GE

„მარიხუანა, დეკრიმინალიზაციის შემდეგ, მოზარდებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა“ – სკოლის მოსწავლეების აქტივობები

სკოლის მოსწავლეები პრობლემებზე საუბრისას, ერთ-ერთ მწვავე საკითხად მარიხუანას მოხმარებას ასახელებენ და სამოქალაქო განათლების კუთხით აქტივობების დაგეგმვის დროს, ხშირად ირჩევენ აღნიშნულ თემას.

ბავშვების მხრიდან ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენების ერთ-ერთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, რუსთავში დაფიქსირდა. 2 მოსწავლე, 14 წლის გოგონა და 13 წლის ბიჭი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, რომ მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა მოიხმარეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოზარდები რუსთავის #25 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძის განაცხადებით, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი თქმით, 14 წლის გოგომ თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახურიც.

ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს მარიხუანა სკოლის ტერიტორიაზე არ მიუღიათ სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ეს სკოლის პრობლემა არ არის. გასული წლების მანძილზე მედია ხშირად საუბრობდა მოზარდებში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების საგანგაშო რაოდენობაზე. ეს რიცხვი განსაკუთრებულად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა.

„პრობლემის არსებობას არ უარყოფდნენ მთავრობაშიც, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატვით,  2018 წლის სექტემბრიდან 21 წლამდე ასაკის პირებისთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალა, ხოლო პირს, ვინც შემჩნეული იქნება 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დაყოლიებაში, სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამ და სხვა პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ნარკოტიკების პრობლემა მოზარდებში კვლავ აქტუალური რჩება.

იგივეს ფიქრობენ მოსწავლეებიც, რომლებიც სამოქალაქო განათლების აქტივობებში არიან ჩართულები და სამუშაო თემად ხშირად სწორედ მარიხუანას მავნე ზეგავლენას ირჩევენ. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ საქართველოს 230 სკოლაში ხორციელდება, ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და  განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

19 თებერვალს სკოლებმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციია მოაწყევს, სადაც გენდერულ, ეკოლოგიის, კიბერ- დანაშაულის თუ სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ერთ-ერთი თემა სწორედ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და მარიხუანას მავნე ზეგავლენა იყო. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის თემატიკა ჰქონდა არჩეული თბილისის მე-9 საჯარო სკოლას. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, გამოკითხეს სასკოლო საზოგადოება და თემი იმის შესახებ, თვლიდნენ თუ არა ისინი მარიხუანას მოხმარებას საზოგადოებრივ პრობლემად. ამ კვლევისა და შსს–ის მონაცმებზე დაყდრნობით, მათ მოაწყვეს პრეზენტაცია სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის, სადაც მიწვეული იყო სკოლის ექიმიც და მან მარიხუანას მავნე ზემოქმედებაზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს სოციალური ქსელიც შექმნეს ვიდეო რგოლი მოწოდებით „არა მარიხუანას“, მათ ასევე მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები, ჩაატარეს სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში, ნაძალადევის გამგეობის მხარდაჭერით კი მოაწყვეს მარათონული გარბენი.

„ეს არის რეალური პრობლემა, რადგან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა ახალგაზრდებში. 15-16 წელი ისეთი ასაკია, როდესაც მოზარდს უჩნდება მიდრეკილება ნარკოტიკის გასინჯვისკენ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ სცოდნოდათ რა მავნე ზემოქმედება შეიძლება ჰქონოდა მას ადამიანზე. ამასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ ასევე მარათონი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესს გავუწიეთ პოპულარიზაცია. ვერ ვიტყვი, რომ  ჩვენ სკოლაში პრობლემა ასე მწვავედ დგას, უშუალოდ შეხება მომხმარებლებთან არ მქონია, მაგრამ ვიცი რომ მოზარდებში მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება ზოგადად გავრცელებულია და დიდ პრობლემებს ქმნის,“ – განაცხადა თბილისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე მედეა ანციანმა  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„ვიცი, რომ ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბევრი ღონისძიება ტარდება სკოლებში, იგივე მერიის მხრიდან, თბილისის პირველობაში მონაწილეობაც მაქვს მიღებული, ასეთი ღონისძიებები ეფექტურია, მაგრამ, ალბათ, უფრო მასშტაბური მოქმედებებია საჭირო, რადგან პრობლემა ისევ პრობლემად რჩება“, – ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე მაკა მეზურნიშვილი ჩვენთან საუბარში.

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალის თაობა“ პროექტის ხელმძღვანელ მარინა უშვერიძის განცხადებით, აქტივობების დაგეგმვის დროს მოსწავლეები თემატიკას თავად ირჩევენ  და მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური სწორედ მარიხუანას მავნებლობაა.

„საერთოდ მოსწავლეები ჩვენთან თითონ ირჩევენ იმ პრობლემას, რომელზეც მათ თავად აინტერესებთ მუშაობა, ძალიან ხშირად ისინი ირჩევენ მარიხუანას პრობლემას. ფიქრობენ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირდეს მოხმარება. იკვლევენ იმ შედეგებს, რაც დგება მარიხუანას მოხმარების შემდეგ. ხვდებიან შესაბამის სპეციალისტებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, იძიებენ ლიტერატურას ინტერნეტით და სხვადასხვა წყაროების გამოყენებით. შემდეგ უკვე ამ მასალებზე დაყრდნობით თავად აკეთებენ დასკვნებს. ძალიან ხშირად აწყობენ თავიანთი თანატოლებისთვის შეხვედრებს, პრეზენტაციებს, ეს შეხვედრები მოიცავს ფსიქოლოგის და ექიმის მოწვევასაც და ამ პრობლემის თავიდან ბოლომდე გაანალიზებას. მხოლოდ ყურმოკრული ინფორმაციის საფუძველზე არავინ არ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ არაუშავს, მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია. ამ ყველაფერში მთავარი  არის ის, რომ ეს ხდება ბავშვების სურვილით, მათი ინიციატივით, მათი უშუალო მონაწილეობით და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ნაკარნახევი და თავსმოხვეული იდეა“, – ამბობს მარინა უშვერიძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური