GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ფოტო –

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის  მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა გახსნეს.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ფრანგულენოვანი კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები და სტუდენტები. ასევე, დასახელდა 2 ფრანგული ენის პედაგოგი, რომლებმაც მოიგეს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია საფრანგეთში მოკლევადიანი პედაგოგიური სტაჟირებისთვის.

ღონისძიებას საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, დიდიე ლერუა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში, ლუკას ბეგლინგერი და დიპლომატიური მისიების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, მათი მოსწავლეები და სტუდენტები.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას (მათ შორის საქართველოს) აერთიანებს. გაეროს წევრი ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი ფრანგულ ენაზე მეტყველებს, ხუთივე კონტინენტზე კი, 220 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს ფრანგულად. ფრანგულენოვანი მოსახლეობა, გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური