GE

მასწავლებლის, ლექტორის, სტუდენტის და მოსწავლის წერილი თოვლის ბაბუს – „მინდა, რომ…“

ზოგს სჯერა – ზოგს არ სჯერა მისი არსებობის, ზოგი კი უბრალოდ დგება და წერილს წერს თოვლის ბაბუას. მერე წერილს ოთხად კეცავს ნაძვის ხის ქვეშ დებს ან პირდაპირ ლაპლანდიაში აგზავნის.

ვნახოთ, როგორ წერილებს წერენ ლექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები თოვლის ბაბუას. მათ EDU.ARIS.GE -ს საკუთარი საახალწლო წერილები წააკითხეს.

ცირა ბარბაქაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი

სადღაც წავიკითხე, ერთი მილიონერი წერდა, რომ მას ბავშვობაში არ ჰქონდა ველოსიპედი. მერე გაიზარდა, წარმატებული ბიზნესმენი გახდა, ავტომობილების და მოტოების კოლექციაც შეაგროვა… მაგრამ ასეთ მდგომარეობაშიც კი გულისტკივილით ამბობდა: ახლა კიი, მაგრამ ბავშვობაში ხომ მე არ მქონდა ველოსიპედი…

ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობა ის მდგომარეობაა, საიდანაც არასდროს გადის ადამიანი და ამ დროის ყველა მოვლენა მომავალს აჩრდილივით დაჰყვება.

ახლა კი იმის შესახებ, რაც მინდა, რომ თოვლის ბაბუას ვთხოვო.

ძვირფასო თოვლის ბაბუა, ვიცი, რომ არსებობ და ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია.

ჩემი ოცნება არ არის მატერიალური საგნებით აავსო ადამიანები, არც ის, რომ ზეციდან „პაჩკა-პაჩკა დოლარები ცვიოდეს“… მე ვიცი, რომ ამას ბედნიერება არ მოაქვს… უბრალოდ, კმაყოფილება, ისიც დროებით…

ძვირფასო თოვლის ბაბუა,

მე მინდა, დედებს სიყვარული გაუძლიერო… ისე გაუძლიერო, რომ მათ ვერასდროს გაუშვან ხელი თავის პირმშოებს…

მინდა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში წასასვლელად გამზადებულები, უკან მოაბრუნო და ათქმევინო, რომ უნდოდათ, მაგრამ ვერ გააკეთეს, რადგან შვილებს „ხელს ვერ გაუშვებდნენ“, არ გაამართლებინო თავი ასეთი არგუმენტებით: „აბა, ბავშვებს მშიერებს ხომ არ მოვკლავდი“, „აბა, სწავლის ფულს ვინ გადაიხდიდა“, „აბა, აქ რა უნდა გამეკეთებინა…“, „ოჯახს ასე სჭირდებოდა…“

შენ ხომ იცი, ადამიანებს როგორ აკლიათ სიყვარული…. და ისიც ხომ იცი, რომ ამ სიყვარულის გენერატორი მშობელია… ნუ დააშორებ დედებს და შვილებს… იცი, რამდენი ატირებული დიდი გოგო და დიდი ბიჭი მინახავს, დედა რომ ენატრებათ…? 14 წელი, 12 წელი, 10 წელი, 8 წელი, 4 წელი, 3 წელი….. დედას რომ შვილი არ უნახავს და სკაიპით რომ ადევნებს თვალს, როგორ იზრდება მისი შვილი უდედოდ… აი, მაგ დროს გთხოვ, თოვლის ბაბუა, გაუღვიძო დედობრივი ინსტინქტი და შვილთან გამოაქციო…

გეოგრაფიულად რომ ახლოს არიან, მაგრამ სახლში შვილების არსებობას რომ ვერ გრძნობენ, დრო რომ დაგრჩება, იქნებ ასეთი დედების გულშიც გააღვიძო სიყვარული, კეთილო თოვლის ბაბუა… დედები (და მამები), რომლებსაც ჰგონიათ, რომ შვილებს არაფერს აკლებენ, რაკი მატერიალურად უზრუნველჰყოფენ და სურვილებს უსრულებენ, ავიწყდებათ მთავარი…. და ახლა მათ რომ ჰკითხო, რა არის ეს მთავარი, ვერ გაიხსენებენ და გაახსენე, გთხოვ…

პოეზიის ლექციაზე ერთხელ სტუდენტმა დედისთვის მიწერილი ლექსი-წერილი წაიკითხა…. მთელი ჯგუფი ტიროდა… მეც ვტიროდი… იმ სტუდენტის დედა გარდაცვლილი გვეგონა…. აღმოჩნდა, რომ უცხოეთში სამუშაოდ იყო წასული…

ჩემს ერთ სტუდენტს დედის მომზადებული ჩაი ენატრებოდა მთელი ბავშვობა… მეორემ 12 წლის უნახავი დედა თავად წავიდა და ნახა…. დედა ენატრებათ შვილებს მაშინ, როცა დედები ცოცხლები არიან…. ერთმა სტუდენტმა მითხრა: იქნებ ჩემთვისაც ეკითხა დედაჩემს, მე რა უფრო მერჩია, მატერიალური უზრუნვეყოფა თუ კალთაში თავის ჩადებაო….

ჰკითხე, როგორ ძინავთ დედებს, როდესაც შვილები დღე და ღამ ტირიან და დედა ენატრებათ?

ამ ახალ წელს მინდა ყველა დედა-შვილი ერთმანეთის გვერდით იყოს…. სულიერადაც და ფიზიკურადაც… მხოლოდ დედობის იდეით ვერ იკვებება შვილი… მას უნდა ფიზიკურადაც გვერდით ჰყავდეს დედა…. 3 წლისას, 5 წლისას, 10 წლისას… და უფრო დიდებსაც… დედა უნდა გვერდით, რომ იკვებონ უპირობო სიყვარულით…

მე ბევრი შვილის ცრემლიან ისტორიას ვინახავ და ამიტომ მათი სახელით თავს უფლებას ვაძლევ, ამ ტკივილზე ვილპარაკო…

იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე:

სადღაც წავიკითხე, ერთი მილიონერი წერდა, რომ მას ბავშვობაში არ ჰქონდა ველოსიპედი. მერე გაიზარდა, წარმატებული ბიზნესმენი გახდა, ავტომობილების და მოტოების კოლექციაც შეაგროვა… მაგრამ ასეთ მდგომარეობაშიც კი გულისტკივილით ამბობდა: ახლა კიი, მაგრამ ბავშვობაში ხომ მე არ მქონდა ველოსიპედი…

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ბავშვობაში არ ჰყავდა დედა…. და მერე გამოუჩნდა…

თოვლის ბაბუა, გთხოვ, სანამ დროა… დაუბრუნე დედები შვილებს…

ზაზა სუყაშვილი – მარნეულის  N 2 საჯარო სკოლის პედაგოგი, პოეტი

ძვირფასო თოვლის ბაბუ,

დღეს ვესაუბრებოდი ჩემს მოსწავლეებს საახალწლო სურვილებზე. როგორც ველოდი, ყველა მოსწავლეს სხვადასხვა მოლოდინი აქვს-ზოგს დედის ნახვა სურს, ზოგს თოვლიანი საღამო, ზოგი მთაში მოგზაურობაზე ოცნებობს, ზოგი კი უბრალოდ საახალწლო საჩუქრებს ელოდება. ყველას გულდასმით მოვუსმინე, თან გავიხსენე, რა სურვილები მქონდა მათ ასაკში და როგორ გამართლდა ჩემი მოლოდინები. ბოლოს მეც მკითხეს: მასწავლებელო, თქვენ რას ისურვებდითო?

ამ შეკითხვამ ძალიან დამაფიქრა, რადგან მართლაც საინტერესოა, თუ რა შეიძლება ისურვოს 21-ე საუკუნის ახალგაზრდა მასწავლებელმა, რომელიც ახლა იწყებს  კარიერას საგანმანათლებლო სფეროში და იღებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც მოქალაქის აღზრდა ჰქვია. შესაბამისად, გადავწყვიტე წერილის მოწერა და ვეცდები, მოკლედ ჩამოვწერო ჩემი სურვილები:

პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ყველა პატარა იყოს ჯანმრთელი და აქტიური, რათა სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება მიეცეთ. მინდა, რომ სკოლაში დასაქმდეს ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი, რომელთაც ექნებათ თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებისა და მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივების უნარები.

ჩემი უმთავრესი სურვილი კი არის ის, რომ მოსწავლეები ვაქციოთ მკვლევარებად და გამომგონებლებად. ეს საუკუნე მათ ეკუთვნით და რაც უფრო მეტ შემოქმედებით და კრეატიულ მიდგომას გამოვიყენებთ, მით უფრო გაიზრდება ჩართულობა და ინტერესი შესასწავლი საგნისადმი.

მინდა, რომ ახალ, 2018 წელს მოსწავლეებს უფრო მეტად ვასწავლოთ ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარული, მხარი დავუჭიროთ სკოლების დამეგობრებას და არაფორმალური განათლების წახალისებას. ვასწავლოთ ცხოვრება და მოქალაქეობრივი აზროვნება.

არ გთხოვ, რომ იყოს: ძალადობა, ბულინგი, სიზარმაცე, მოსწავლის ცემის ფაქტები, ბავშვთა შრომა და ნაადრევი ქორწინება.

თოვლის ბაბუ, მინდა, რომ 2018 წელს სკოლა იყოს უფრო მეტად დაცული და უსაფრთხო.

ყველას, დიდს თუ პატარას, მშობელს თუ მასწავლებელს ვულოცავ ახალ წელს!

კეთილი სურვილებით!

სოფი ჩუბინიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

დედამიწა გაიყინა თოვლის კაცო.

დიდი ხანია შენთვის აღარ მომიწერია, თოვლის კაცო. საერთოდ ბოლო დროს იშვიათად ვწერ წერილებს. შენზე ნაწყენი აღარ ვარ.

ქერა გოგონა, ბნელ, ნაძვის ხისგან საგანგებოდ განათებულ ოთახში ტრიალებს და ექსტაზში ჩავარდნილი ორ სიტყვას იმეორებს „იკაროსის ფრთები… იკაროსის ფრთები“… გამიხსენე? იქნებ მეხსიერება გღალატობს. არაუშავს, აქ ადამიანები ერთმანეთსაც ღალატობენ, მერე რა, თუ შენ მეხსიერებამ გიმტყუნა. მე ხომ ათი თუ თხუთმეტი წლის ამბავს გიყვები პატარა გოგონაზე, რომელსაც იკაროსის მითი სულ ახალი წაკითხული ჰქონდა, ნაძვის ხესთან მდგარმა ყურში, რომ გიჩურჩულა ფრთები მაჩუქეო. ფრთები, რომელიც ყველაფერს გაუძლებდა, რომელიც არასოდეს დაიფერფლებოდა. მაშინ მინდოდა მეფრინა, მაშინ შენ  პირველად მომატყუე და მეც დავიჯერე, რომ ოცნებები ასე უბრალოდ არ ხდება. მერე ბევრი დრო გავიდა და მე გავიზარდე. ახლა 21 წლის ვარ, სტატუსით სტუდენტი და ამბიციით ფილოლოგი. საინტერესოა არა?იცი,ზღაპრების აღარ მჯერა. ისიც ვისწავლე, რომ ოცნებები მხოლოდ მაშინ ხდება, თუ თავად იწყებ მათთვის ბრძოლას.

ახლა? ღამეა…ბნელა…ათი თუ თხუთმეტი წლის შემდეგ ისევ ვზივარ ნაძვის ხის შუქით საგანგებოდ განათებულ ოთახში და გწერ…ვიწყებ ასე-სად დაიკარგე თოვლის კაცო?

შენთან ლაპლანდიაში ალბათ ძალიან ცივა, აქ ჩვენც გავიყინეთ, მაგრამ შენ ხომ იცი, ორ გაყინულ ხელს თუ ერთმანეთს დაადებ ვერც კი მიხვდები როგორ გაათბობს ერთს მეორე, მაგრამ იგრძნობ. მე ჩემს გაყინულ ხელს გიწვდი და სიკეთის ბრძოლაში გიწვევ თოვლის კაცო.

იმ პატარა გოგონასთვის მაშინ ფრთები რომ გეჩუქებინა ახლა ხომ წერილის წერა აღარც მომიხდებოდა, მოვფრინდებოდი და პირდაპირ მოგიყვებოდი აქაურ ამბებს. იცი, ჩვენ აქ ერთი ტატო ბიჭი გვყავს, სულ პატარაა, ტკივილმა უკვე დაავაჟკაცა, იქნებ შენზე მოხუციც კია უკვე, ტატო ბიჭმა იცის არ უნდა იტიროს, ტატო ბიჭს ტირილის უფლება არ აქვს, დედა უფრო მეტად ინერვიულებს. ტატომ ისიც იცის, რომ მის ავადმყოფობაზე მეტად მისი ტკივილები აშინებთ. იცის და ჩუმადაა… დედა სულ უყურებს და უნდა მალე ჩაეძინოს, დედას იმედი აქვს, რომ ძი ლში ტატო ბიჭს აღარ ეტკინება. 9 წლის ტატო კი მაინც ფხიზლობს, ძილშიც ფხიზლობს ტატო ბიჭი, იქნებ შენ გელოდება თოვლის კაცო, რომ წართმეული ბავშვობა დაუბრუნო… იცი, მე უკვე გაპატიე მაშინ უფრთებოდ რომ დამტოვე, ტატო ბიჭის მოტყუებას ვეღარ გაპატიებ მოხუცო.

კიდევ მოგიყვე? გუშინ მარიტას დედამ დაურეკა, რომ კიდევ ერთი წელი ვერ დაბრუნდება სამშობლოში, მარიტამ უკვე მეთერთმეტე ცრემლი ჩაყლაპა საახალწლოდ.

კიდევ მოგიყვე, თოვლის კაცო? შენ ხომ მოხუცი ხარ, დაფიქრდი, იქნებ ვერ გაუძლო… ან იქნებ ხურჯინში დარდები გილაგია და საჩუქრებად აქცევ…

მე? ნუთუ ჩემზეც გაინტერესებს თოვლის კაცო, ისევ ისეთი ვარ, როგორც ამბობენ ქერა და სიფრიფანა დავდივარ ქუჩებში და ფიქრებიც ყოველ   ჯერზე ჯიუტად იხლართება ერთმანეთში,

ხომ გითხარი ჩვენთან ძალიან აცივდა-მეთქი… მალე ჩამოდი რა, მოპარე ცეცხლი ოლიმპოს ღმერთებს, ხელები კი არა გული გაგყვეყინა. დანკოს გული დაიფერფლა. დედამიწა ავადაა ცეცხლი ჩამოგვიტანე  და გაგვათბე, თოვლის კაცო!

მარიამ ქეთელაური – თელავის რაიონი, სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლე.

„ძვირფასო თოვლის პაპა…“ -ბავშვობაში ყოველთვის ასე ვიწყებდი წერილს, რომელსაც შემდეგ, მშობლებს ვაძლევდი და მჯეროდა, რომ მათ იცოდნენ, როგორ უნდა მოსულიყო ის შენამდე. დღეს უკვე ვიცი, როგორ უნდა მოგაწვდინო ხმა და გწერ ასე უბრალოდ და მარტივად… თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გთხოვო, რაგდან ყველაფრით ბედნიერი ვარ, ბედნიერება კი შენც კარგად იცი, რომ მხოლოდ ძვირფას ნივთებში არ არის, არც ძვირფას ტანისამოსში და არაფერ ისეთში, რისი ყიდვაც ფულითაა შესაძლებელი… მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ყოველთვის ვისურვებდი… მინდა ისეთივე განწყობით ვხვდებოდე ყოველ ახალ წელს, როგორც ბავშვობაში… მინდა, ისევ ისე მიხაროდეს… მინდა, ისევ ბავშვად ვიქცე ახალი წლის ღამეს. ამიტომ, ძვირფასო სანტა, თუ შეგიძლია მოდი და სიხარული მომიტანე.. ბავშვობა დამიბრუნე ცოტა ხნით მაინც… მოდი და ღამით, როცა ღრმა ძილბურანში გავეხვევი, პარკით რამდენიმე მანდარინი, შოკოლადი და სიყვარული დამიტოვე.“

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური