GE

კრედიტ-ქულების სისტემასაც დავტოვებდი და სტატუსის გამოცდასაც ავამოქმედებდი, – რას ურჩევენ პედაგოგები სამინისტროს

განათლების დაანონსებული რეფორმა დაიძრა და სიახლეებს ნელ-ნელა აცნობენ საზოგადოებას. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის თქმით, განათლების სხვადასხვა სფეროს სიახლეები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

მასწავლებლის სქემასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ სქემას სახელი გადაერქმევა და მას მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი დაერქმევა. ასევე კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება და პედაგოგები სტატუსის ამაღლებას გამოცდის საშუალებით შეძლებენ. ესაა ის ცვლილებები, რომლებიც ჯერჯერობით ვიცით. დანარჩენის გაგებას 1-ელ თებერვალს გვპირდებიან.

სანამ მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ სიახლეებს სრულად წარმოადგენენ, მანამდე პედაგოგები აქტიურად განიხილავენ იმას, რაც უკვე ცნობილია და ამბობენ, რომ კარგი იქნება, მათაც თუ მოუსმენს სახელმწიფო, როცა საქმე პედაგოგების პროფესიულ წინსვლას ეხება.

სოციალურ სივრცეში პედაგოგებმა პატარა გამოკითხვაც ჩაატარეს.თქვენთვის რომ ეკითხათ, რა რეკომენდაციებს მისცემდით სამინისტროს?“ – ამ კითხვაზე შემდეგ პასუხებს წერდნენ მასწავლებლები:

„სქემასაც დავტოვებდი და სტატუსის გამოცდასაც ავამოქმედებდი, მასწავლებელმა თვითონ გადაწყვიტოს, რომელი გზით დაწინაურდეს“.

„განათლების მინისტრის ცვლილებებით არ უნდა იცვლებოდეს განათლების რეფორმა“.

„როდესაც ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავ, კი არ უნდა ასაიდუმლოებდე, პირიქით, ჯერ საჯარო განხილვა უნდა მოაწყო, გააცნო მასწავლებელს, ურჩიო, აზრი კითხო, გაითვალისწინო, გაიზიარო და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. რასაც შენ ფიქრობ, მე, მასწავლებელმა უნდა განვახორციელო და როგორ შეიძლება, ეს ჩემს გარეშე გადაწყვიტო. ამ საქმეში თანამონაწილეობა და თანამშრომლობა უპირველესია!“

„კარგი იქნებოდა საათების განაწილებისთვისაც მიექციათ ყურადღება. მარტო ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს“.

„მგონი უმჯობესი იქნება ნებისმიერი ახალი რეფორმის დაწყების პარალელურად მისი მუდმივი მონიტორინგიც მიმდინარეობდეს. ასე უფრო სწრაფად აღმოჩნდება დადებითი და უარყოფითი მხარეები და უფრო სწრაფად მოახდენენ ცვლილებებს. სქემასთან დაკავშირებული მოსაზრებები ჯობდა, ცოტა ადრე გაეთვალისწინათ და დაეხვეწათ, რომ ახლა გასაუქმებელი აღარ გახდებოდა. ყველა მასწავლებელი უნდა ვითარდებოდეს სქემის გარეშეც“.

„დავაწესებდი რეიტინგებს კლასებში საგნობრივად და მასწავლებლის წინსვლას მხოლოდ რეიტინგის მიხედვით მივანიჭებდი. რატომ აბარებს გამოცდას ან იმაღლებს პედაგოგი სტატუსს სხვადასხვა საშუალებით, თუ მისი მოსწავლეები ჩამორჩენილები არიან და წინსვლა არ შეინიშნება მათ აკადემიურ მოსწრებაში?“

„პირველ რიგში, აღჭურვონ კაბინეტები ყველა საჭირო რესურსით. ვფიქრობ, საგნებთან შესაბამისი კაბინეტური სისტემა უკეთესი იქნება. კარგი საკლასო გარემო მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებაში, ასევე გაკვეთილები იქნება უფრო პრაქტიკული სახის და სახალისოც. უმთავრეს პრობლემად მიმაჩნია მრავალრიცხოვანი კლასები. და ბოლოს, ჰქონდეს მასწავლებელს შემოქმედებითი უნარების გამოვლენის პირობები“.

“სასკოლო სახელმძღვანელოებს მივაქცევდი ყურადღებას, სკოლებს თუ მივცემდი არჩევანის უფლებას, იმ წიგნებს მივაწოდებდი, რომელიც აირჩიეს და არა იმ წიგნებს, ვინც გრიფში მეტი ფული გადაიხადა. რის გამოც სკოლა და მოსწავლეები ბიზნესის გამო დაზარალებული გამოდიან. რას ჰგავს სახელმძღვანელოები?“, – აღნიშნავდნენ მასწავლებლები.

EDU.ARIS.GEმ პედაგოგებს იმ სიახლეების შეფასება სთხოვა, რომელიც 18 იანვარს წარმოადგინეს განათლების სამინისტროში. პედაგოგთა ნაწილი დადებითად აფასებს სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების დაწესებას. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ კრედიტ-ქულების დაგროვების პროცესში პედაგოგის წინსვლა თვალსაჩინო იყო და ის ყველაფერს მოსწავლეზე მორგებულად აკეთებდა. ყველა პროცესში, რომელსაც პედაგოგი კრედიტქულების დაგროვებისას აკეთებდა, მოსწავლე იყო ჩართული. ზოგი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა შეფასება მათი მოსწავლეების შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს და კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს სამინისტრო გაითვალისწინებს.

ეკატერინე მაღედანი. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი.

„მე ქართულის მასწავლებელი ვარ. თერთმეტი წელია ვასწავლი სკოლაში. 2010 წელს ჩავაბარე გამოცდები. ვფიქრობ, პროგრამა შესაცვლელია ქართულში. მაგალითად, მერვე კლასელებს ბეზრდებათ პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები, რომლებსაც დასასრული არ უჩანს. მეათე კლასში ჰაგიოგრაფიის შემცირებაც არ იქნება ურიგო…

მასწავლებელს თუ კარგი გარემო და შესაბამისი წიგნები და რესურსები ექნება ყველაფერი კარგად იქნება… და ხელფასიც შესაბამისი უნდა იყოს.

ვფიქრობ, წიგნი, გარემო თუ არ შეიცვალა მარტო სქემის შეცვლა, ან არ შეცვლა ვერ  გვიშველის. მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესში ყველა სქემაზე მნიშვნელოვანია.

მე კი ჩავაბარებ გამოცდას, გავხდები წამყვანი მასწავლებელი, მაგრამ სკოლაში თუ ინფრასტრუქტურა, პროგრამები, რესურსები არ იქნება, როგორ განვახორციელო ჩემი საქმე? ყველაფერს მასწავლებელს ნუ გადავაბრალებთ… მასწავლებლის მიმართ ცუდ განწყობას ვაღვივებთ საზოგადოებაში… ვფიქრობ, ტრენინგები და იქ მიღებული ცოდნა საკმარისია თუ ჩემ მიერ დასახელებული პრობლემები მოგვარდება… და გამოცდაც მისაღებია…“.

ინგლისურის ენის მასწავლებელი.

„მომწონს გამოცდებით სტატუსის ამაღლების პრინციპი. უბრალოდ რჩევა იქნება ჩემი, რომ მომავალში მასწავლებლებს დაგვეკითხონ ზოგჯერ, როცა რაიმე ,,მაგარ” ცვლილებას გაივლებენ გულში.

სამინისტროსთვის მარად რაღაცის მტკიცება რომ გვიწევს, ეს არის სასაცილო. ჩამოყალიბდნენ მაინც და გვითხრან, რა როგორ ვამტკიცოთ. გვატარონ ბატონო ტრენინგებზე, მივესალმები, მაგრამ ნუ მოგვთხოვენ ირეალურ სისულელეებს.

ძველ სქემაში არ მომწონდა ის, რომ ყველას ერთნაირად სთხოვდნენ მუშაობას. ყველას არ შესწევდა უნარი ეკეთებინა ის, რასაც სთხოვდნენ. ,,ციყვი ადის ხეზე, მაგრამ ძაღლს არ შეუძლია“. იყოს გამოცდები მხოლოდ. არაფერს ვისურვებ დამატებით“.

აჭარის მაღალმთიანი რეგიონი, სსიპ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლა. ისტ-ის მასწავლებელი მზია კახაძე.

„როდესაც სქემაში ცვლილებები დაანონსდა, ჩვენ უფრო დადებითი მოლოდინი გვქონდა. გვეგონა ცვლილებები ყველას გაგვახარებდა და არ მოგვიწევდა დაწყებული საქმის შუა გზაში მიტოვება, თუმცა გვპირდებიან, რომ ვისაც დაწყებული გაქვთ დაასრულეთ, ხელი არ შეგეშლებათო, არადა უამრავი გაურკვევლობაა. როგორ მოიქცეს ის პედაგოგი, რომელსაც წამყვანის სტატუსთან მხოლოდ გარე დაკვირვება აშორებს და ეს გარე დაკვირვება აღარ გამოცხადდება სექტემბრიდან?

გასაკვირია, როდესაც აცხადებენ, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემამ დააშორა მასწავლებელი მოსწავლეს, არადა ყველაფერი პირიქით არის. კრედიტები გროვდება სამოდელო გაკვეთილების ჩატარებით, საკლუბო და საწრეო მუშაობით, ინტერაქტიული რესურსების შექმნით, პროექტებით სწავლების დროს, ყველა პროექტის დასასრულს ვქმნით ძალიან ღირებულ პროდუქტს, რომელსაც შესაბამისი კათედრა იყენებს როგორც სასწავლო რესურსს. ყველა კრედიტის დაგროვება მიმართულია მოსწავლის განვითარებისკენ, მათგან დამოუკიდებლად და მათი ჩართულობის გარეშე არც ერთი კრედიტი არ გროვდება და გასაკვირია, რატომ ფიქრობენ, რომ კრედიტქულების დაგროვება და სასკოლო ცხოვრება სხვადასხვა რამეა? არც ერთი აქტივობა არ ყოფილა არაფრის მომცემი, ყველა იყო მნიშვნელოვანი და განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენც, პედაგოგებმა ბევრი რამე ვისწავლეთ და  მოსწავლეები უკანა პლანზე არასოდეს გვყოლია. პირიქით, თუ რაიმეს ვაკეთებდით სქემის ფარგლებში, სწორედ მათ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე იყო მორგებული.

რაც შეეხება დაანონსებულ სიახლეებს, ცუდი იდეა არ არის ყველა სტატუსის შესაბამისი გამოცდის შემოღება, მით უმეტეს, კარგი შეთავაზებაა მათთვის, ვისაც სურს ე. წ. ნახტომით (გამოცდებით) სტატუსის ამაღლება, რადგან პრაქტიკოს პედაგოგს შეუძლია აბაროს იმ სტატუსის შესაბამისი გამოცდა, რომელიც მას სურს და ასე საფეხურებით გავლა თანმიმდევრობით აღარ არის აუცილებელი.

კარგი იქნება თუ ყველა პედაგოგს ჩააყენებენ თანაბარ სიტუაციაში და იმ პედაგოგებს რომლებსაც უკვე აქვთ ან ივნისის ბოლოსთვის მაინც ექნებათ საკმარისი კრედიტქულები, მიეცემათ 2019-2020 სასწავლო წელს გარე დაკვირვების გავლის შესაძლებლობა და ამ გზით შეიცვლიან სტატუსს. პროცესიც  უმტკივნეულოდ დასრულდება და მასწავლებლებსაც აღარ ექნებათ უსამართლობის განცდა.

კარგია, თუ შემდეგშიც  ექნებათ ალტერნატიული გზა წინსვლისთვის, გამოცდების პარალელურად შენარჩუნდება კრედიტქულების დაგროვების სისტემა, რადგან მხოლოდ გამოცდით მასწავლებლის შეფასება არ უნდა ხდებოდეს, გამოცდა ცოდნას ადასტურებს, მოსწავლეებთან სწორი მეთოდებით მუშაობა კი ძალიან ბევრს ნიშნავს და უფრო მაღალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი…“

ამავე თემაზე:

რა ცვლილებები დაიგეგმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში – ყველა დეტალი, რაც ცნობილია

მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს

მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური