GE

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – კიდევ ერთი ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში

„დეკემბრის ბოლოს სამინისტრო გაგვაცნობს ხედვას მასწავლებლის სტატუსთან მიმართებაში, ერთადერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, პედაგოგთა თვითშეფასების კრიტერიუმი [თვითშეფასების კითხვარი] ცალსახად გაუქმდება“, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ექსკლუზიურად EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.

„ვმუშაობთ იმ პოლიტიკაზე, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს, რადგან ამაზე მისი ხელფასია მიბმული. ვფიქრობ, ყველაფერი გამარტივებისკენ წავა. ამჯერად, ერთადერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ისაა, რომ, ცალსახად, გაუქმდება მასწავლებელთა თვითშეფასების კრიტერიუმი, რადგან პედაგოგთა შეფასების ეს ნაწილი სრულიად უშედეგო გამოდგა. ჩვენ გვინდა, რომ მასწავლებლის სქემის სტანდარტი იყოს ისეთი ეფექტური, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის პიროვნულ ზრდას და აკადემიურ წარმატებას. არ გვინდა, რომ მასწავლებელი ასრულებდეს ისეთ სამუშაოს, რომელიც არ აისახება მის ეფექტურობაზე საკლასო ოთახში, გვინდა მეტი ისეთი აქტივობა და რეგულაცია შემოვიღოთ, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს, უფრო ეფექტური გახდეს საკლასო ოთახში, ესაა ჩვენ ამოცანა“, – აცხადებს ბერიკა შუკაკიძე.

როგორც EDU.ARIS.GE-მ დამატებით გაარკვია, მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, როგორც სქემის სავალდებულო შემადგენელი აღარ იარსებებს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახით დარჩება, ანუ მასწავლებელს, რომელსაც მისი შევსების სურვილი ექნება, შეავსებს კიდეც.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს მასწავლებლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, რაც ცნობილი დეკემბრის ბოლოს ან იანვრის პირველ რიცხვებში გახდება.

როგორც ის განმარტავს, პროფესიული განვითარება განათლებაში მუდმივად საჭიროა, რადგან „წარმატებული მასწავლებლის სახელი პითაგორას თეორემა არ არის, რომელსაც ერთხელ აღმოაჩენ და განვითარება აღარ სჭირდება“. მისი თქმით, უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და სკოლამ და მასწავლებელმა მეტი ნდობის მანდატი უნდა მიიღონ.

„პირველი ჩვენი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი იქნება, რომელიც მიიღებს მონაწილეობას დეცენტრალიზაციაში, სკოლებს და მასწავლებლებს მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, უნდა დავეხმაროთ მეთოდოლოგიურად, წახალისებული იქნება ყველა ტიპის წარმატება, რასაც პედაგოგი სისტემაში გამოავლენს“, – აცხადებს ბერიკა შუკაკიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

აქამდე მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის შევსება სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულო იყო. პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა. როგორც ცნობილია, მასწავლებლები მუდმივად წუწუნებდნენ მათი მტკიცებით გადამეტებულ „ფურცლომანიაზე“, რასაც სქემა ითხოვდა.

ამავე თემაზე:

მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი შეიცვალა–რა წერია განახლებულ კითხვარში

რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს? – თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური