GE

„მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არ წარმოჩნდეს მხოლოდ ნაციონალისტური პერსპექტივით!“

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით, განთლების კოალიციისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის რეკომენდაციები და შენიშვნები დღეს, 8 მარტს, განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გამოაქვეყნა, რომელიც ფიქრობს, რომ გიორგი ამილახვარის უწყების მიერ გამოქვეყნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტი შეურაცხმყოფელია.

„პროცესის კრიტიკა: არასაჯაროობა, არაინკლუზიურობა, მოკლე ვადები უკუკავშირისათვის. ტყუილი, რომ საჯარო განხილვები ეწყობა, რეალურად მხოლოდ უკუკავშირის გაგზავნაა შესაძლებელი. არანაირი განმარტება: დოკუმენტს არ აქვს არანაირი შესავალი და არ ვიცით, რა სიახლეს გვთავაზობს 2004 წლის დოკუმენტთან მიმართებით. დარღვეულია დოკუმენტის სტრუქტურა, ბევრჯერ მეორდება ერთი და იგივე მიზნები და ღირებულებები. დოკუმენტი ვიწრო ნაციონალისტური პერსპექტივიდანაა შედგენილი. მოსწავლე მეორეხარისხოვანია და განიხილება როგორც ობიექტი, მიმღები და არა როგორც სუბიექტი, ინდივიდი, მონაწილე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის არსებულ პოლიტიკასთან, მაგ. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. მიზნების დებულებები არ არის მკაფიოდ ფორმულირებული. დარღვეულია მიზნების განმარტების და აღწერის იერარქია, ერთმანეთში არეულია ღირებულებები და კომპეტენციები. ხშირად, ეს არის სხვადასხვა უნარის, დამოკიდებულების ან ცალკეულ შემთხვევაში ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებების ნაკრები, რომელიც შეუძლებელს ხდის აზრი გამოიტანო თუ რა იგულისხმება ტექსტით. დოკუმენტი წარმოდგენილია სტილისტური, ენობრივი ნორმების დარღვევით“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

EDU.ARIS.GE განათლების კოალიციის ვრცელ ანალიზსა და რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

24 წლის 26 თებერვალს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტი წარმოადგინა და უკუკავშირის მიწოდების ვადად 7 მარტი განსაზღვრა. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ პროექტზე უკუკავშირისათვის განკუთვნილი ვადა საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი თუ სხვა ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის შიდა კონსულტაციებისა და დისკუსიის გასამართად არასაკმარისია. ამის გამო, განათლების კოალიციის მიერ წარმოდგენილი პოზიცია მხოლოდ პრიორიტეტულ, კრიტიკულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. წინამდებარე განცხადება საჯაროა და დადგენილი პროცედურით ასევე გაეგზავნება სამინისტროს.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განსაზღვრავს ზოგადი განათლების პოლიტიკას და წარმოადგენს მისი განხორციელების საფუძველს. შესაბამისად, დოკუმენტის კონცეპტუალურ, შინაარსობრივ და სტილისტურ გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა, აქტიური მონაწილეობისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იქნება საჯარო კონსულტაციების დაგეგმვის დროს.

ვიზიარებთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის განახლების საჭიროებას. პოსტ-პანდემიურ პერიოდში საზოგადოებამ აქტიურად დაიწყო განათლების სისტემის დანიშნულების გადააზრების აუცილებლობაზე საუბარი; კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის შესახებ მსჯელობა სწორედ ამ რეფლექსიის საფუძველი და წარმმართავი გახდეს.

წარმოდგენილი რეკომენდაციები მიუთითებენ იმ საბაზისო და კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია დოკუმენტის ფართო საზოგადოებრივ განხილვამდე გადაიჭრას.

სახელმწიფოს მხრიდან დასმული აქცენტები და განათლების პოლიტიკის ხედვა
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტს არ აქვს შესავალი, რომელიც მკაფიოდ განუმარტავს მკითხველს, თუ რა არის 2004 წლის დოკუმენტის განახლების კრიტერიუმები და კონკრეტულად, მოცემული პროექტის შემუშავების ლოგიკა. აღნიშნული ართულებს დოკუმენტის გააზრებას, შედარებას წინა რედაქციასთან და განმასხვავებელი ასპექტების გამოყოფას.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტში ცალკეული მიზნები და ღირებულებები მეორდება, რაც მითითებულ საკითხებს წარმოაჩენს როგორც დოკუმენტის მთავარ ფოკუსსა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ძირითად აქცენტს, თუმცა დამატებით ღირებულებას არ სძენს მას. კერძოდ, როგორც 12 დეკემბერს მინისტრის მიერ წარდგენილი რეფორმის კონცეფციაში, ასევე სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ საჯარო ინფორმაციასა და თავად დოკუმენტში, ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ დებულებებს:

ვებგვერდზე განთავსებული შესავალი: “ […] რომელიც გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება[..]”; პროექტის შესავალი “საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე[…]” Მიზანი 1:“ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა’’; პროექტის შეჯამება: […]სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე […] დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო”.

მნიშვნელოვანია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არ წარმოჩნდეს მხოლოდ ნაციონალისტური პერსპექტივით. ის უნდა ქმნიდეს მკაფიო ხედვას როგორ დაეხმაროს ზოგადი განათლების სისტემა მოქალაქეებს პიროვნული და სოციალური განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევაში იდეოლოგიური თუ პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად.

შემდეგი მნიშვნელოვანი აქცენტი უკავშირდება განათლების, როგორც პროცესის და მსწავლელის, როგორც ამ პროცესის მონაწილის გააზრებას. კერძოდ, 2004 წლის რედაქცია, ისევე როგორც მოქმედი მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წლებია განამტკიცებს და აქცენტს აკეთებს კონსტრუქტივისტული პედაგოგიკის პრინციპებზე, რაც მსწავლელს ცოდნისა და გამოცდილების შექმნის თანაზიარად მოიაზრებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოცემული პროექტი მსწავლელს წარმოადგენს ცოდნის პასიურ მიმღებად, ცალკეული პროცესების “პროდუქტად’’. მსგავსი მიდგომა ცალსახად ეწინააღმდეგება როგორც განათლების თანამედროვე პარადიგმას, ასევე ეჭვქვეშ აყენებს თავად დოკუმენტის თავსებადობას არსებულ პოლიტიკასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და იმ პედაგოგიურ პროცესებთან, რომელთა განვითარებაც ისედაც გამოწვევებით მიმდინარეობს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია სკოლის როლის გააზრება. კერძოდ, თუ ზგემ-ის 2004 წლის რედაქცია, მოქმედი სტრატეგიული და სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი დოკუმენტები აქცენტს აკეთებენ სკოლაზე, როგორც ღია სისტემაზე, დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, შემოთავაზებულ პროექტში ვხვდებით ჩანაწერს ”საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაზე” – რაც სკოლას “მოქალაქის” აღზრდაზე პასუხისმგებელ ერთადერთ რგოლად წარმოაჩენს.

ერთ-ერთი მოსალოდნელი ცვლილება მოქმედ რედაქციასთან მიმართებით, განათლების სისტემის მართვისა და განვითარების საკვანძო პრინციპების განსაზღვრას ან/და მათი გადახედვას უკავშირდება. თუმცა წარმოდგენილი პროექტი არათუ განახლებული სახით წარმოაჩენს და განმარტავს, რა პრინციპებს უნდა ემყარებოდეს განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, არამედ არც იმეორებს იმ პრინციპებს, რომლებიც დასახელებულია 2004 წლის რედაქციაში, კერძოდ: “[..]საზოგადოებრივი აქტიურობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ეს ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფს მოზარდში ზემოჩამოთვლილ უნარ-ჩვევათა სრულყოფილ განვითარებას. ამიტომ ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა გამოცდები თუ არჩევნები, საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას. სახელმწიფო მიზნად ისახავს ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს აღნიშნული უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას. სახელმწიფო არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას სოციალური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან პოლიტიკური კუთვნილების, ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ სხვა ნიშნების მიხედვით”.

მიზნების სიცხადე და შინაარსი

2004 წლის რედაქციისგან განსხვავებით, წარმოდგენილ კონცეფციაში მიზნების დებულებები არ არის მკაფიოდ ფორმულირებული. თითოეული პუნქტის ფარგლებში დარღვეულია მიზნების განმარტების და აღწერის იერარქია, ისევე როგორც ერთმანეთში არეულია ღირებულებები და კომპეტენციები. მოცემული ფორმულირებები წარმოადგენს არა მკაფიო მიზანს და მის განმარტებას ზოგადი განათლების მიმღების პერსპექტივიდან, არამედ სხვადასხვა უნარის, დამოკიდებულების ან ცალკეულ შემთხვევაში ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებების ნაკრებს, რომელიც შეუძლებელს ხდის ისეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, როგორიცაა: „რა არის ზოგადი განათლების მიზანი და რას გულისხმობს ის საგანმანათლებლო პროცესის დონეზე?!”

მაგალითი 1: მიზანი 7.„ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით, ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება“;

წარმოდგენილი ნიმუშის შემთხვევაში, შეუძლებელია ძირითადი მიზნის იდენტიფიცირება. იგულისხმება ფიზიკური და სხვა ტიპის განვითარების ხელშეწყობა თუ კომუნიკაციის მაღალი კულტურის ჩამოყალიბება. ასევე გაუგებარია, როგორ უკავშირდება დებულების ერთი ნაწილი მეორეს.

მაგალითი 2: მიზანი 4: “ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ[…]’’;

მიზანი 5: “[..]დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა”;

წარმოდგენილ მიზნებში გადაფარულია მსგავსი შინაარსები, ასევე, ჩამონათვალი იმეორებს აქცენტს პიროვნულ განვითარებაზე, მაძიებლობაზე, წიგნიერებაზე და ორივე შემთხვევაში, რთულია მთავარი მიზნის გამოყოფა.

მაგალითი 3: არათანმიმდევრული და დანაწევრებული შინაარსების კიდევ ერთი მაგალითია მიზანი 2.” ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა[..]”;

წარმოდგენილ მიზანში კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება გაერთიანებულია კულტურული მემკვიდრეობის შეცნობასთან, რაც სრულიად განსხვავებული შინაარსისა და მიზნების მატარებელია. თითოეული ცალ-ცალკე, ასევე, დანაწევრებულადაა წარმოდგენილი 1-ელ “[..]საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე[..]’’ და მე-3 მიზანში [..]დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა [..]’.

დოკუმენტის სტრუქტურა და სტილი

დოკუმენტი წარმოდგენილია სტილისტური, ენობრივი ნორმების დარღვევით. რიგ შემთხვევაში, გამოყენებული ტერმინები, ისევე როგორც წინადადებათა წყობა, არ იძლევა შინაარსის გააზრების შესაძლებლობას. შესაბამისად, შინაარსის გადახედვასთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს დებულებათა ფორმულირებას, რათა დოკუმენტი პასუხობდეს აკადემიური თუ პოლიტიკური ტექსტის ენობრივ და სტილისტურ სტანდარტებს.

რეკომენდაციები

  • მომზადდეს და გამოქვეყნდეს დოკუმენტის თვისებრივად გაუმჯობესებული ვერსიის საჯარო განხილვების გეგმა. ფართო საზოგადოების მოზიდვისა და ჩართვის მიზნით დაწესდეს გონივრული ვადები;
  • ჩამოყალიბდეს დოკუმენტის პრეამბულის ტექსტი, რომელშიც აღწერილი იქნება ზგემ-ის განახლების კონცეპტუალური საფუძვლები, მისი დანიშნულება და გამოყენების შესახებ ხედვა;
  • დაზუსტდეს და გაიწეროს ზოგადი განათლების სისტემის მართვის პრინციპები;
  • გადაიხედოს და მკაფიოდ განისაზღვროს თითოეული მიზნის შინაარსი და უზრუნველყოფილ იქნას მისი ჩამოყალიბება და აღწერა მიზნის ფორმულირების წესებისა და სტილის დაცვით.

ამავე თემაზე:

სიმონ ჯანაშია: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის კრიტიკული შეფასება

„პატრიოტული პათოსი ლაიტმოტივად გასდევს, არ არის ნახსენები სიტყვა „ლიბერალური“ – სპეციალისტის დაკვირვებები ზგემ-ის პროექტზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური