GE

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს:

2019 წლის საუკეთესო მასწავლებელის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:

  • 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის , გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

რეგისტრაციის ვადა: 23 სექტემბერი 2019 –7 ოქტომბერი 2019

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით (ვიდეო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა – რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება – რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.

ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება – რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).

თ) სამომავლო განვითარების გეგმები – რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

რეგისატრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოები (მაქსიმუმ 5წთ. ხანგრძლივობის, იმ ენაზე რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) გთხოვთ, გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური