GE

„მაიმუნი ისაა,  ვინც საქმეს არასერიოზულად ეკიდება“ – აბიტურიენტები ჯეჯელავას განცხადებაზე

განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის აწევის საჭიროებაზე, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ზღვარი იმხელა უნდა იყოს, რომ „მაიმუნებმა“ ვერ შეძლონ მისი დაძლევა.

„სამი წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.

ამ განცხადებამ აბიტურიენტებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მათ განათლების მინისტრს მიმართვის ფორმები და ლექსიკა დაუწუნეს. თუმცა ზოგი იმაში დაეთანხმა მინისტრს, რომ ბარიერმა გამოცდებზე უნდა აიწიოს, რადგან არაა აუცილებელი ყველა სტუდენტი გახდეს და უნივერსიტეტში ისწავლოს.

„ისეთი მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ სკოლაში, უნივერსიტეტში რომ მოხვდნენ, ხელს შეუშლიან, პირველ რიგში, იმ სტუდენტებს, რომლებსაც მართლა სწავლა უნდათ და შემდეგ ლექტორებს, რომლებსაც სწავლების მოტივაციას დაუკარგავენ გართობასა და დროის გაყვანაზე ორიენტირებული მოსწავლეები“ – ამბობს, EDU.ARIS.GE-სთან  მომავალი აბიტურიენტი.

„ეროვნულ გამოცდებში ბარიერის აწევა არის ყველაზე დიდი სისულელე, ჩემი აზრით. ხშირ შემთხვევაში, ცოდნისა და განათლების გარდა, აბიტურიენტებს დაწყნარებული და დამშვიდებული ნერვული სისტემა მოგვეთხოვება.

ეგ ინიციატივა, ალბათ, კიდევ უფრო გაზრდის იმ სტრესს, რომლის გადატანაც უწევს თითოეულ აბიტურიენტს პასუხების გაგებამდე. ხოლო „მაიმუნებს“, როგორც თქვენ უწოდებთ, ბატონო მინისტრო, აწ უკვე სტუდენტთა ნაწილს, ბევრად მეტი გამოწვევები აქვთ ცხოვრებაში, ვიდრე თქვენი  „ნამაიმუნარი“ ბარიერი!“ – ამბობს პირველკურსელი ანასტასია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„მარტო წერითი გამოცდები არაა საკმარისი, იმის დასადგენად, ვინ რამდენად განათლებულია. იმის გასარკვევად, ვინაა მაიმუნი და ვინ არა,  წერით გამოცდასთან ერთად უნდა იყოს ზეპირი გამოცდები.

ბარიერი კი არ უნდა აწიონ, ტესტი უნდა გაართულონ. მაიმუნი კი ის არის, ვინც საქმეს არასერიოზულად ეკიდება. რისი კარგი მაგალითიც, თვითონ განათლების მინისტრია!“, – აღნიშნა პირველკურსელმა ლევანმა ჩვენთან საუბრისას.

„მაიმუნი რომ უწოდა აბიტურიენტებს მინისტრმა, ცოტა არაკორექტულია, მაგრამ ძირითადი იდეა სწორია. ჩემი აზრით, გამოცდებზე ბარიერმა უნდა აიწიოს. მე ბევრს ვიცნობ რომ უნარები „გარტყმით“ ჩაუბარებიათ და კარგადაც ჩაუბარებიათ. ბევრი მცოდნე კი იმ ქულებსაც ვერ იღებს, რამდენსაც  ზოგი „გარტყმით“ წერს. ბარიერი კიდევ უფრო თუ აიწევს, კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ელემენტარულ ცოდნას მოითხოვს, მისი გადალახვა!

ყველა რომ უნივერსიტეტში არ უნდა აბარებდეს, ეს კი სიახლე ნამდვილად არ არის! მაიმუნი, ალბათ, ისე, სიტყვაზე თქვა, მაგრამ ძალიან ცუდად გამოუვიდა. ეტყობა, ვერ მიხვდა, რა თქვა! ზოგადად, განათლების მინისტრი რომ ხარ, უფრო წესიერად უნდა ილაპარაკო, ჩემი აზრით და დაუკვირდე! ათასჯერ გაზომო შენი სიტყვა, სანამ რამეს იტყოდე!“ , – გვითხრა პირველკურსელმა ნინიმ, რომელმაც 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი აიღო.

პირველკურსელი თეონა: ”მაიმუნები” ძალიან ცუდი შედარებაა, ძალიან უხეში, როგორ კონტექსტშიც არ უნდა იყოს ნათქვამი. ბარიერის აწევას ერთის მხრივ ვეთანხმები, რადგან თუკი ბავშვი სწავლობს, მისთვის 21 ქულიანი ბარიერი არაფერია. თუმცა, მეორეს მხრივ, ვინც ვერ ემზადება უსახსრობის გამო, მისთვის ალბათ ეს ინიციატივა მიუღებელი იქნება. სანამ მინისტრი აბიტურიენტებს ”მაიმუნებს” უწოდებდეს, კარგი იქნებოდა განათლების სისტემისათვის გადაეხედა და ენახა თუ რატომ ხდებიან ეს ბავშვები ”მაიმუნები”. სისტემის ბრალი ხომ არაა ეს? იმ სკოლის დამსახურება ხომ არაა, რომელმაც არაფერი გააკეთა მისი ”მაიმუნიდან” ”ადამიანად” გარდაქმნისათვის? უამრავი პედაგოგია, რომელსაც არ აქვს სათანადო  ცოდნა, რომელიც ჩაჭრილია, არასერტიფიცირებულია. უსამართლობაა, როცა სხვა საგნის მასწავლებელი სხვა საგანს ასწავლის მაღალ კლასებში და ამ დროს მინისტრს პრეტენზია აქვს, რომ  ნაკლები ”მაიმუნი” უნდა გახდეს სტუდენტი.

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა

მოამზადეს ცისანა შერგილაშვილმა და თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური