კომპლექსური დავალების პრაქტიკაში დანერგვის გამოწვევები – რა აჩვენა მოკვლევამ და რას ითხოვს პედაგოგი
საგაკვეთილო პროცესში კომპლექსური დავალებების შეტანის შემდეგ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ეს სამუშაო დიდი ხნის განმავლობაში იყო სასკოლო საზოგადოების განსჯისა თუ კრიტიკის საგანი. ყველაზე მეტად კი მას მოსწავლეების მშობლები უჩიოდნენ. ზოგადი განათლების რეფორმის ავტორები კი ამტკიცებდნენ, რომ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა არ გულისხმობს მშობლის დახმარებას და ეს მოსწავლის საქმეა.
თემატური მოკვლევის ანგარიშში, „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“, რომელიც საქართველოს პარლამენტში მომზადდა, სკოლებში არსებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთ საკითხად განხილულია კომპლექსური დავალების ინტეგრირების საკითხი სწავლა-სწავლებაში და ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული მასწავლებლების ნაწილი მიესალმება კომპლექსური დავალებების შეტანას სახელმძღვანელოებში, ნაწილი აცხადებს, მოსწავლეებს უჭირთ კომპლექსური დავალებების შესრულება.
როგორც კვლევის ავტორები წერენ, შესაძლოა, ცალკეულ სახელმძღვანელოში მოცემული კომპლექსური დავალება გათვლილი იყოს მაღალი მოსწრების მოსწავლეებზე. ამიტომაც მასწავლებლების ნაწილი ითხოვს, რომ „თითოეული თემა მოიცავდეს კომპლექსური დავალების რამდენიმე ვარიანტს“.
საინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში გამოკითხული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ქოუჩები და „ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე სკოლების მასწავლებლები, კომპლექსური დავალებების სირთულესთან დაკავშირებულ ამ წუხილს ისე ხსნიან, რომ პრობლემა თავად მასწავლებლებშია და მათ არ ესმით დავალების არსი: მასწავლებლებს ჯერ არ ესმით, თუ რა დანიშნულებით და როგორ უნდა გამოიყენონ კომპლექსური დავალება.
„როგორც შედარებით მეტი გამოცდილების მქონე მასწავლებლები ხსნიან, კომპლექსური დავალება წარმოადგენს სწავლის პროცესის მაორიენტირებელ, მიმართულების მიმცემ, მამოტივირებელ ინსტრუმენტს. კომპლექსურ დავალებაზე მოსწავლეები მუშაობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მოსწავლე ეტაპობრივად, მასწავლებლის მხარდაჭერით, აგებს ცოდნასა და ივითარებს უნარებს ამ დავალების შესასრულებლად. ნაცვლად ამისა, მასწავლებლების ნაწილმა ჩათვალა, რომ კომპლექსური დავალება მოსწავლეს ჩვეულებრივი დავალების სახით უნდა მისცეს. შედეგად, მოსწავლეებს უჭირთ ამოცანაში ორიენტირება და სჭირდებათ მშობლების, ზოგჯერ კი, ოჯახის ნაცნობი მასწავლებლების დახმარებაც კი“, – ვკითხულობთ საპარლამენტო მოკვლევის ანგარიშში.
კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ კომპლექსურ დავალების პრაქტიკაში დანერგვის ეს გამოწვევები მოულოდნელი არ იყო, რადგან, „როგორც მასწავლებლები და დირექტორები გვიხსნიან, კომპლექსურ დავალებას და, ზოგადად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პედაგოგიკური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გაგებას სჭირდება კონსტრუქტივისტული პრინციპების გააზრება, რაც ჯერ კიდევ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ეს მიდგომები არ შედიოდა მასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამებში და მოკლევადიან ტრენინგებზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც ჩვენი განათლების სისტემისთვის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ყველაზე გავრცელებული მიდგომა იყო ზოგადი განათლების რეფორმის დაწყებიდან, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელთა კრიტიკულმა ნაწილმა მაინც გაიაზროს ამ მიდგომების დანიშნულება და გამოყენების შესაძლებლობები“.
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის თვალსაზრისით რესურსების ნაკლებობის შესახებ ამახვილებს ყურადღებას EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მარიამ ვერულიძე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგია.
ჩვენ მას ვკითხეთ, რა დაბრკოლებები და გამოწვევები შეხვდა კომპლექსური დავალებების მოსწავლეებისთვის მიცემისა და მომზადების პროცესში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს გამოწვევები დაძლიოს.
ამბობს, რომ რეგიონის სკოლაში მთავარი გამოწვევაა აუდიტორიაზე მორგებული კომპლექსური დავალების შექმნა, რომელიც სასკოლო რესურსების შესაძლებლობებს მოერგება და დამატებით რესურსს არ მოითხოვს.
„ჩემთვის, როგორც დამწყები პედაგოგისთვის სიახლე იყო კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა. ამიტომ შევეცადე, ჩემი კოლეგებისგან მესწავლა რა და როგორ გამეკეთებინა. დავიწყე ძიება, ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიას, ინტერნეტში ვუსმენდი ვებინარებს, გადავათვალიერე მზა კომპლექსური დავალებებიც და ჩავწვდი მის არსს. შემდეგ კი მე თვითონ მოვამზადე. ჩემს შემთხვევაში დაბრკოლებად ვერ განვიხილავ თუმცა, კომპლექსურ დავალებებს სჭირდება მეტი დრო. თუ ღია ტიპის დავალებას აძლევ მოსწავლეებს, განსაკუთრებით მაშინ, რადგან შენ როგორც ქმნი დავალებებს, ასევე ამოწმებ უკვე შესრულებულს დაკვირვებით და ინიშნავ შედეგებს, რაც დროის ფაქტორიცაა და არასამუშაო პერიოდში ხდება. ასევე, რეგიონის სკოლებს ისეთი დიდი ბიუჯეტიც არ გვაქვს, როგორიც დედაქალაქის სკოლებშია და ვცდილობთ, რაც გვაქვს ის გამოვიყენოთ. ქსეროქსი, კომპიუტერი, ინტერნეტი, სხვადასხვა საკანცელარიო მასალები ეს მინიმუმ გვჭირდება, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, სადაც უფრო მეტი სიფერადის შეტანაა აუცილებელი, რომ ბავშვი დავაინტერესოთ“, – ამბობს მარიამ ვერულიძე.
მასწავლებლის თქმით, ეს დაბრკოლებები რომ დაიძლიოს, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს უფრო მეტი მატერიალური რესურსი ჰქონდეთ.
„თუ უფრო მეტი მატერიალური რესურსი გვექნება, ამ გზით კომპლექსურ დავალებებზე ბავშვებთან უფრო ხშირად ვიმუშავებთ. ასევე, საჭიროა თანამშრომლობა სხვა, უფრო გამოცდილ პედაგოგებთან და გამოცდილების გაზიარება. რეგიონის სკოლებსა და მასწავლებლებს, მითუფრო ახალბედებს, როგორც ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა და გადამზადებაც, რომ საუკეთესო შედეგი ჰქონდეთ“, – განუცხადა 18 ოქტომბერს EDU.ARIS.GE-ს მარიამ ვერულიძემ.
ამავე თემაზე:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება