„მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ ვადა კომპეტენციის დასადასტურებლად – საგნის გამოცდა ზაფხულში და ზამთარში ჩატარდება“ – სამინისტროს გადაწყვეტილება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადდა.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ დღეს, 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად, მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის, სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების თანახმად კი, მოქმედ მასწავლებლებს კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა დამატებით მიეცემათ.
უფრო კონკრეტულად კი, გივი მიქანაძის უწყების ინფორმაციით, 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება.
EDU.ARIS.GE განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.
მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.
გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პრიორიტეტულად მიიჩნევს სასწავლო პროცესის ხარისხის თანმიმდევრულ ზრდასა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული სტაბილურობის, ღირსეული შრომითი პირობებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას. მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნებს ემსახურება: მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი დრო და მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად, ხოლო სკოლებს – შესაძლებლობა, მომზადებულად შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს ისე, რომ გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას სასწავლო პროცესის უწყვეტობის რისკი.
სამინისტრო მოუწოდებს მასწავლებლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ გარდამავალი პერიოდი, ისარგებლონ შეთავაზებული საგნობრივი მომზადების შესაძლებლობებით და მომავალი სასწავლო წლისთვის, პროფესიული განვითარების გზით, მოემზადონ გადავადებული მოთხოვნების ამოქმედებისთვის.
პედაგოგთა მხარდამჭერი მექანიზმების დახვეწის პარალელურად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან, გრძელვადიან, სისტემურ სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს არსებული საკადრო საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაძლო დეფიციტების პრევენციულ თუ ინტერვენციულ მართვას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ და უფასოდ სწავლის მიზნით 5 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის პასუხი სწავლის დაფინანსებაზე გაჩენილ კრიტიკას – „ამ ვადაში უნდა დააგროვოს სტუდენტმა კრედიტების მინიმუმ 80%“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო