GE

მასწავლებელი მისი საქმიანობის შედეგებით შეფასდება – სქემის ახალი მოდელის დათქმა

14 ნოემბერს, განათლების სამინისტროში თბილისის საჯარო სკოლების 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განათლების სამინისტრომ მედიას მხოლოდ ის გვითხრა, რომ “საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ამ კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები”. უწყების გეგმებზე მასწავლებლის კარიერული განვითარების ახალი ხედვის შესახებ საჯაროდაც არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა სქემის შეცვლამდე, ხან იდეის ავტორი მინისტრი თავად იცვლება, ხან მასწავლებელთა ერთ ადგილზე გაყინულ წინსვლის პროცესს ახანგრძლივებენ.

EDU.ARIS.GE-მ საკუთარი წყაროების დახმარებით გაარკვია ძირითადი აქცენტები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალ მოდელში, სადაც საუბარია მასწავლებლის შეფასების პრინციპზე და შემფასებლებზეც.

ძირითადი აქცენტები და მისი განმარტებები ასეთია:

დეცენტრალიზაცია – ადგილობრივ დონეზე გაიზრდება პასუხისმგებლობა (სკოლის რესურსცენტრის დონეზე ფუნქციების განსაზღვრა და შეფასება);

პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა – თეორიული ტესტების ნაცვლად, მეტი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე;

საჭიროებაზე დაფუძნებული წინსვლა – მასწავლებლის კარიერული წინსვლა დაეფუძნება სკოლის/რესურსცენტრის საჭიროებებს;

მრავალმხრივი განვითარება – გაიზრდება მასწავლებლის როლი, როგორც სკოლის, ისე მთლიანად განათლების სისტემის განვითარებაში;

კარიერული წინსვლის მიმართულებები – მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება, კარიერული წინსვლა განახორციეელოს სხვადასხვა მიმართულებით;

ეფექტიანობის შეფასება – მთავარი აქცენტი გაკეთდება საქმიანობის შედეგებზე დაფუძნებულ შეფასებაზე.

რაც შეეხება მასწავლებლის შეფასების მექანიზმს, როგორც ახალი სქემის მოდელით არის განმარტებული, ახალი სქემა ეყრდნობა მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას.

ვინ არიან შემფასებლები

1. სკოლის დონეზე – წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობას ყოველწლიურად აფასებს სკოლაში შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების წესის შესაბამისად.

2. რაიონის დონეზე – მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობას ყოველწლიურად აფასებს რესურსცენტრში შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების წესის შესაბამისად.

ამავე თემაზე:

რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური