ დასჭირვებია.

ჯეჯელავა VS სკოლა

„მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“ მოტივაციის ამ არცთუ ასამაღლებელი ფრაზით ჯეჯელავამ ქუთაისელ პედაგოგებს მიმათა და დაინტერესდა, თუ როგორ ახერხებენ ისინი ამ პირობებში გაკვეთილზე  ბავშვის დაინტერესებას. აქვე ისიც დასძინა, რომ   ყველა კარგი მასწავლებელი, ბავშვის დაინტერესებას ეროვნული სასწავლო გეგმის დარღვევით ახერხებს – „ეს საოცარი ამბავია. წიგნი რომ დავწერო ოდესმე, ამ საოცრებას შევიტან შიგნით, რომ სახელმწიფომ შექმნა ისეთი გეგმა,  რომელსაც თუ დაარღვევ კარგი მასწავლებელი იქნები, თუ შეასრულებ – ცუდი.”

სასწავლო გეგმის შემდეგ მინისტრმა სკოლებსაც შეუტია. ალბათ ბევრი ქვეყანა არაა „განებივრებული“ იმით, რომ განათლების მინისტრი სასკოლო საგნების სწინააღმდეგ გამოდიოდეს – „ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის“.

აქვე მინისტრი ბავშვებისათვის მეტი თავისუფალი დროის მიცემის ინიციატივითაც გამოვიდა და განაცხადა, რომ იგი უნდა „გაერთოს“ და „მოილხინოს“.

15622652_1708477756149108_5785167319212842592_n„ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს”, „სკოლა არის უინტერესო“, „დღევანდელი სკოლა აცდენილია, ანუ ნაპრალია იმას შორის, თუ რა სჭირდება ბავშვებს და რა მომსახურებას ვუწევთ ჩვენ,“  „ისე დატანჯავენ და მეთორმეტე კლასში პროფესიონალ ზარმაცს მივიღებთ და მას აღარ უშველის არაფერი“,“ქარხანა გვაქვს უმუშევრობის შექმნილი და სამწუხაროდ, ეს ქარხანა სახელმწიფო საწვავზე, სახელმწიფო დაფინანსებაზე მუშაობს,“   „ სკოლა უნდა იყოს ისეთი, რომ მოსწავლე იყოს პირველ კლასში ზარმაცი“ – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჯეჯელავას „მარგალიტებისა“, რომელსაც გასული წლის განმავლობაში უხვად ვისმენდით.

როგორც აღმოჩნდა, მინისტრი ჩვენს მოწყენას არც მომდევნო წელს გეგმავს. მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, რომ ფრთიან ფრაზებს არც 2017-ში მოგვაკლებს – „თქვენ თუ მოგაწყინეთ რაღა აზრი ექნება რამეს?!“ – გვითხრა მინისტრმა. 

EDU.ARIS.GE კი წარმატებებს უსურვებს მინისტრს 2017 წელს განათლების სისტემაში განსახორციელებელ ყველა კეთილ საქმეში.

ნაცარქექიას აპოლოგია – ვუძღვნი ბ-ნ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი

პოზიტიური იმიჯი, სისტემური ხედვა, კარგი მენეჯერი – როგორ აფასებენ ექსპერტები ალექსანდრე ჯეჯელავას

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური