GE

„მეზობელ ქვეყანაში ათობით კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ყალბი ისტორია შექმნას“

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს და კავკასიის კვლევითი ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.

პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება და წარსულში არსებული პერიოდული გამოცემების აღდგენა.

კავკასიის კვლევითი ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, პარლამენტის, საპატრიარქოს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმაც. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორ ზვიად გაბისონიას თქმით, საქართველოში ბევრი კვლევითი ინსტიტუცია არსებობს, თუმცა საერთო პრობლემებთან ბრძოლის კუთხით მათ შორის კოორდინაცია არ არსებობს, რაც უნდა გამოსწორდეს.

„ამ მიმართულებით გამოწვევები მართლაც ძალიან დიდია, გაყალბებული ისტორიის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლაა საჭირო, გაზაფხულზე გაცხადდა ის ყალბი ისტორია, რასაც მეცნიერებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს. ამ მიმართულებით პრობლემები მართლა ძალინ ბევრია და გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონობით დოლარი იხარჯება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მუშაობს ათობით კვლევითი ინსტიტუტი ჩვენს წინააღმდეგ იმისთვის, რომ ყალბი ისტორია შეიქმნას. ჩვენ რეალურად ძალიან სუსტი პოზიციები გვაქვს, რომ ვუპასუხოთ, რას ვგულისხმობ: თქვენ იცით, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მარტში რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა ყალბი ისტორიული განცხადება. როგორ შეიძლება ამას ჩვენნაირმა სახელმწიფომ უპასუხოს? რომელსაც ამხელა შესაძლებლობები და რესურსები არ აქვს? რუსთაველის ფონდს ამ მიმართულებით გამოცხადებული აქვს სამი მიზნობრივი კვლევითი პროექტი ესენია: ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი კვლევითი კონკურსი, საზღვრისპირა რეგიონების კვლევითი კონკურსი და იანვარში სტარტს აიღებს კავკასიოლოგიის კვლევითი კონკურსი.

„ბიუჯეტი ამ მიმართულებით არც თუ ისე შთამბეჭდავია, მაგრამ ამ ეტაპისთვის აუცილებელია, რომ ეს დავიწყოთ. გარდა ამისა, 10% გვაქვს გამოყოფილი ბიუჯეტიდან ფუნდამენტური კვლევის მიმართულებით საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების კომპონენტში, მაგრამ ესეც ცოტაა. ძალიან დიდი გამოწვევა გახლავთ სწორედ კოორდინაციის პრობლემა. პრაქტიკულად გვაქვს ყველა კვლევითი ინსტიტუცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, მაგრამ კოორდინაცია ძალიან გვიჭირს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და კვლევით ინსტიტუტებს, რომლებიც უნივერსიტეტებშია. პრაქტიკულად ჩენ ვერ ვახერხებთ კოორდინირებულად ერთიანი პოლიტიკის შექმნას, ერთიანი დაფინანსების მოდელების შექმნას, რაც რუსთაველის ფონდისთვისაც სერიოზული გამოწვევაა“ – განაცხადა ზვიად გაბისონიამ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური