ნაცარქექიას აპოლოგია – ვუძღვნი ბ-ნ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას
ავტორი – ზურაბ კიკნაძე
პროფესორი
ჩვეულებრივ საუბარში ამბობენ: “ეს ზღაპარია”. და ის, რაზედაც ამბობენ, რომ ზღაპარია, მიაჩნიათ, რომ განუხორციელებელი ოცნებაა, ან სინამდვილის საპირისპიროა, ან ტყუილია და ამიტომაც მასზე ფიქრისთვის არ უნდა მოცდეს გონიერი კაცი…
ნამდვილად სიტყვა “ზღაპარი” არ იმსახურებს იმას, რომ ის დავუპირისპიროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. ამ სინამდვილეს კი ნამდვილად უპირისპირდება. რადგან ზღაპარი ეწოდა ისეთ ამბავს, რომელიც გვაუწყებს ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას. განა ტყუილი დაერქმევა იმ გზას, რომლის ბოლოს აბსოლუტური დასასრულია, როცა უკან არის მოტოვებული ყველა განსაცდელი, მეტიც: განსაცდელის წყარო – ბოროტება აღმოფხვრილია, განქარებულია უკანასკნელი მტერი, და მთელი ყოფიერება მარადიული ქორწილით ახალ საფეხურზე ადის, სადაც არის ახალი ცა და ახალი მიწა… ამ გზის გამკაფავი არის ზღაპრის გმირი, რომელიც გადის მამის სახლიდან, რათა გამარჯვებული და გამდიდრებული კვლავ დაუბრუნდეს მას…
აჰა, გადის ბიჭი, ახალგაზრდა, მზეჭაბუკი თუ გლეხის შვილი. ის არ იცნობს არც საკუთარ თავს, არც გარესამყაროს. ის იქნებ თავის თვალშიც არარაობაა, უსუსურია, ყარიბია, მაგრამ არც კომბალი უჭირავს ხელში, არც სხვა რამ იარაღი თავის დასაცავად. მაგრამ საკმარისია გადააბიჯოს კარის ზღურბლს, აღმოჩნდეს პირველ განსაცდელში, რომელიც მას ელის გარეთ, იმ წამსვე წამოიმართებიან თითქოს არარაობიდან მის საშველად… მაგრამ ყველა შემხვედრს როდი ეშველებიან ისინი. მხოლოდ მათ ეშველებიან, ვინც კაცთაგან უვალს და გაუთელელ გზას ადგანან. ეს ბიჭი – ყარიბი, გასული იდუმალის საძიებლად, იმ გზაჯვარედინს გაცილებული, სადაც სწერია “აქეთ წახვალ, ვეღარ დაბრუნდები” – ის სწორედ ამ გზას ადგას, რადგან ყველა სხვა გზა ფუჭი და ამაოა (დაე, ჭკვიანმა ძმებმა იარონ იმ გზებზე, რომლებიც ტყუიან), – სავსე რწმენითა და ნდობით ყოველი არსებისადმი, მზადმყოფი გასცეს უკანასკნელი, თვით ისიც, რაც დიდი განსაცდელის გავლით აქვს მოპოვებული, – ეს ბიჭი ღირსია იმისა, რომ მის მხარეზე იყოს მთელი ხილული და უხილავი სამყარო… და ის გამარჯვებული ბრუნდება. მისი გზა-სავალი ისეთია, რომელსაც “ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან”.
ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან იმ კაცის ფიქრებსაც, კერიის წინ რომ ჩამჯდარა და ქექავს ნაცარს. ეძებს რასმე? იქნებ ეძებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ეძებს და ვერც დავინახავთ, რასაც მოიძევს. ამ კაცის სახელი სალანძღავ და საკიცხველ სიტყვად იქცა. “რას დამჯდარხარ ნაცარქექიასავით!” მაგრამ განა შეძლებს ყოველი უსაქმური ნაცარქექიასავით ჯდომას?
დაე, დასცინოდნენ მას იმ საგნების გამო, რომელიც მან მოითხოვა სახლიდან გასვლისას, როცა გარეთ აგდებდნენ. რა არის ჭყინტი ყველი, რა არის სადგისი, რა არის ერთი გუდა ნაცარი? ნივთები, რომლებიც მხოლოდ სახლში შეიძლება გამოადგეს კაცს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი, რომელსაც აიძულებენ დასტოვოს კერა, არ გამოიყენებს ამ საგნებს მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ. ის არ შეჭამს ყველს (ვერც ხანგრძლივად შეინახავს, ის ჭყინტია), სადგისით არ გახვრეტს ტყავს, ნაცრით არ გახეხავს ქვაბს. ის აღმოაჩენს მათში იმაზე მეტს, რასაც ისინი ასრულებენ ყოველდღიურ ყოფაში, ან რაც მათთვის დაუკისრებია ადამიანის ჭკუას. დასცინიან მას? მაგრამ ის თავად დასცინებს მათ, ვინც ვერ იხედება საგანთა უკან, საგანთა სიღრმეში, საგანთა ზემოთ, რომელთა ჭკუა ერთგანზომილებიანია, ამიტომაც ყოველდღიურობას მიჯაჭვული…
ის აერთებს თავის თავში ორი ტიპის ადამიანს, რომელთაგან ერთი ჭვრეტს – მჭვრეტელია, მეორე მოქმედებს – მოქმედია… ერთი შინ არის, მეორე – გარეთ. სოფელი მათ გარეშე წარმოუდგენელია, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ერთიც აუცილებელია და მეორეც. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთის წილი – მჭვრეტელისა, რომელიც ზის, გამორჩეულია. მჭვრეტელი, იდუმალის მსმენელის წილი ქრისტემ გამოარჩია, როცა უთხრა ბეთანიელი ლაზარეს დას: “მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია…” (ლუკა, 10:41-42).
ასე ზის კაცი კერიაში – სახლისა და სამყაროს შუაგულში და იჩხრიკება, და მას ნაცარქექიას ეძახიან; მისი ქცევა გარეშე თვალისთვის ისევე დაცლილია აზრისაგან, როგორც ნაცარი – ცეცხლისაგან. მაგრამ ნაცარქექიამ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იცის, რომ ნაცრის ჩხრეკა ცეცხლის არსის, მისი საფუძვლის ჭვრეტის სიმბოლოა. ის ხილულში უხილავს ეძებს. მან იცის, რისი დანატოვარია ნაცარი და ნაცრიდან რას შეიძლება მისწვდეს მისი მჩხრეკელი…
დაე, დასცინოდნენ მას ამ საქმიანობისთვის, მაგრამ მოვუსმინოთ, რას ამბობს მგოსანი:
მაგრამ რომ გაჰქექ ცივ ნაცარს
და გამოუქექ მას ძირსა,
იქ ნახავ ობოლ ნაკვერცხალს,
მიმალულს-მივიწყებულსა;
და იმ ნაკვერცხლით აანთებ,
ააგუგუნებ კერასა,
სახლიც გათბება და ბნელი
ნათელს ვერ ავნებს ვერასა…
3 სექტემბერი, 2016 წ.
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი