ლიკვიდირდება „განათლების საერთაშორისო ცენტრი“, მის ფუნქციებს განათლების სამინისტრო შეასრულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გამოსცა დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის 1-ელი იანვრიდან ლიკვიდაციის თაობაზე.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ უნდა განისაზღვროს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
განათლების სამინისტრო რეორგანიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს – კიდევ რა უქმდება
პრემიერის ამავე დადგენილებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა შემდეგი სამუშაოების შესრულება:
– ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:
– ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;
– ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
– ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
– უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;
გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით.
მთავრობის დადგენილება 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
გადაწყვეტილებას ეხმაურება განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგზის სტიპენდიატი, რომელიც თვლის, რომ ასობით სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების ერთადერთი წყარო წაერთვა.
“ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო. თან, დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტში ფულიც აღარ აქვთ.
ამ ცენტრის (რომლის შექმნაც ღარიბაშვილს მიეწერება), ორგზის სტიპენდიატი ვარ, პირველად საჯარო მოხელეთა კონკურსში გავიმარჯვე და ბრიტანეთში დამიფინანსდა კურსი და მეორე, ორმაგი ხარისხის მაგისტრატურა, იტალიაში.
ასევე, ერთხელ ვიყავი შესარჩევი კომისიის წევრიც, უკვე გამარჯვებულის სტატუსით.
მთავარი მიზეზი, რის გამოც მილანში არ დავრჩი, ცენტრისადმი აღებული ვალდებულება იყო, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში მინიმუმ სამი წელი უნდა გაგეგრძელებინა კარიერა.
ამ ცენტრმა და იქ მომუშავე ადამიანებმა მოახერხეს ბევრი ევროპული ქვეყნის საელჩოს ნდობის მოპოვება. ბოლო რამდენიმე წელი FULLBRIGHT -ის ადმინისტრირებასაც კი ახდენდა.
ასობით სტუდენტს დაფინანსების (ხშირად ერთადერთი) წყარო წაერთვა”, – წერს ლევან ჟორჟოლიანი.
ცოტაოდენი რამ განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ორგანიზაციამ დაარსებიდან, ანუ 2014 წლიდან, ასობით სტიპენდია გასცა და საქართველოს მოქალაქეებს სწავლა 30-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დაუფინანსა. მათმა დიდმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა და ქვეყანაშიც დაბრუნდა. სასტიპენდიო პროგრამებში, რომლებსაც ცენტრი ახორციელებდა არის საერთაშორისო სამაგისტრო, საერთაშორისო სადოქტორო, სახელოვნებო, თუ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. ამათგან ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, ნაწილი კი – საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში, ბენეფიციარები, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან ერთად, გრანტს ერთი პირობით იღებდნენ – თუკი სწავლის დასრულების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და 3 წლის განმავლობაში, თავიანთი სპეციალობით, შესაბამის სფეროში დასაქმდებოდნენ. სტიპენდიატის ვალდებულება შესრულებულად მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში ითვლებოდა.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება