GE

ტარიელ ხარხელაურს და გორის უნივერსიტეტის რექტორს ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორებმა ტრაპიზონში უმასპინძლეს

12 ნოემბერს ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ საქართველოდან საპატიო სტუმრების სტატუსით მიწვეულნი იყვნენ პოეტი ტარიელ ხარხელაური და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

ლიტერატურული ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალს ტრაპოზონის მერმა, ბატონმა მურათ ზორლუოღლუმ უმასპინძლა, რომელმაც ფესტივალის ორგანიზატორთან, ქალბატონ ესმა ალა თურქმენთან ერთად ტარიელ ხარხელაურს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, “პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი ქართველოლოგი, არაერთი ქართული ნაწარმოების თურქულ ენაზე მთარგმნელი პროფ. ჰარუნ ჩიმქე, რომელმაც ფესტივალის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა. ტრაპოზონის მერმა, ბატონმა მურათ ზორლუოღუმ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გიორგი სოსიაშვილს, ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატული ფესტივალის მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით თურქეთის და საქართველოს კულტურული ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით ასეთი აქტივობების განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანია და მსგავს ღონისძიებებს ტრაპიზონის მერიის მხრიდან აუცილებლად ექნება ხელშეწყობა. მან დიდი პატივისცემა გამოხატა ტარიელ ხარხელაურის მიმართ, რომლის სახელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ფესტივალს. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ქართულ დელეგაციას ტრაპიზონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე უმასპინძლეს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გიორგი სოსიაშვილს და ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს მფლობელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მ. ალაადდინ იალჩინქაია შეხვდა. დაიგეგმა საინტერესო აქტივობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტრაპოზონის და გორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ეს იქნება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ლიტერატურული პროექტები და სხვ. დასასრულს, ფაკულტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის თხოვნით საკუთარი ლექსები წაიკითხა ტარიელ ხარხელაურმა.

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საზოგადობა “UTEF”-ის და შავი ზღვის მწერალთა კავშირის ინიციატივით ქ. ტრაპიზონში რიგით მეხუთე ლიტერატურული ფესტივალი მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიხსნა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის: იტალიიდან, ირანიდან, იაპონიიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი საქართველოს და გამოჩენილ ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს მიეძღვნა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური