GE

X-XI კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით კონკურსს – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ აცხადებს.

კომისია განმარტავს, რომ კონკურსის მიზანია მოზარდებში მედიაწიგნიერების – კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარება.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – ე.წ. ფეიკნიუსი (Fake News), რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი, უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად კი, მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.

„ნამდვილი თუ მოგონილის“ გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ პრიზებს გადასცემენ.

პირველ ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით „მაკბუქ-პროს“, (MacBook Pro)-ს, მეორე ადგილზე – „აიფონ იქსეს“-ს, (iPhone XS), ხოლო მესამე ადგილზე – „აიფად პრო + ეფლ პენსილს“ (iPad Pro + Apple Pencil) მიიღებს.

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ შემდეგ ბმულზე.დავალების შესრულებისთვის დეტალურ ინფორმაციას ისინი კონკურსის ფეისბუქ გვერდზე: ნამდვილი თუ მოგონილი და კომისიის ვებ-გვერდზე – www.gncc.ge შეძლებენ.

კონკურსში მონაწილეობა მე-10 და მე-11 კლასების ყველა მოსწავლეს შეუძლია.

მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის განმავლობაში ხუთ პროექტს განახორციელებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური